ვიქტორ დოლიძე: ქვეყანაში ამაზე ბინძური პერიოდი არ მახსოვს

“მიწის ქვეშ თუ მიწის ზევით – ყველაგან პრობლემებია,”- ასე შეაფასა “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა, ვიქტორ დოლიძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

16 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დოლიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ამაზე რთული და ბინძური პერიოდი არ ახსოვს:

“მე არ ვიცი, რა დაგვეტაკა. მიქის ქვეშ თუ მიწის ზევით – ყველგან პრობლემებია. უნივერსიტეტში პრობლემებია, შახტაში პრობლემებია,  პირად ცხოვრებაში ერევიან, გამოამზეურეს ყველაფერი. ამაზე რთული, ამაზე ბინძური პერიოდი მე ჯერ-ჯერობით ამ  ქვეყანაში არ მახსოვს. არ მგონია, რომ ხელისუფლებას ეს აწყობდეს. პირიქით, ყველაზე დიდი ზიანი ხელისუფლებას მიადგა,  მაგრამ ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს თავიდან ბოლომდე, ვისი ინტერესები იყო. მოტივაცია რა იყო და დამკვეთიც უნდა გამოიძიოს, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ეს. ”

დეპუტატის თქმით, “რომელ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზეა საუბარი, როცა ასეთ გარემოში ცხოვრობს ქვეყანა”:

“დავანახოთ ცივილურ სამყაროს, რომ ჩვენც ცივილური ვართ და არ დავრჩენილვართ იმ 90-იან წლებში,”- აღნიშნავს დოლიძე.

11 მარტს გავრცელდა სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი. 14 მარტს კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან ერთად შეიცავდა მუქარას და შანტაჟს კონკრეტული პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტებისადმი, რომ თუ ისინი 31 მარტამდე არ დატოვებდნენ თანამდებობებს, მათი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიც გავრცელდება. ამ საქმეებს პროკურატურა იძიებს, რომელმაც დახმარებისთვის აშშ-ს მიმართა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.