ახალი ამბები

ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სვეტიცხოველში წყალი მეორედ ჩავიდა

15 აპრილი, 2025 •
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, სვეტიცხოველში წყალი მეორედ ჩავიდა

სვეტიცხოვლის ტაძარში ბოლო ერთი თვის განმავლობაში წყალი უკვე მეორედ ჩავიდა.

ამის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

ფაქტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამოეხმაურა, სადაც აღნიშნეს, რომ ფრესკებს საფრთხე არ ემუქრება.

მათივე განცხადებით, სააგენტოს სპეციალისტები გადაუდებელ სამუშაოებს ატარებენ.

“მიმდინარე წლის 22 მარტს, სვეტიცხოველში მოხდა წყლის ინფილტრაცია, რის შემდეგაც დაუყოვნებლივ დაიწყო მუშაობა, კერძოდ: მოეწყო ხარაჩო, ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები, ბიოციდის ხსნარით დამუშავდა ლორფინები და საბურველი, საბურველი ლიქენებისგანაც გაიწმინდა.

ბოლო ეტაპზე იგეგმება სპეციალური ხსნარით ნაპრალების ამოგოზვა, რისთვისაც აუცილებელია, რამდენიმე დღე მშრალი ამინდი იყოს. სამწუხაროდ, მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდა და უხვმა ნალექმა ამ დრომდე შეუძლებელი გახადა პროცესის დასრულება.

შედეგად, დღეს კვლავ დაფიქსირდა იმავე ადგილას წყლის განმეორებითი ინფილტრაცია.
ამ დროისათვის კედლის მხატვრობას საფრთხე არ ემუქრება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ატარებენ გადაუდებელ სამუშაოებს.

მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესების შემდეგ კი დაუყოვნებლივ მოხდება ამ პრობლემის სრულფასოვნად აღმოფხვრა”, – წერია სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი