სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა მოხალისე დამკვირვებელთა რაოდენობა.
საუბარია უწყების უფროსის, რაჟდენ კუპრაშვილის 24 სექტემბრით დათარიღებულ ბრძანებაზე, რომლითაც კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაცია, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.
მართალია, ბრძანების ძალაში შესვლიდან ერთ კვირაში, პირველ ოქტომბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კუპრაშვილს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბიუროს ნაბიჯმა მოქალაქეებს საარჩევნო ხმების დაცვის მოტივაცია გაუზარდა.
მოხალისე დამკვირვებლების რეგისტრაცია სხვადასხვა სივრცეში ხდება – როგორც ელექტორნულად, ისე პირისპირ შეხვედრებზე, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. მონაცემები პერიოდულად მუშაოვდება. ბოლო ანგარიში კოალიციამ 30 სექტემბერს წარადგინა. იმ დროისთვის დამკვირვებლად, ჯამში, 1820 მოქალაქე იყო რეგისტრირებული.
კოალიციაში ამბობენ, რომ სადამკვირვებლო მისიას ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ადამიანი ემატება. მათ შორის არიან მოხალისეები როგორც საქართველოს ყველა რეგიონიდან, ისე ევროპის ქვეყნებში მცხოვრები მოქალაქეები. რეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ყოველკვირეულად განახლდება.
“ჩემი ხმა” არის 30 სამოქალაქო ორგანიზაციის ერთობლივი სადამკვირვებლო მისია, რომლის მიზანია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების დაცვა. ასევე, ამომრჩევლის ინფორმირება და თანამშრომლობა სხვა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო მისიებთან. მისიის ფარგლებში იგეგმება დაკვირვება საქართველოში გახსნილ 3030-ვე უბანზე. ასევე, ევროპის ქალაქებში გახსნილ უბნებზე.
“ყველა დამკვირვებელი გაივლის სპეციალურ ტრენინგს, სადაც მიიღებს თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, როგორ აღმოაჩინოს დარღვევები და უზრუნველყოს არჩევნების გაყალბების პრევენცია. ამ მიზნით უკვე გადამზადებულია 60 ტრენერი, რომლებიც დამკვირვებელთა გადამზადებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ”, – აცხადებენ კოალიციაში.
მოხალისე დამკვირვებლებად რეგისტრაციისთვის ორგანიზაციები პერიოდულად ატარებენ შეხვედრებს საჯარო სივრცეებში და პირადად აცნობენ მისიის მიზნებს მოქალაქეებს. მოხალისედ რეგისტრაცია შესაძლებელია ელექტრონულადაც, სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე – wewote.ge
ამ მასშტაბის სადამკვირვებლო მისია უპრეცედენტოა ქართულ საარჩევნო ისტორიაში. მისი მთავარი ღირებულებებია:
- აპარტიულობა – სადამკვირვებლო მისიის არც ერთი წევრი არ არის პოლიტიკური პარტიის წევრი, აქტივისტი, ან თანამშრომელი. ის დაცლილია პარტიული ინტერესებისა და გავლენებისგან;
- ურთიერთთანამშრომლობა და კოლეგიალობა – მისია თანამშრომლობს როგორც სხვა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ისე საერთაშორისო მისიებთან. მათ შორის, ეუთო/ოდირის, IRI, NDI, ENEMO, PACE ორგანიზაციებთან და აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან.
- გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება – სადამკვირვებლო მეთოდოლოგია, დამკვირვებელთა შერჩევის, ტრენინგებისა და მონიტორინგის მიგნებები და დასკვნები იქნება საჯარო;
- ობიექტურობა და მიუკერძოებლობა – მოხალისე დამკვირვებლად რეგისტრირებულ მოქალაქეებს გადაამზადებენ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
გარდა სადამკვირვებლო მისიის შექმნისა, კოალიცია აწარმოებს კამპანიას – “ჩემი ხმა ევროკავშირს”. მისი მიზანია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების, როგორც ერთგვარი რეფერენდუმის (რუსეთსა და ევროკავშირს შორის) შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება, ევროკავშირის სიკეთეების გაცნობა და პროდასავლელი ამომრჩევლის მობილიზაცია.