ახალი ამბები

მინისტრის აზრით, Concentrix, რომელშიც საგამოძიებო შევიდა, არალეგალურ საქმიანობას არ ეწევა

24 ოქტომბერი, 2024 •
მინისტრის აზრით, Concentrix, რომელშიც საგამოძიებო შევიდა, არალეგალურ საქმიანობას არ ეწევა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ Concentrix Georgia, რომელშიც დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა, ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სექტორში საქმიანობს.

დავითაშვილის აზრით, გაირკვევა რომ ეს კომპანია არალეგალურ საქმიანობას არ ეწევა.

„Concentrix არის კომპანია, რომელიც მოღვაწეობს BPO (business process outsourcing) სექტორში. „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში გვქონდა შესწავლილი BPO სექტორი. ჩავთვალეთ, რომ ეს იყო დასაქმების კარგი წყარო და მოვახერხეთ ქვეყანაში ავტორიტეტული საერთაშორისო BPO კომპანიების შემოყვანა, რომლებმაც დასაქმებას ხელი შეუწყო. თუმცა, მეორე მხრივ, ასევე აქტუალურია ე.წ. დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან ბრძოლა, რასაც სამართალდამცავები აწარმოებენ იმისთვის, რომ ასეთი კრიმინალური საქმიანობა ქვეყანაში არ არსებობდეს. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაში გაირკვევა, რომ ეს არის კომპანია, რომელიც აკეთებს ღირებულ BPO ბიზნესს და ეს არ არის არალეგალური საქმიანობა“, — განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, სამართალდამცავების პრეროგატივაა, რომ გაარკვიონ, რა ხდება Concentrix Georgia-სთან დაკავშირებით.

„იგივე შემიძლია გითხრათ, სხვა ორგანიზაციებშიც თუ ასეთი ტიპის შემოწმებები ხორციელდება. დეტალური ინფორმაცია არ გამაჩნია“, — თქვა ვიცე-პრემიერმა.

24 ოქტომბრის დილით, თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.

Concentrix ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიაა, რომელიც კონსულტაციებს უწევს მსხვილ ბრენდებს 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის booking.com-ს.

დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებშიც შევიდა გასაჩხრეკად. სოფო გელავას თქმით, სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე, მათ შორის ფულის გათეთრების მუხლით „ატლანტიკური საბჭოს“ კონტრაქტორ HR კომპანიასთან დაკავშირებით.

უწყებამ სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა ქუთაისში, ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლშიც. ტყეშელაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირში სდებენ ბრალს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ჩხრეკა სამ სავარაუდო „ქოლცენტრში” ჩაატარა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი