ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური ირწმუნება, რომ ჩხრეკა სავარაუდო „ქოლცენტრების” საქმიანობას უკავშირდება

24 ოქტომბერი, 2024 •
საგამოძიებო სამსახური ირწმუნება, რომ ჩხრეკა სავარაუდო „ქოლცენტრების” საქმიანობას უკავშირდება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ჩხრეკა სამ სავარაუდო „ქოლცენტრში” ჩაატარა.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მიღებული ოპარატიული ინფორმაციის შესაბამისად, სამ სავარაუდო ე.წ. ქოლცენტრში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა მითითებული ობიექტები. მიღებული ინფორმაციით, ქოლცენტრების საქმიანობა დაკავშირებულია იმავე სახის დანაშაულთან, რა დანაშაულზეც აღნიშნული გამოძიება მიმდინარეობს და საქმე გვაქვს გაცილებით დიდი მასშტაბის ფინანსებთან“, — ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, ობიექტებზე დასაქმებულ პირთა ნაწილი, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, დაკავშირებულია წინა პერიოდებში გამოვლენილ ანალოგიური სახის დანაშაულებრივ ქოლცენტრებთან.

„ადგილზე მისულმა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის შემცველი სხვადასხვა სახის ტექნიკა, მოწყობილობები და დოკუმენტაცია, რაც ამოღებულ იქნა სათანადო წესით.
საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო სამსახური პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, — ნათქვამია განცხადებაში.


დღეს, 24 ოქტომბერს, დილით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამერიკული „ატლანტიკური საბჭოს“ ორი ქართველი თანამშრომლის, სოფო გელავას და ეთო ბუზიაშვილის სახლებში შევიდა გასაჩხრეკად. სოფო გელავას თქმით, სამართალდამცველებმა მას უთხრეს, რომ გამოძიება მიმდინარეობს რამდენიმე, მათ შორის ფულის გათეთრების მუხლით „ატლანტიკური საბჭოს“ კონტრაქტორ HR კომპანიასთან დაკავშირებით.

ჩხრეკა ასევე მიმდინარეობდა თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში. Concentrix ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიაა, რომელიც კონსულტაციებს უწევს მსხვილ ბრენდებს 70-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის booking.com -ს .

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ჩხრეკა ჩაატარა ქუთაისში, ბიზნესმენ ვალერი ტყეშელაშვილის სახლშიც.  ტყეშელაშვილის თქმით, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრებთან კავშირში სდებენ ბრალს.

მასალების გადაბეჭდვის წესი