ახალი ამბები

სასამართლომ ანრი კვარაცხელია და საბა ჯიქია პატიმრობაში დატოვა

29 იანვარი, 2025 •
სასამართლომ ანრი კვარაცხელია და საბა ჯიქია პატიმრობაში დატოვა

პროევროპული აქციების მიმდინარეობისას დაკავებულები, 26 წლის ანრი კვარაცხელია და 18 წლის საბა ჯიქია პატიმრობაში რჩებიან.

ანრი კვარაცხელიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. პროკურატურა მას პოლიციელების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კვარაცხელიას 4-სან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის ბრალს არ აღიარებს. სხდომაზე ანრი კვარაცხელიამ სცადა კითხვა დაესვა პროკურორისთვის.

„ბატონო პროკურორო, თქვენ მეუღლე გყავთ?“ — მიმართა მან როინ ხინთიბიძეს.

თუმცა მოსამართლე ნინო თარაშვილმა მას შეაწყვეტინა და განუმარტა, რომ პირადი ხასიათის კითხვის დასმის უფლებას არ მისცემდა. კვარაცხელიამ მოსამართლეს უთხრა, რომ პროკურორისთვის კითხვის დასმამდე უნდოდა ამ ინფორმაციის დაზუსტება, მაგრამ მოსამართლემ ამის უფლება არ მისცა და მიუთითა, რომ ამას საქმესთან და მის მიმართ წარდგენილ ბრალთან შემხებლობა არ ჰქონდა.

სხდომას ესწრებოდა ანრი კვარაცხელიას ცოლი, ნუცა ერემიანი. კვარაცხელიას დაკავების შემდეგ მან „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ პოლიციელების მიერ მათ სახლში შევარდნისა და მისი ქმრის ძალადობრივად დაკავებისგან გამოწვეული სტრესის ფონზე მუცელი მოეშალა და ორსულობა შეუწყდა.

პროკურორმა როინ ხინთიბიძემ განაცხადა, რომ მისი პატიმრობის შემდეგ საქმეში ახალი გარემოება არ გამოვლენილა. რაც, მისი თქმით, იმის საფუძველია, რომ ძალაში დარჩეს წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება ანრი კვარაცხელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ.

ადვოკატმა იამზე ჯღარკავამ სხდომაზე განაცხადა, რომ აღკვეთის ღონისძიების ისეთი მკაცრი ფორმის გამოყენებას, როგორიც პატიმრობაა, სჭირდება წონადი მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურას არ წარუდგენია. ადვოკატი მიუთითებს, რომ პროკურატურის არგუმენტები ზოგადია როგორც მისი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების, ისე ზოგადად, ბრალის წარდგენის შესახებ და ვერ ადასტურებს როგორც ბრალდებულის დანაშაულს, ისე შესაძლო რისკებს მისი გათავისუფლების შემთხვევაში. ადვოკატმა მოსამართლეს შეახსენა, რომ კვარაცხელიას ჰყავს ორი შვილი, ოჯახი, ოჯახს არჩენდა და სთხოვა, მისთვის მიეცა საშუალება, დაჰბრუნებოდა ჩვეულ ცხოვრებას.

ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ მიუთითა, რომ ანრი კვარაცხელიას წინააღმდეგ არცერთი პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. მას ხელს ვერ ადებენ დაზარალებულად ცნობილი პირები, ასევე მოწმეები. ადვოკატის განმარტებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ ვიდეოში ანრი კვარაცხელიას იდენტიფიცირებას არც ექსპერტიზა ახდენს ცალსახად. მისი ინფორმაციით, საქმეში წარმოდგენილი 2 ვიდეოდან ერთში ჩანს კვარაცხელია, მეორეში კი, შავებში ჩასმული, ნიღბიანი პირი, რომელსაც თვალებიც კი არ უჩანს. ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლა სწორედ ამ ვიდეოში ფიქსირდება. ცუცქირიძის განმარტებით, ეს ვიდეოები სხვადასხვა დროსაა გადაღებული და მათ შორის კავშირი არ დგინდება. ადვოკატი ამბობს, რომ ჰაბიტოსკოპიურმა ექსპერტიზამ ამ ორ ვიდეოს შედარების შემდეგ ისე დაადგინა, თითქოს ერთი და იმავე ადამიანი ჩანს, რომ არც კი განიხილა მეორე ვიდეოში გამოსახული ადამიანი, არ აღწერა ის და არგუმენტირებულად ვერ ახსნა, რის საფუძველზე ადგენს ამ ორი პირის იდენტურობას.

