საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა.
არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
ბათუმში პრეზიდენტის სარჩელი საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა ეკა ბესელიამ დღეს, 19 ნოემბერს შეიტანა.
„ამ სამართლებრივ გზას პრეზიდენტი მიმართავს იმის გამო, რომ უნდა იყოს ყველა სამართლებრივი სივრცე, ყველა სამართლებრივი მექანიზმი გამოყენებული, რათა პრეზიდენტმა მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები დაიცვას.
სარჩელში საუბარია ორი ძირითადი კონსტიტუციური უფლების დარღვევაზე:
პირველი, ეს არის საყოველთაობის დარღვევა, რაც პირველ რიგში გამოიხატა იმაში, რომ ქვეყნის გარეთ მყოფი ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციური უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა არა მხოლოდ შეეზღუდათ, არამედ აეკრძალათ კიდეც და იცით, რომ ათასობით მოქალაქე ვერ იღებდა მონაწილეობას არჩევნებში. ეს არღვევს კონსტიტუციურ უფლებას არჩევნების საყოველთაობის შესახებ, და მეორე ,უმნიშვნელოვანესი პრინციპი, რაც არის კონსტიტუციაში, ეს არის არჩევნებში ხმის ფარულობის დაცვა.
ამ საკითხთან დაკავშირებითაც არის არაერთი დადასტურებული მტკიცებულება, რომ ხმის ფარულობა დაირღვა, რაც კონსტიტუციური სტანდარტის დარღვევაა.
და კიდევ ერთი საკითხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ვიდავებთ იმ ნორმების კონსტიტუციურობაზე, რომელიც პარლამენტის წევრებს აიძულებს, უფლებამოსილების ცნობის პროცედურა გაიარონ და მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ ხდება იმავე ეტაპზე, რა ეტაპზეც გაცხადებულია ნება, რომ ისინი არ იქნებიან პარლამენტში, რომლის შედეგები გაყალბდა“, – განაცხადა დღეს, 19 ნოემბერს ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, საქართველოში არ არის სასამართლოს მიმართ სანდოობა, მაგრამ ეს არის სამართლებრივი გზა და პრეზიდენტი იცავს კონსტიტუციას. ეკა ბესელიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე სასურველია სარჩელი სწრაფად იქნეს განხილული.
პრეზიდენტის სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში ეკა ბესელია წარმოადგენს.
ეკა ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ კონსტიტუციის თანახმად, ახალი პარლამენტის შეკრება მხოლოდ პრეზიდენტის მიერ დანიშნული თარიღით ხდება.
_____________
ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA/PATRICK SEEGER