ახალი ამბები

„თქვენს დედებს დავეცი“, „არ გადამეყაროთ სადმე“ — საქართველოს ელჩი მოქალაქეებს აგინებს

4 ნოემბერი, 2024 •
„თქვენს დედებს დავეცი“, „არ გადამეყაროთ სადმე“ — საქართველოს ელჩი მოქალაქეებს აგინებს

საქართველოს ელჩი ნატოში ვიქტორ დოლიძე სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს აგინებს და ემუქრება.

დიპლომატის დღესთან დაკავშირებით ვიქტორ დოლიძემ სოციალურ ქსელში გააზიარა საგარეო საქმეთა სამინისტროს ქარდი, წარწერით: „გილოცავთ მეგობრებო და კოლეგებო, წარმატებები!“

ამას “ფეისბუქის” მომხმარებლების მხრიდან მოჰყვა კრიტიკა დიპლომატების დუმილის შესახებ და ზოგჯერ შეურაცხმყოფელი კომენტარები. დოლიძეს უწერდნენ, რომ ევროინტეგრაციის გაჩერების ფონზე ქართველ დიპლომატებს საზეიმო არაფერი აქვთ და ისინი ღალატის თანამონაწილე რუსი დიპლომატები არიან.

„ფეისბუქის“ მომხმარებლებს ვიქტორ დოლიძემ ასე უპასუხა: „კი ვიცი რისი ღირსები ხართ, უბრალოდ საკუთარ თავს არ ვაკადრებ თქვენი ავაფმყოფი დედებს დავეცი მე თქვენს ყველას…“ (სტილი დაცულია).

შემდეგ კი ერთ-ერთ კომენტარს უპასუხა: „აი ხმას რომ არ ვიღებთ იმიტომაც გაბლატავდით, მართლა რა! მეტს არაფერს არ ვიტყვი, არ გადამეყაროთ სადმე!“

სქრინშოტები დოლიძის პოსტის კომენტარებიდან

„ნეტგაზეთმა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰკითხა, დაიწყო თუ არა დისციპლინური მოკვლევა ვიქტორ დოლიძის მიმართ. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

დოლიძემ პოსტზე კომენტარები შეზღუდა და კრიტიკული კომენტარების ნაწილი, სავარაუდოდ, წაშალა.

ვიქტორ დოლიძე 2020 წლიდან არის საქართველოს წარმომადგენელი ნატო-ში. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ.

2012 წელს საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა. 2014 წელს ირაკლი ალასანიას გუნდმა, ვიქტორ დოლიძის ჩათვლით, კოალიცია დატოვა და „ქართული ოცნებას” აკრიტიკებდა.

თუმცა 2016 წლის არჩევნების შემდეგ ვიქტორ დოლიძემ დატოვა „თავისუფალი დემოკრატები”, რომელმაც ბარიერი ვერ გადალახა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დაბრუნდა. 2016-2017 წლებში ის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი