კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიები მათი ნებართვის გარეშე შენდება.

ამის შესახებ სააგენტომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც გამოცემა Chai Khana-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ლამარიასთან სატრაპეზოს უნებართვოდ აშენებს.

ლამარია და მთელი ზემო სვანეთის რეგიონი იუნესკოს სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობაა.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აცხადებს, საკითხის შესწავლის მიზნით შესაბამის ღონისძიებებს ატარებენ.

„უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს მიერ შესაბამისი ნებართვა გაცემული არ არის.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს.

საკითხის შესწავლის მიზნით, სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

ფოტო: Chai Khana