ახალი ამბები

ლანა ღოღობერიძე: ამ [ევროკავშირის] დროშას არ დავუშვებთ

10 აპრილი, 2024 • 998
ლანა ღოღობერიძე: ამ [ევროკავშირის] დროშას არ დავუშვებთ

რეჟისორი ლანა ღოღობერიძე ეხმაურება საქართველოს პარლამენტში „რუსული კანონის“ ხელახალ წარდგენას.

„ამ კანონის მიღების მცდელობა ერთხელ უკვე იყო. მის ახლად მიღებას არ დავუშვებთ“, — წერს ღოღობერიძე.

მისი თქმით, კანონპროექტი ეჭვქვეშ აყენებს არა ქვეყნის რეალურ მტერ რუსეთს, არამედ მეგობრებს — ევროპას და შეერთებულ შტატებს, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობის განმავლობაში სრულიად გამჭვირვალედ აფინანსებენ ხალხისთვის სასარგებლო უამრავ პროგრამას.

„ეს ყველაფერი ერთი წლის წინ უკვე გამოვიარეთ. იმ დროიდან საქართველოს ისტორიაში დარჩა გამარჯვების უმშვენიერესი ხატი: ქალი ევროპის დროშით ხელში, წყლის ჭავლის ქვეშ, და დროშა ფრიალებს! ამ დროშას არ დავუშვებთ — ეს ქართველი ხალხის ნებაა“, — წერს ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში.

მმართველმა პარტიამ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტს ისევ აბრუნებს. „ქართული ოცნების” მიერ 3 აპრილს დარეგისტრირებულ კანონპროექტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, გასულ წელს „ხალხის ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავებით, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ ჩანაცვლებულია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა, აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ჩათვლით, შეშფოთება გამოთქვეს საქართველოს ხელისუფლების მიერ შარშან „უპირობოდ“ გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიციირების გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი