ახალი ამბები

“მე წინააღმდეგი ვიყავი საგუშაგოს დადგმაზე” – რა უთხრა გომელაურმა გამოძიებას ჩორჩანას საქმეზე

14 ივნისი, 2025 •
“მე წინააღმდეგი ვიყავი საგუშაგოს დადგმაზე” – რა უთხრა გომელაურმა გამოძიებას ჩორჩანას საქმეზე

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზე იყო. იგი დაიბარეს 2019 წლის საქმეზე, როცა ხაშურში, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ხაზთან შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგუშაგო კოშკი განათავსა. გომელაური ამბობს, რომ ის კოშკის აშენების წინააღმდეგი იყო, რადგან ვარაუდობდა, რომ ამას შესაძლოა ომი მოჰყოლოდა.

გომელაური იმ დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იყო, შინაგან საქმეთა მინისტრი კი – გიორგი გახარია. ის ამბობს, რომ კოშკის აშენების შესახებ გადაწყვეტილება პირადად გიორგი გახარიამ მიიღო ისე, რომ ეს ამბავი არც მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეათანხმა. გომელაურმა თქვა, რომ ბახტაძეს ამის შესახებ თავად უთხრა.

საბოლოოდ, კოშკი მაინც აშენდა და საგუშაგომდე გზაც გაიყვანეს. კითხვაზე, რატომ მისცა ამის უფლება გახარიას სავარაუდოდ მოსალოდნელი საფრთხეების მიუხედავად, გომელაურმა ასე უპასუხა: “რა უნდა გაეკეთებინა უსაფრთხოების სამსახურს?! უნდა მივსულიყავი და ტრაქტორები მომეტაცა?”

“მე, ჩემი უფლებამოსილება რაც იყო, გავაკეთე ის. ახლა, აქ ვერ მოვყვები დეტალებს, რა გავაკეთე. მე თუ რამე ბრალეულობა მიმიძღვის, მე მზად ვარ პასუხი ვაგო. უფლებამოსილება, რაც აქვს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს – ინფორმირება, ეს, ეს, ეს … ყველაფერი გავაკეთე”, – განაცხადა გომელაურმა.

ჟურნალისტებმა მას შეახსენეს, რომ ამ ფაქტის შემდეგ გახარია პრემიერ-მინისტრი გახდა, თავად კი გახარიას გუნდში შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩაიბარა. კითხვაზე, რატომ მუშაობდა იმ ადამიანთან ერთად, ვინც, როგორც თავად ამბობს, ქვეყანა ომის რისკის წინაშე დააყენა, გომელაურმა არ უპასუხა. მან თქვა, რომ “პოლიტიკური საკითხია” და არ ეხება ჩორჩანას საგუშაგოს საქმეს.

გომელაურმა არ უარყო, რომ შესაძლოა გახარია დააკავონ და ამის ერთ-ერთი საფუძველი მისი ჩვენება იქნება. კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ გახარია სისხლის სამართლის დამნაშავეა, გომელაურმა ასე უპასუხა:

“მე ამის უფლება არ მაქვს, ჩავთვალო, ვინმემ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა თუ არ ჩაიდინა. მაგას მიხედავენ სამართალდამცავები. კითხვა დამისვა პროკურატურამ და მე გავეცი პასუხი, სიმართლე, რაც იყო რეალობა. უნდა მოვატყუო პროკურატურა?”.

გომელაურმა არაფერი თქვა გახარიას მოტივებზე. არც იმაზე, ეს მიზანმიმართული ქმედება იყო, თუ დაუდევრობა. მან თქვა, რომ ამაზე თავად გახარიამ უნდა ისაუბროს.

“მე წინააღმდეგი ვიყავი. სამსახურში, არც მე, არც ანალიტიკური დეპარტამენტი, რომელიც ჩართული იყო [მუშაობდა], პირდაპირ, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებაზე, არავინ …  რა თქმა უნდა, ვადასტურებ, რომ კომუნიკაცია გვქონდა ბატონ გახარიასთან. წინააღმდეგი ვიყავით მთელი სამსახური.

ჩვენ დიდი გამოცდილება გვქონდა. იგივე, ოთხოზორიას თემა გვახსოვს ჩვენ ძალიან კარგად, ლამის დაიძაბა იქ [სიტუაცია], უბედურება მოხდა, ეს ადამიანი დაიღუპა და მერე შეიძლება ამას კიდევ უფრო დიდი რამე მოჰყოლოდა – ხალხის დახოცვა. იქაც რა გავაკეთეთ?! პრევენციები გააკეთა მაშინდელმა უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ … ეს გამოცდილებები დაგროვილი გვქონდა. როგორც გორის მიმართულებაზე, სამაჩაბლოზე, ისე დასავლეთში, აფხაზეთის მიმართულებაზე. ძალიან ბევრი პრევენცია ყოფილა მაგისი და საგუშაგო არსად არ დაგვიდგია. მე წინააღმდეგი ვიყავი საგუშაგოს დადგმაზე იქ. შეიძლება სხვა პრევენცია გაკეთებულიყო. აქედან გამომდინარე, ჩვენი გამოცდილებიდან, ჩვენ სხვა რამე ვურჩიეთ.

[…] გადავრჩით, მე ვიტყოდი ასე. მაგრამ საფრთხე, პატარა საფრთხეს გეტყვი – ათობით ჰექტარი ტყე დავკარგეთ, საძოვრები დაკარგა ხალხმა. ჩადით და ჰკითხეთ, რა საფრთხე იყო. ეს იყო ყველაზე პატარა საფრთხე, რაც შეიძლება მოჰყოლოდა [საგუშაგოს დადგმას]. დიდი საფრთხე – შეიძლება, საერთოდ, იმის წინაშე დავმდგარიყავით. ეგეც შეიძლება”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურმა არ გასცა პასუხი კითხვას, მაშინდელ სამთავრობო გუნდში ვინ იყო საგუშაგოს აშენების წინააღმდეგი და ვინ უჭერდა მხარს, რა დონეზე განიხილებოდა საკითხი და მის მიერ დასახელებული რისკების მიუხედავად, რატომ აშენდა საგუშაგო. მან მხოლოდ ის გაიხსენა, რა პასუხი მიიღო გახარიასგან.

“საფრთხეებია დიდი და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთო. ნუ, საფრთხეებია, მიხედეთ თქვენი საქმის თქვენ იცით [მეთქი]. ხელმძღვანელობაა, პრემიერია … უსაფრთხოების ხელმძღვანელი ხომ არ არის ამ ქვეყნის მმართველი, ხომ?! ყველა ჩავაყენოთ საქმის კურსში და მიხედეთ-მეთქი. მერე გადაწყდა … გამოძიების დეტალებში, ალბათ, გამოჩნდება, რაც იყო და როგორც იყო”, – ამბობს გომელაური.

გომელაური პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს გამოძიების ფარგლებში, რომელიც ეხება “საბოტაჟს, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობას, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას”.

უწყებაში ამბობენ, რომ შეისწავლიან “2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედებას”.


ქართული პოლიციის საგუშაგო სოფელ ჩორჩანასთან 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა, მანამდე, 5 თვის განმავლობაში, გაჰყავდათ საგუშაგომდე მიმავალი გზა, რომელიც ჩორჩანის ტყეზე გადის. იმავე კვირების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ძალებმა განათავსეს ბორდერიზაციის სხვადასხვა ნიშნები — მწვანე ბანერები და დროშები — იმავე ტერიტორიაზე. 2019 წლის თებერვალში დაიწყო ოსურმა მხარემ ჩორჩანის ტყეში ხეების მონიშვნა.

ორი თვის წინ, “ქართული ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე, გიორგი გახარიას ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებითაც დაუსვეს კითხვები. კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანი გახარიას ედავებოდა, რომ მან, შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს, თვითნებურად გახსნა საგუშაგო ჩორჩანაში, რამაც ადგილზე ვითარების დაძაბვა გამოიწვია. ამასთან, კომისიის წევრები გახარიას ედავებიან, რომ საგუშაგოს გახსნის გადაწყვეტილება არ იყო შეთანხმებული არც პრემიერთან და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.

გიორგი გახარიამ თქვა, რომ “ყველამ ყველაფერი იცოდა” და გზა ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაჰყავდა. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ტყეში პატრულირებდა საოკუპაციო რეჟიმი, აკავებდნენ საქართველოს მოქალაქეებს და აპირებდნენ საოკუპაციო ხაზის გაფართოებას ახალგამოჩენილი, 1992 წლის ე.წ. რუკებით. გახარიას თქმით, ეს ჩორჩანის ტყის მასივის 1800 ჰექტრის მითვისებას გამოიწვევდა, საგუშაგოს გახსნით კი დაიცვა ეს ტერიტორია.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი