სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კოტე იოსელიანთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი შემაშფოთებელია.
მისი თქმით, ეს რეჟიმისთვის სისუსტის ნიშანი და განაჩენია.
„არ შეიძლება, რომ ყველანი არ ვიყოთ შეშფოთებული იმით, რაც კოტე იოსელიანის შემთხვევაში მოხდა. ეს გატაცება, მუქარა თუ რაც მოხდა, იმიტომ, რომ ადამიანმა 8 წლის წინ გამოთქვა რაღაც მოსაზრება, შეიძლება არაკორექტული, და დღეს ისჯება იმიტომ, რომ ეს ეხებოდა შიშველი მეფის ოჯახს, ეს უკვე არის ამ რეჟიმისთვის განაჩენი.
ეს რეჟიმი ყოველდღიურად გვაჩვენებს, თუ როგორი შეშინებულია, როგორ არამყარად დგას და აღარ იცის, რას მიმართოს, რომ ადამიანები დააშინოს, დაემუქროს და აუკრძალოს არა მხოლოდ ლაპარაკი, არამედ სიტყვების გამოყენება და თუნდაც Faceebook-ის პოსტებზე რაღაცების დაწერა. ეს არის სრული კონტროლის მცდელობა. მე მგონი, უკვე გადავედით ჩრდილოკორეის დონეზე, არ ვიცი, იქაც ამ დონის კონტროლი თუ არის.
ეს მხოლოდ სისუსტის ნიშანი არის. რაც არ უნდა დიქტატორული იყოს. რეჟიმი, რომელსაც აქვს შიდა შემართება და ოდნავ მაინც თავის მოსახლეობის მხარდაჭერა, ასე არ იქცევა და არ სჭირდება, რომ ასე მოიქცეს. ამიტომ ჩვენ უნდა დავგმოთ ეს მოქმედება, მაგრამ ამავე დროს ვიცოდეთ, რომ ეს არის მართლაც მათი განაჩენი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
8 ივნისს „ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ბოდიშს უხდის უტა ივანიშვილს, ბიძინა ივანიშვილის უფროს ვაჟს.
ვიდეოში იოსელიანი ამბობს, რომ “რაღაც გარემოებები შეიქმნა”, რის გამოც იძულებულია ამ ფორმით მოიხადოს ბოდიში უკვე მეორედ, 7 წლის შემდეგ. თუმცა არ განმარტავს, რა გარემოებებზეა საუბარი. 2018 წელს კოტე იოსელიანმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ისაუბრა “ქართული ოცნების” დამფუძნებლის შვილსა და “ქართული ოცნების” იმდროინდელ მაღალჩინოსანს შორის სასიყვარულო ურთიერთობაზე. მან თქვა, რომ ამის შესახებ “ქალაქში ჭორი დადის”. მოგვიანებით მან ბოდიში მოიხადა და მალევე აქტიური პოლიტიკიდან წავიდა.
“ბოდიშს ვიხდი, თუკი არაეთიკურად გამოვიდა და ვინმეს გრძნობებს შევეხე”, – თქვა იოსელიანმა ჯერ კიდევ 2018 წელს.
პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ კოტე იოსელიანი საჯაროდ იშვიათად ჩნდება. მათ შორის, არ არის აქტიური სოციალურ ქსელებში. ფეისბუქზე მისი ბოლო საჯარო პოსტები 2020 წლით თარიღდება. 5 წლის შემდეგ მან პირველად დაპოსტა და სოციალურ ქსელში უტა ივანიშვილისთვის ბოდიშის მოსახდელად ვიდეო ატვირთა.
ვიდეოს გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ.
თავად კოტე იოსელიანის განმარტებით, რაზეც ერთხელ უკვე მოხდილი ჰქონდა ბოდიში სამართლიანად, იმაზე მეორედ ბოდიშის მოხდა არ ყოფილა არანაირი მორალური თუ პრინციპული კომპრომისი.
„რაც მით უმეტეს, რომ განსაზღვრავდა ჩემი შვილების უსაფრთხოებას. რუსული, მდაბიო, მოღალატეობრივი და ანტიქართული რეჟიმი უნდა განადგურდეს და ამაში ისევ იქ ვდგავარ, სადაც ყოველთვის ვიდექი”, – დაწერა იოსელიანმა.