მამუკა მდინარაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ისინი სიაში ფორმალურად, წესისამებრ იყვნენ, თუმცა პარლამენტს მანდატების დატოვებასთან დაკავშირებით მალე მიმართავენ.
„როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის დასამალი: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები – საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე. ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც წესია, ფორმალურად, ხოლო რეალურად ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. ისინი პარლამენტს ამისთვის ძალიან მალე მიმართავენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცესკოს შედეგების მიხედვით “ოცნებას” პარლამენტში 89 სკამი ერგება. 89 ადამიანში შედიოდნენ ასევე მაკა ბოჭორიშვილი, დავით სონღულაშვილი და ანრი ოხანაშვილი. დღეს, ახალი სამთავრობო კაბინეტის წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იქნება, ანრი ოხანაშვილს, რატი ბრეგაძის ნაცვლად, იუსტიციის მინისტრის პოსტზე წარადგენენ, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილს დავით სონღულაშვილი ოთარ შამუგიას ნაცვლად დაიკავებს.
მას შემდეგ, რაც უფლებამოსილებას შეუჩერებენ მაკა ბოჭორიშვილს, დავით სონღულაშვილს, ანრი ოხანაშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს, ირაკლი კობახიძესა და ბიძინა ივანიშვილს, პარლამენტში მათ ჩაანაცვლებს სიის შემდეგი ექვსი წევრი:
- ლევან მაჭავარიანი,
- არჩილ გორდულაძე,
- სალომე ქურასბედიანი,
- სალომე ჯინჯოლავა,
- თორნიკე ბერეკაშვილი,
- თორნიკე ჭეიშვილი.
არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცესკოს შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. მათი პოზიციაა, რომ არჩევნები გაყალბდა და არ აპირებენ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციაში მონაწილეობის მიღებას.
კონსტიტუციონალისტების განმარტებით, იქამდე, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის სარჩელზე, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.
პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციოში 20 ნოემბერს დარეგისტრირდა, თუმცა გამწესრიგებელი სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.