გარდა ამისა, ცუცქირიძემ თქვა, რომ როცა პროკურორი საუბრობს პოტენციურად ახალი დანაშაულის ჩადენის რისკზე, არ უნდა უგულებელყოფდეს იმ ფაქტს, რომ კვარაცხელია არ არის ნასამართლევი, არც ადმინისტრაციული სახდელდადებული.

ადვოკატებმა მოითხოვეს ანრი კვარაცხელიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება. თუმცა ალტერნატივის სახით შესთავაზეს 10 000-ლარიანი გირაო. მათ მზაობა გამოთქვეს სხვა ნებისმიერ ფორმის განხილვაზეც, გარდა ყველაზე მკაცრის, პატიმრობისა.

მოსამართლე ნინო თარაშვილმა არ გაითვალისწინა მათი შუამდგომლობა, გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და ბრალდებული პატიმრობაში დატოვა.

ანრი კვარაცხელია 2024 წლის 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში დააკავეს. დაკავებამდე გაჩხრიკეს მისი საცხოვრებელი. სხდომაზე ითქვა, რომ დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში ადვოკატის გარეშე გამოჰკითხეს. ლაშა ცუცქირიძემ განაცხადა, რომ კვარაცხელია ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირებას, რისი საშუალებაც არ მისცეს. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში მისი გამოკითხვა ფსიქოლოგიური ზეწოლის პირობებში მოხდა.

დღესვე, მოსამართლე ლელა კალიჩენკომ პატიმრობაში დატოვა 18 წლის საბა ჯიქია.

პროკურატურა მას ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. გამოძიების ვერსიით, ის თავს დაესხა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს, ბექა გოტიაშვილს. საქმის მასალების მიხედვით, ჯიქიამ მას ფეხი ჩაარტყა.

ინციდენტი 2024 წლის 1 დეკემბერს, ღამის საათებში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

საბა ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

პროკურორმა თამარ იაკობიძემ საბა ჯიქიას პატიმრობაში დატოვება მოითხოვა. ის ამტკიცებდა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მისი რისკი დანაშაულის სიმძიმით ახსნა. იაკობიძის განმარტებით, პატიმრობის გარდა, აღკვეთის ღონისძიების სხვა ვერც ერთი ფორმა ვერ უზრუნველყოფდა ამ რისკის დაზღვევას. ასევე, პროკურორის მტკიცებით, არსებობს მიმალვის საფრთხეც.

საბა ჯიქიას ადვოკატმა, შორენა ძინძიბაძემ განაცხადა, რომ მისთვის წინა სხდომის შემდეგ შემცირდა ყველა ის რისკი, რის გამოც მას პატიმრობა შეუფარდეს. მან განმარტა, რომ ყველა მოწმე, რომელიც უნდა გამოიკითხოს საქმის ფარგლებში, არის გამომძიებელი, ან ექსპერტი, რომელზე ზეწოლა საბა ჯიქიას ფიზიკურად არ შეუძლია. მან მოსამართლეს სთხოვა, აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმა არ გამოეყენებინა, თუმცა ალტერნატივის სახით  შესთავაზა გირაო 5000 ლარის ოდენობით.

მოსამართლე ლელა კალიჩენკო დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას მტკიცებულებათა განადგურებისა და მიმალვის რისკებთან დაკავშირებით. მან განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიების სხვა ვერც ერთი ფორმა, მათ შორის, ვერც გირაო, ამ რისკებს ვერ დააზღვევს.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვამდე მხარეებმა მათ მიერ მოძიებული მტკიცებულებები წარადგინეს. ჯიქიას ადვოკატმა მოითხოვა 25 მოწმის გამოკითხვა საქმის განხილვისას. როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარემ ერთმანეთის მტკიცებულებები სადავოდ ცნო და დაეთანხმა არსებით განხილვაზე მათ გადაცემას.

მასალების გადაბეჭდვის წესი