სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია 22 იანვარს საიამ გაავრცელა.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლომ სამი საჩივარი გააერთიანა. ერთ-ერთი საჩივრის ავტორი, სწორედ საიაა.
საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლისა (თავისუფალი არჩევნების უფლება) და მე-13 მუხლის (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) ფარგლებში მიმდინარეობს.
სასამართლოს თქმით, მოცემულ საქმეს შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიენიჭოს.
დღეს, 23 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, საიას თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა საიას საჩივრის შინაარსის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია თავის წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ:
- ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმებით განხილვის უფლება.
- საია საჩივარში ასევე დავობდა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ბლანკეტური დანაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს.
თამარ ონიანის განცხადებით, საიამ სტრასბურგში საჩივარი 2025 წლის 21 თებერვალს გააგზავნა.
„საზოგადოებისთვის ცნობილია და სტრასბურგის სასამართლოც უსვამს ამ საკითხზე ხაზს კომუნიცირების წერილში, რომ საიამ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ელექტრონული ტექნოლოგიების არასწორი გამოყენებით გამოწვეული ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის თაობაზე საჩივრები წარადგინა.
აღნიშნული საჩივრები შეეხებოდა შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. აღნიშნული მოთხოვნები არც საოლქო საარჩევნო კომისიებმა, შემდგომ კი – სასამართლოებმა არ დააკმაყოფილეს. გამონაკლისი იყო მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა“, – განაცხადა თამარ ონიანმა.
საიას თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს სასამართლოს მიერ დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს პოზიცია:
- რამდენად იყო ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებულ უბნებზე თავისუფალი არჩვენების უფლება დაცული.
- ასევე, დაირღვა თუ არა ფარული კენჭისყრის პრინციპი საპარლამენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ხმის მთვლელი ელექტრონული ტექნოლოგიების ფუნქციონირების წესის გამო.
„ასევე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე საიამ აღმოაჩინა ფარულობის დარღვევის რისკები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად.
2024 წლის 28 სექტემბრის წერილით №01-01/1607 საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი სატესტო ვერსია იყო, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც ფარულობის დაცვას უზრუნველყოფდა“, – განაცხადა თამარ ონიანმა.
თამარ ონიანის განცხადებით, სასამართლო, ზემოხსენებული საკითხების გარდა, ასევე, იმსჯელებს და შეაფასებს, არღვევს თუ არა ხმის მიცემის უფლებას საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა.
სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე პოზიციის წარდგენისათვის სახელმწიფოს ვადა განუსაზღვრა 2026 წლის 15 მაისამდე.
„სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი საჩივრები მცირე დროში მიიღო არსებითად განსახილველად. აღნიშნული ხაზს უსვამს სასამართლოს მხრიდან საქმის პრიორიტეტულობას და იძლევა შესაძლებლობას, საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა და საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც არღვევს კონვენციური უფლებებით დაცულ სფეროს“, – აცხადებს თამარ ონიანი.
რა ვადებში შეიძლება იყოს სტრასბურგის გადაწყვეტილება?
ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი საიას არ აქვს, თუმცა, თამარ ონიანის განცხადებით, ამ საქმის პრეცედენტულობაზე მიუთითებს ევროსასამართლოს კომუნიკაცია, სადაც პირდაპირ არის მითითება, რომ საქმეს შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი მიენიჭოს.
„ეს არ არის ჩვეულებრივი სტატუსი, სასამართლო ამას საგამონაკლისო შემთხვევაში იყენებს, განსაკუთრებით პრიორიტეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რომლებიც, ერთი მხრივ, შეეხება ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა მნიშვნელოვან გამოწვევებს და, ამავდროულა,დ შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ასევე კონვენციის სტანდარტების დაზუსტების მიზნებისთვის“, – აცხადებს თამარ ონიანი.
მისი თქმით, სტრასბურგის სასამართლოს ეგრეთ წოდებული პრიორიტეტიზაციის პოლიტიკა აქვს და კომუნიკაციაში ჩაწერილი ეს სიტყვები თავად მოწმობს, რომ საქმეს განსაკუთრებული ყურადღება აქვს.
„ეს არის მისი ერთ-ერთი შესაძლებლობა, მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ის წყვეტს, რომელი საქმე არის უფრო პრიორიტეტულად განსახილველი, ანუ სად უფრო მეტად იკვეთება საზოგადოებრივად მნიშვნელოვან საკითხებზე მწვავე საჭიროება. აქედან გამომდინარე, უკვე ამ კომუნიკაციაში ჩაწერილი სიტყვები, რომ საქმეს შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი მიენიჭოს, თავად მოწმობს იმას, რომ სტრასბურგს პრიორიტეტიზაციის პოლიტიკით ამ საქმეზე, რა თქმა უნდა, აქვს განსაკუთრებული ყურადღება. მომჩივანს შეუძლია მიუთითოს პრიორიტეტიზაციის პოლიტიკაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, მას არ აქვს ბერკეტი, რომ რაიმე კუთხით ააჩქაროს ეს პროცესი“, – აცხადებს თამარ ონიანი.
რას ამტკიცებს სამთავრობო პროპაგანდა?
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა აქტორებმა და პროსამთავრობო მედიამ დაიწყეს ნარატივის გავრცელება, თითქოს საია „2024 წელშივე ითხოვდა სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას დროებითი ღონისძიების სახით, რაზეც მიიღო სასტიკი უარი“.
სწორედ მსგავსი შინაარსის კითხვები ჰქონდათ პროსამთავრობო მედიის წარმომადგენლებს საიას თავმჯდომარესთანაც.
საიას თავმჯდომარე, თამარ ონიანი უარყოფს, რომ ორგანიზაციამ დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების შეჩერება მოითხოვა. ამასთან, ამბობს, რომ სხვისი საჩივრის შინაარსზე ვერ ისაუბრებს.
„არსებულ საქმეში გაერთიანებული არის სამი საჩივარი. აქედან მხოლოდ ერთი საჩივარი არის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელით წარდგენილი. ჩვენი მხრიდან აღნიშნული მოთხოვნა, ვგულისხმობ დროებითი ღონისძიებას, არ ყოფილა დაყენებული სტრასბურგის სასამართლოს წინაშე“, – აცხადებს თამარ ონიანი.
ამასთან, თამარ ონიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საიამ სტრასბურგში საჩივარი არა 2024 წელს, არამედ 2025 წლის 21 თებერვალს გააგზავნა.
მისი თქმით, როდესაც სასამართლო საჩივრებს აერთიანებს, ეს დამოკიდებული არაა მომჩივნების ნებაზე .
„სასამართლოს ერთი და იმავე, ანუ მსგავსი ტიპის დავებთან დაკავშირებით აქვს შესაძლებლობა გააერთიანოს საჩივრები და უკვე გაერთიანებულად დააკომუნიციროს, ანუ არსებითი განხილვა დაიწყოს გაერთიანებული წესით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ საჩივრებში სამართლებრივი დავის სტრატეგია ყველა მომჩივანს ერთგვაროვანი აქვს. ეს არის უბრალოდ სასამართლოსთვის ერთ-ერთი ტექნიკური მექანიზმი, გადაწყვიტოს ერთი და იმავე საკითხთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები. თუმცა საჩივრებში სამართლებრივი სტრატეგიები შეიძლება იყოს განსხვავებული და მე მოკლებული ვიქნები შესაძლებლობას, სხვის საჩივარზე კომენტარი გავაკეთო იმის გამო, რომ არ ვიცნობ ამ საჩივარს და არ ვყოფილვარ მისი დავის ნაწილი“, – განაცხადა თამარ ონიანმა.








