ახალი ამბები

ვიქტორ დოლიძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებში ინიშნება ელჩად

12 დეკემბერი, 2017 • 2241
ვიქტორ დოლიძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებში ინიშნება ელჩად

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დასანიშნად ვიქტორ დოლიძის კანდიდატურა წარადგინა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ხელი მოაწერა მთავრობის განკარგულებას აღნიშნული კანდიდატურის საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისთვის წარდგენის თაობაზე. დღეს ელჩის კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.

ვიქტორ დოლიძე 2016 წლიდან  დღემდე არის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.  იგი  გახლავთ კარიერული დიპლომატი და 2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.  2012 წელს ვიქტორ დოლიძე გახდა  საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, სხვადასხვა დროს ეკავა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის,  ავსტრიასა და საბერძნეთის რესპუბლიკასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციები. პოლიტიკურ მოღვაწეობამდე ვიქტორ დოლიძე ეწეოდა აქტიურ დიპლომატიურ საქმიანობას. 2005-2009 წლებში გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლი ეუთოსა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.  სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ.  2004-2005 წლებში ასევე გახლდათ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი