ატლანტიკური საბჭოს (Atlantic Council) თანამშრომლის, სოფო გელავას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გელავას ქმარი, პოლიტიკური პარტია “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი იუწყება.
“ჩემთან სახლში მიმდინარეობს ჩხრეკა – ამოღება. მიაქვთ ოჯახიდან ყველა დივაისი. ბავშვის ლეპტოპიც. ჩემიც. საფუძველი – Atlantic Council-თან დაკავშირებით რაღაც გამოძიება მიმდინარეობს, რომლის თანამშრომელიც სოფოა”, – წერს გიორგი ნონიაშვილი.
ნეტგაზეთის ინფორმაციით, ჩხრეკა მიმდინარეობს Atlantic Council-ის მეორე თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილის სახლშიც.
ნეტგაზეთი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ცდილობს დაზუსტებას, რის გამო მიმდინარეობს გამოძიება და ჩხრეკა.
ატლანტიკური საბჭო ცნობილი ამერიკული კვლევითი ცენტრია (Think Tank), რომელიც 1961 წელს არის დაფუძნებული. სოფო გელავაც და ეთო ბუზიაშვილიც რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მხილების მიმართულებით მუშაობენ.