თბილისის საქალაქო სასამართლოში ანრი კვარაცხელიას საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
27 წლის კვარაცხელიას პირველ დეკემბერს, რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს პოლიციელებისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან. ის წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. თუმცა, დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დღევანდელ სხდომაზე მხარეები მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიას წინაშე შესავალი სიტყვებით წარდგნენ. პროკურორი როინ ხინთიბიძე ამტკიცებს, რომ კვარაცხელიას ნასროლი მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების წინ აფეთქდა, რამაც საფრთხე შეუქმნა მათ ჯანმრთელობას. მართალია, მომხდარის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა პროკურორი განმარტავს, რომ თავდასხმა თავისთავად უკვე დანაშაულია, მიუხედავად იმისა, არის თუ არა საქმეში დაზარალებული.
პროკურორის თქმით, მხოლოდ ბრალდების მხარეს ჰყავს 10-ზე მეტი მოწმე – პოლიციელები, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, გამომძიებელი, ექსპერტი, რომელმაც კვლევა ჩაატარა. მისი ინფორმაციით, ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ვიდეოში, სადაც ნიღბიანი პირი მოლოტოვს ისვრის, ანრი კვარაცხელიაა.
ექსპერტიზის დასკვნას ეჭვქვეშ აყენებს დაცვის მხარე. ადვოკატ ლაშა ცუცქირიძის განმარტებით, საქმეში ორი ვიდეომტკიცებულებაა. ერთში ნამდვილად ანრი კვარაცხელიაა, ხოლო მეორე არის 8-წამიანი ვიდეო, სადაც ნიღბიანი პირი, რომელსაც სახის არც ერთი ნაკვთი, მათ შორის, არც თვალები არ უჩანს, პოლიციელების მიმართულებით ისვრის საგანს. მისი თქმით, ერთადერთი არგუმენტი, რითაც დაცვის მხარე ამ ორ ვიდეოში გამოსახული ადამიანის იგივეობას ამტკიცებს, არის ტანსაცმლის მსგავსება. მან მოსამართლეს უთხრა, რომ ექსპერტის გამოკითხვის დროს დაარწმუნებს, რომ მის მიერ დაწერილი დასკვნა არალეგიტიმურია.
ამ დასკვნის გარდა, ცუცქირიძის თქმით, საქმეში არ დევს არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება. მათ შორის, არც მოწმე პოლიციელების ჩვენებები, რადგან ვერც ერთი მათგანი ვერ ადასტურებს, რომ პიროვნება, რომელმაც მათი მიმართულებით მოლოტოვი ისროლა, ნამდვილად ანრი კვარაცხელიაა.
მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ თავად კვარაცხელიასაც ჰკითხა, უნდოდა თუ არა რამის თქმა. თუმცა მან კომენტარისგან თავი შეიკავა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისთვის წარდგენილ ბრალს არ აღირებს.
მტკიცებულებების გამოკვლევა, მათ შორის, მოწმეების გამოკითხვა, შემდეგი სხდომიდან – 24 თებერვალს, 15:00 საათზე დაიწყება.
ამავე თემაზე:

მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია