ახალი ამბები

ლანა ღოღობერიძე: გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია, ქუჩაში დგომით, მშვიდობიანი პროტესტით

1 ნოემბერი, 2024 •
ლანა ღოღობერიძე: გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია, ქუჩაში დგომით, მშვიდობიანი პროტესტით

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ამბობს, რომ გაყალბებულმა არჩევნებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გააჩერა. ამის შესახებ მანდ ფეისბუკზე დაწერა.

ლანა ღოღობერიძის აზრით,  დღეს ზედაპირზე დევს რამდენიმე უტყუარი ჭეშმარიტება:

“საქართველოს ნორმალური მომავალი ევროინტეგრაციას უკავშირდება. ამის ალტერნატივა ბნელ წარსულში – შენიღბულ საბჭოთა კავშირში დაბრუნებაა. დღეს ამ პროცესს დიდი დარტყმა მიადგა, ტყუილია, რომ ევროინტეგრაცია გრძელდება. ევროსტრუქტურების ყველა პასუხისმგებელი პირი გვეუბნება, რომ ის შეჩერებულია – მას ბოლო ლახვარი გაყალბებულმა არჩევნებმა ჩასცხო.

ლოზუნგს „ომი გინდა’’ ერთადერთი პასუხი აქვს: სწორედ ომი რომ არ გვინდა, იმიტომაც ვირჩევთ ევროპას, რომელიც რეალურად არის მშვიდობის გარანტი, – ევროკავშირის დაარსების დღიდან მის ტერიტორიაზე არცერთი ომი არ ყოფილა, ამ კონტინენტზე ომის გამჩაღებელი მხოლოდ რუსეთია.

თუ საბოლოოდ მოვწყდებით ევროინტეგრაციის გზას, გველოდება სრული იზოლაცია, რაც ჩვენნაირი პატარა და მწირი რესურსების მქონე ქვეყნისთვის გაღატაკების ტოლფასია”, – აღნიშნავს ის.

მისივე თქმით, ათეული წლების მანძილზე ღრმად იყო დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს სვლა ევროპისკენ ისტორიული კანონზომიერებით არის განპირობებული და ამდენად, აბსოლუტურად შეუქცევადია. კინორეჟისორის აზრით, საპირისპირო შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები განწირული არიან:

“ისინი განწირული არიან იმისათვის, რომ ჩემ მსგავსად, მთელი ცხოვრება საბჭოთა კავშირის მსგავს ქვეყანაში იცხოვრონ. უუფლებოდ, დამცირებულად. როგორც მეორეხარისხოვანი, რუსეთის ქუსლქვეშ მყოფი სახელმწიფოს შვილებს შეეფერებათ”, – ამბობს ღოღობერიძე და აღნიშნავს, რომ  ეს მაშინ, როცა  ევროკავშირი  თავისი კეთილდღეობით, მშვიდობით, უსაფრთხოებით და  თანასწორობით ერთი ხელის გაწვდენაზეა.

კინორეჟისორი მიიჩნევს, რომ ხალხი და ჩვენი ქვეყანა იმსახურებს გახდეს ევროკავშირის წევრი და ამისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, მათ შორის ქუჩის პროტესტით:

“მთავარია – არ დავყაროთ ფარ-ხმალი. გავაკეთოთ, ვისაც რა შეგვიძლია. ქუჩაში დგომით, მშვიდობიანი პროტესტით – რისი დიდი კულტურა გამოვამჟღავნეთ ამ ბოლო ხანს, სიტყვით, ცვალებადი სიტუაციის ანალიზით და საერთო გეგმის შემუშავებით.
და რაც ყველაფრის თავი და თავია: ერთმანეთისადმი ნდობით და ურყევი რწმენით- ჩვენ გავიმარჯვებთ.”


სამმა ოპოზიციურმა გაერთიანებამ [„ძლიერი საქართველო“, „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“] 4 ნოემბერს, 19 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დააანონსა.

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.

სამოქალაქო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭისყრა მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე, ძირითადად უთანასწორო, ძალადობრივ და დაძაბულ გარემოში წარიმართა, ამომრჩევლის ნებას არ ასახავს და ითხოვენ შედეგების გაბათილებას.

ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) სადამკვირვებლო მისია საუბრობს საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევის რისკებზე, ასევე სხვა ტიპის დარღვევებზე. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ აღწერილი დარღვევების ნაწილი ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული, ნაწილი კი, დაინტერესებული მხარეების მიერ პროცესში უხეშად ჩარევის მცდელობებთან.

აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ არჩევნების შედეგებს და დარღვევების გამოძიების საჭიროებაზე საუბრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი