ბიძინა ივანიშვილის “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ პროკურატურა მისთვის ახალი ბრალის წარდგენას აპირებს. საქმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დაზარალებული ამ შემთხვევაშიც “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილია.
ბაჩიაშვილის შეფასებით, ახალი საქმის დაწყება იმისთვის გახდა საჭირო, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე უპერსპექტივოა. თუმცა ბაჩიაშვილი ასევე ამბობს, რომ მისთვის ახალი გამოგონილი ბრალდებების წარდგენა “უფრო ამძიმებს მის [ბიძინა ივანიშვილის] მდგომარეობას.
“დამიკავშირდა ჩემი საქმის გამომძიებელი და ხვალ, 11:00 საათზე უნდა წამიყენონ ბრალი “მტკვარი ჰესის” საკითხზე. ანუ, ეს საქმე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, იმდენად უპერსპექტივო არის და ივანიშვილის პროკურატურის და სასამართლოს პირობებშიც კი არაფერი არ გამოჩნდა, რომ მათ დასჭირდათ მეორე საქმის დაძვრა. მაგრამ, მე როგორც ვთქვი, უკვე ორი კი არა, 10 საქმე რომ აღძრან, ჩემი პოზიცია არ შეიცვლება.
მტკვარის საქმე კიდევ უფრო ბედკრული არის. რა თქმა უნდა, იქაც არანაირი საბუთი არ არსებობს. უბრალოდ, სიტყვიერად ამბობს ივანიშვილი, რომ პროექტის ბიუჯეტი გაიზარდა და ალბათ, ბაჩიაშვილმა მიითვისა თანხაო. აქ უკვე ინვესტორი ივანიშვილია, მაგრამ ბაჩიაშვილს ედავება თანხის მითვისებას […] ეს უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას. ამას ნებისმიერი დამოუკიდებელი სასამართლო და, მით უმეტეს, სტრასბურგის სასამართლო, ამგვარ ზეწოლას და სასამართლო და სამთავრობო რესურსების ამგვარ გამოყენებას, რასაც ივანიშვილი აკეთებს, ცალსახად მიიღებს მხედველობაში”, – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა “ფორმულას ეთერში.
ბაჩიაშვილმა, ასევე, თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ორი რამეზე “არის შეშლილი” – ფულსა და ძალაუფლებაზე.
რამდენიმე კვირის წინ, იგივე თქვა ივანიშვილთან წარსულში დაახლოებულმა კიდევ ერთმა ადამიანმა, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ.
“ამ ადამიანმა ფულის მოხვეჭას და ფულის დაცვას გადააყოლა ჩვენი ქვეყნის მომავალი”, – თქვა გახარიამ ივანივილ-ბაჩიაშვილის სასამართლო დავის შეფასებისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი, რომელიც 2023 წელს დაიწყო, ცოტა ხნის წინ განახლდა. საქმე ეხება დიდი ოდენობით, კერძოდ, 8 253.13 ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას. აღნიშნული ბიტკოინის ღირებულება, პროკურატურის ცნობით, მითვისების მომენტში 39 215 820 აშშ დოლარს შეადგენდა.
ბაჩიაშვილი ბრალს არ აღიარებს და თავს მიიჩნევს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად. როგორც ის ამბობს, სისხლის სამართლის დევნის დაწყების შემდეგ მის ადვოკატს ივანიშვილის წარმომადგენელმა წერილი მისწერა, სადაც მისგან დიდი ოდენობის თანხის ბიტკოინებს ითხოვდა, რაზეც მან უარი განუცხადა.
ამავე თემაზე: