ანტიკორუფცულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელდა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც.
ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად, მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.
“დღევანდელი ბიუროს მიზანია, საზოგადოებას ვაცნობოთ ანტკორფციული ბიუროს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე, ორგანიზაცია “აირჩიე ევროპა”, მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები – სოფიო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელაშვილი, გიორგი თაქთაქიშვილი, ლელა ჯეჯელავა და ივანე ჭყონია, ცნობილი იყვნენ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად და მათზე გავრცელდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 თავით გათვალისწინებული შეზუდვები”, – განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა.
მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, როგორც უშუალოდ, ასევე კამპანია “ჩემი ხმა ევროკავშირს” ფარგლებში, აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავ როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისაგან თავიშეკავების მოწოდებას. ამასთან, კეთდება განცხადებები სხვადასხვა მატერიალური თუ არამატერიალური რესურსების მობილიზების შესახებ, ტარდება შეხვედრები მოსახლეობასთან, იქმნება სპეციალური ჯგუფები სოციალურ ქსელებში, რომლებიც ემსახურებიან საზოგადოების კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ფორმირებას. აქტიურად გამოიყენება სპეციალურად შემქნილ ვებ-გევრდი, აპლიკაცია და როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მედიასაშუალებები
მონიტორინგის შედეგად, ასევე, გამოვლინდა, რომ “აირჩიე ევროპა”, მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და გამგეობის წევრები აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესში, რომელიც ემსახურება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის, ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავების მიზანს. ამისთვის გამოყენებულია როგორც ადამიანურ-მატერიალური ტექნიკური რესურსები, პრეზენტაციები, მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონში, კონცერტები, ვიდეო-რგოლების დამზადება-გავრცელება, რაც დაკავშირებულია ფინანსური ხარჯებთან, რომელიც შეადგენს 100 000 ლარზე მეტს. აღნიშნული რესურსები ხმარდება მოსახლეობაში კონკრეტული პოლიტიკური განწყობების ჩამოყალიბებას და წინასაარჩევნოდ მათი აზრის ფორმირებას”, – განაცხადა კუპრაშვილმა.
მისივე თქმით, ჩამოთვლილი სუბიექტები ვალდებული არიან 5 დღის ვადაში ანტიკორუფციულ ბიუროს წარუდგინონ ფინანსური ანგარიშები – “გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათი საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისათვის”.
რამდენიმე დღის წინ ამ დოკუმენტების მიწოდება ანტიკორუფციულმა ბიურომ “აირჩიე ევროპას” მოსთხოვა. მაშინ ორგანიზაციის წევრები აცხადებდნენ, რომ ისინი არ იყვნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტები და ბიუროს უფლება არ ჰქონდა, ამ დოკუმენტების წარდგენა მოეთხოვა. ბიურომ სასამართლოს მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ უწყების მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამის შემდეგ “აირჩიე ევროპამ” პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, გადაწყვეტილება კვლავ ძალაში დარჩა.
სწორედ ამგვარი “სასამართლო პრაქტიკა” დაიმოწმა ამ გადაწყვეტილების გამოცხადებისას რაჟდენ კუპრაშვილმა.
ამავე თემაზე: