„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობამ ოპოზიციის სახე აჩვენა.
კობახიძის მტკიცებით, ბაჩიაშვილის საქმეს პოლიტიკასთან კავშირი არ ჰქონდა, ოპოზიცია კი მის პოლიტიზებას ცდილობდა.
„ზოგადად იცით, რომ როცა ხდებოდა კონკრეტული ტიპის დანაშაულების ჩადენა, ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა ამ საქმეების პოლიტიზებას და ასეთი უამრავი საქმე გვახსოვს, იყო ისეთი დანაშაულებრივი საქმეები, რომლებიც საერთოდ არ იყო კავშირში პოლიტიკასთან, თუმცა აქაც კი ახერხებდნენ სპეკულაციებს.
ეს ყველაფერი ამ მაგალითზეც დაადასტურა იმ მოვლენებმა, რომელიც განვითარდა: გიორგი ბაჩიაშვილმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, აანაზღაურა ზიანი, დანარჩენი იყო უკვე, ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოების საქმე. შესაბამისად, დადასტურდა, რომ ამ სპეკულაციებს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი და კიდევ ერთხელ ამითაც აჩვენა საკუთარი სახე რადიკალურმა ოპოზიციამ ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 18 თებერვალს გათავისუფლდა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და სრულად აღიარა დანაშაული ყველა სისხლის სამართლის საქმეზე, რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე და ჯარიმაზე. უწყებაში არ აკონკრეტებენ, რა ოდენობის ზიანი აანაზღაურა ბაჩიაშვილმა.
ბაჩიაშვილის ადვოკატ ლევან მახარაშვილის ინფორმაციით კი, გიორგი ბაჩიაშვილს 1-წლიანი პირობითი მსჯავრი და 50 ათასი ლარის ჯარიმა შეეფარდა. რაც შეეხება შეთანხმებას ბიძინა ივანიშვილთან სამოქალაქო დავის ნაწილში, მისი პირობები კონფიდენციალურია.
ადვოკატის ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდა ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეზე, ისევე როგორც მისი მშობლობის წინააღმდეგ.
ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2025 წლის 10 მარტს დამნაშავედ ცნო კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აღნიშნულ საქმეში გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდა დიდი ოდენობით თანხის მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ორივე მუხლში.
გიორგი ბაჩიაშვილი ასევე ბრალდებულია „მტკვარი ჰესის“ საქმეში. როგორც ბიტკოინების, ისე „მტკვარი ჰესის“ საქმეში მომჩივანი ბიძინა ივანიშვილია.
ბიტკოინების საქმეში პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავებოდნენ, რომ მან დიდი ოდენობით, კერძოდ, თითქმის 40 მლნ დოლარის ღირებულების ბიტკოინები მიითვისა. ბრალის მიხედვით, ბაჩიაშვილმა ბიტკოინები ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადებული ინვესტიციებით შეიძინა, თუმცა მას მოგება არ მისცა. ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილმა თავისი ბანკიდან მას უბრალოდ ფული ასესხა, რომელიც უკან დააბრუნა და ის, რომ ეს სესხი იყო და არა ინვესტიცია, დადასტურებულია აუდიოჩანაწერებით, რომელიც მისი და ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ასახავს.
განაჩენის გამოცხადებიდან მალევე ბიძინა ივანიშვილმა, როგორც დაზარალებულმა, ბაჩიაშვილის წინააღმდეგ სამოქალაქო დავა წამოიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე დაჩქარებულ ვადებში განიხილა და ბაჩიაშვილს ივანიშვილის სასარგებლოდ თითქმის მილიარდი დოლარის ღირებულების ბიტკოინების გადახდა დაეკისრა.
მტკვარი ჰესის საქმეში ბაჩიაშვილს ივანიშვილი და პროკურატურა ედავებიან, რომ არ გაითვალისწინა ჰესის საკითხზე ჩატარებული კვლევები და არაჯეროვნად შეასრულა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობა, რის შედეგადაც მტკვარი ჰესი, რომელშიც მილიონობით დოლარი დაიხარჯა, დღემდე არ არის აშენებული. გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ადვოკატის თანახმად, ბაჩიაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალზე ხანდაზმულობის ვადა გასულია. როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, სადავო ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა და წარდგენილ ბრალზე ხანდაზმულობის ვადა 2020 წელს გავიდა.
მესამე, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბაჩიაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. ბაჩიაშვილმა ქვეყანა 2025 წლის მარტში დატოვა, თუმცა 27 მაისს სუს-მა მისი დაკავების შესახებ განაცხადა. ბაჩიაშვილი ამბობს, რომ გაიტაცეს და საქართველოში „აირზენას” ჩამოიყვანეს თვითმფრინავით, რომლის ბორტზე სუს-ის მაშინდელი უფროსი, ანრი ოხანაშვილიც იყო. 11 ივლისს გლდანის ციხის საკანში ბაჩიაშვილს სცემეს.
გარდა ამისა, დაუსწრებლად ჰქონდა შეფარდებული წინასწარი პატიმრობა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს — მარინა რამაზაშვილსა და ალექსანდრე ბაჩიაშვილს. პროკურატურა მათ ედავებოდა შვილის დახმარებას „უკანონოდ მოპოვებული შემოსავლების ლეგალიზაციაში”.








