ახალი ამბები

ყოფილი ელჩი ნატოში ლევან დოლიძე გახარიას გუნდს უერთდება

28 მაისი, 2021 • 3491
ყოფილი ელჩი ნატოში ლევან დოლიძე გახარიას გუნდს უერთდება

ნატო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.

„ერთმნიშვნელოვნად ვადასტურებ ჩემს გადაწყვეტილებას, გვერდში დავუდგე გიორგი გახარიას“, — განაცხადა ლევან დოლიძემ 28 მაისს ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ის, თუ როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა, დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაიგებთ“, – განაცხადა მან.

„მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით ამ ქვეყანაში ნამდვილად ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი ფოკუსირდეს არა რადიკალიზმსა და აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს“, – განაცხადა დოლიძემ ექსპო-ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში, გახარიას პარტიის პრეზენტაციისთვის შერჩეულ სივრცეში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

ლევან დოლიძე უშიშროების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის“ (GCSD-ის) დამფუძნებელი, ყოფილი დირექტორი და გამგეობის ყოფილი თავმჯდომარეა.

ნატოში საქართველოს ელჩის პოზიციას ის 2013-2014 წლებში იკავებდა, სანამ „თავისუფალი დემოკრატები” იმყოფებოდნენ  „ქართული ოცნების“ კოალიციაში. თავისუფალმა დემოკრატებმა 2014 წელს დატოვეს კოალიცია თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების სკანდალის, ე.წ. „კაბელების საქმის“ შემდეგ. 2012 წელს დოლიძე თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას მოადგილე იყო.

ლევან დოლიძე არის პოლიტიკოს ვიქტორ დოლიძის ძმა. ვიქტორ დოლიძე „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი იყო, თუმცა პარტიების დაპირისპირების შემდეგ, ჯერ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, შემდეგ კი დიპლომატიურ მისიებში გააგრძელა საქმიანობა. 2017 წლიდან ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო, 2020 წლიდან კი ნატოში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობას იკავებს.

გახარიას გუნდთან შეერთების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ლევან დოლიძის დაფუძნებული ორგანიზაციის, GCSD-ის უკვე ყოფილმა დირექტორმა, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა გიორგი გოგუაძემაც.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2021 წლის თებერვალში დატოვა „ქართული ოცნების“ და მთავრობის სხვა ლიდერებთან შეუთანხმებლობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ ნიკა მელიას დაკავების საკითხთან დაკავშირებით.

გახარიას პოლიტიკური პარტიის ოფიციალური დაფუძნება 29 მაისსაა დაანონსებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი