საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისათვის არჩევნებში მონაწილეობისათვის ერთ-ერთი პირობა საკონსულო აღრიცხვაზე დგომაა.
მოქალაქეები, რომლებიც არც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან და არც საზღვარგარეთ არიან რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობისთვის:
- ან საკონსულო აღრიცხვაზე უნდა დადგნენ;
- ან რეგისტრაცია გაიარონ სხვა სახელმწიფოში (მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში) შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში;
თუმცა ორივე მათგანს თავის ვადა აქვს.
როდის იწურება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ვადა?
საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, საარჩევნო მიზნებისთვის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა.
თუმცა საკონსულო აღრიცხვის შესახებ განაცხადის განხილვის ვადა 5 სამუშაო დღეა. შესაბამისად, უმჯობესია, რომ უცხოეთში მყოფმა მოქალაქეებმა, რომელთაც არჩევნებში მონაწილეობა სურთ, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა სექტემბრის ბოლომდე მოითხოვონ.
გარდა ამისა, უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ასევე შეუძლიათ, არაუგვიანეს 2024 წლის 7 ოქტომბრისა რეგისტრაცია გაიარონ მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, რომელიც, არსებული პრაქტიკით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში იხსნება.
ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი და სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლების საბოლოო სიას ცესკოს 8 ოქტომბერს გადასცემს.
თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უცხოეთში მყოფმა მოქალაქეებმა საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა სექტემბრის ბოლომდე გადადონ.
სხვა ქვეყანაში საკონსულო აღრიცხვაზე მოქალაქეების დგომა საჭიროა იმისათვისაც, რომ სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბანი გაიხსნას, ვინაიდან საარჩევნო კოდექსის თანახმად, „სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნებს ქმნის ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა (ამ შემთხვევაში 26 სექტემბრამდე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის“.
საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად კი, ეს მონაცემები სწორედ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების რაოდენობას ეყრდნობა. შესაბამისად, უბნის გახსნაზე თავდაპირველ გადაწყვეტილებას ცესკო 26 სექტემბრამდე საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი ამომრჩევლების რაოდენობის მიხედვით იღებს.
როგორ შეიძლება დაიკარგოს ემიგრანტების ხმა 2024-ის არჩევნებზე
რაც შეეხება 26 სექტემბრის შემდეგ საკონსულო აღრიცხვაზე დამდგარ ამომრჩევლებს, რომლებიც საგარეო საქმეთა სამინისტროს საბოლოო სიაში (ანუ 8 ოქტომბრის მიხედვით არსებულ სიაში) მოხვდებიან, თუ მათი რაოდენობა იმდენი იქნება, რომ დამატებითი უბნის გახსნა გახდება საჭირო, მათთვის უბანს კონკრეტულ ოლქში უკვე გახსნილი უბნის მისამართზე დაამატებენ.
„თუ [საბოლოო მონაცემებით] ამომრჩეველთა რაოდენობა [1 უბნისთვის] ზედა ზღვარს აღემატება, იქვე უნდა გაიხსნას მეორე უბანი. მთავარია, საკითხი ისე დარეგულირდებს, რომ რამდენი ამომრჩეველიც იქნება რეგისტრირებული, ხმის მიცემის გარეშე არ დარჩება, თუ ის გამოცხადდება [არჩევნებზე]. ყოფილა მაგალითი, როცა გაიყო [ამომრჩეველთა სია] და იქვე შეიქმნა მეორე უბანი. ამომრჩევლის უფლებები იქნება უზრუნველყოფილი და ყველას მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
იმის გამო, რომ ამომრჩეველთა რაოდენობამ გადააჭარბა [ერთი უბნისთვის დაშვებულ მაქსიმუმს], ამის უარი არ ეთქმებათ არჩევნებში მონაწილეობაზე“, – აცხადებს ნეტგაზეთთან ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.
როგორ ხდება საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა
საზღვარგარეთ მყოფი ნებისმიერი მოქალაქე უფლებამოსილია დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე. საკონსულო აღრიცხვა არის საქართველოს მოქალაქეთა საზღვარგარეთ დროებით ან მუდმივად ყოფნის ფაქტის აღრიცხვა.
საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს საზღვარგარეთ დროებით მყოფი ან მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა. ამასთან, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგს, რაც ნიშნავს, რომ არალეგალურად მყოფ ქართველებს აღრიცხვაზე დადგომით პრობლემა არ ექმნებათ. შესაბამისად, თუკი მათ მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა უფასოა.
გასათვალისწინებელია, რომ სხვა საკონსულო მომსახურების მიღებისას არ ხდება მოქალაქის ავტომატურად საკონსულო აღრიცხვაზე დაყენება და ამისათვის საჭიროა ცალკე პროცედურების გავლა.
იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე დადგნენ, არსებობს 3 გზა :
- ვებ -გვერდზე – https://www.geoconsul.gov.ge/consular-registration – რეგისტრაცია
- საელჩოში/საკონსულოში პირადად გამოცხადება
- საფოსტო გზავნილი – შესაბამისი ანკეტის შევსება და საკონსულოში ფოსტით გაგზავნა
იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა გადაამოწმონ, იმყოფებიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე, არსებობს საკონსულო აღრიცხვის ელექტრონული რეესტრი: https://www.geoconsul.gov.ge/electronic-register/el-registry
უცხოეთში მყოფ ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეეძლებათ მხოლოდ იმ ოლქში, რომელშიც დგანან საკონსულო აღრიცხვაზე.
არჩევნების დღეს ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ვადიანი/მოქმედი საქართველოს მოქალაქის პასპორტით ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობით. არჩევნებში მონაწილეობის მიღება ასევე შესაძლებელია არაელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
რა შემთხვევებში შეიძლება ეთქვას უარი საკონსულო აღრიცხვაზე
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის მომსახურების გაწევაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ:
- მომსახურების მიმღები პირის მუდმივი ან დროებითი საცხოვრებელი ადგილი არ არის საკონსულოს სამოქმედო არეალი;
- მოთხოვნა არ არის გაკეთებული მომსახურების მიღების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ.
ვებგვერდის მეშვეობით საკონსულო აღრიცხვის მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში უარი შეიძლება ითქვას, თუ:
- განაცხადში მითითებული მონაცემებით შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიცირება;
- არ არის წარმოდგენილი ფოტოსურათი;
- ვერ დგინდება განმცხადებლის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტი.
რა შეიძლება იყოს საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საკონსულო აღრიცხვიდან მოქალაქე შეიძლება მოიხსნას სხვადასხვა საფუძვლით, მათ შორის:
- მოქალაქეობის შეწყვეტა,
- საკონსულო აღრიცხვის ქვეყნის შეცვლა,
- ყალბი დოკუმენტების წარდგენა,
- პირადი განცხადება,
- გარდაცვალება,
- სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებული პირი,
- პირი, რომელსაც გაუუქმდა პირადი ნომერი,
- პირი, რომელიც შემოვიდა საქართველოში და 6 თვის განმავლობაში არ დაუტოვებია ქვეყანა,
- პირი, რომელსაც ბოლო 10 წლის განმავლობაში არ მიუმართავს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და/ან საკონსულო დაწესებულებებისათვის, საკონსულო აღრიცხვის მონაცემთა განახლების ან სხვა მომსახურების გაწევის მიზნით, აგრეთვე, ბოლო 10 წლის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზის მიხედვით, არ უფიქსირდება საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.
ასევე, საქართველოში შემოსვლიდან 6 თვეზე მეტი ხნით ყოფნის მიზეზით საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველი შესაძლოა გახდეს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის მიერ სხვადასხვა პასპორტით გადაადგილება, რა დროსაც არ ხდება იმ მონაცემთა სინქრონიზაცია, რომელსაც მოქალაქე საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მიზნით გადასცემს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას და რომელიც მას უფიქსირდება უცხოურ პასპორტში, განსაკუთრებით სახელისა და გვარის ტრანსლიტერაციის კუთხით.
მაგალითად, ეს შეიძლება მოხდეს მაშინ, როცა ორმაგი მოქალაქეობის მქონე საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში საქართველოს პასპორტით შემოდის, ქვეყნიდან გასვლისას კი მეორე ქვეყნის პასპორტს იყენებს. ამიტომ იმისათვის, რომ ორმაგი მოქალაქეობის პირს საკონსულო რეგისტრაცია არ შეუწყდეს, თუ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქის პასპორტით შემოვა, საქართველოდანაც ამავე პასპორტით უნდა გავიდეს ან უნდა იცოდეს, რომ ეს საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის საფუძველია. ამ შემთხვევაშიც, მას შეუძლია გადაამოწმოს, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება თუ არა. თუ აღრიცხვიდან მოხსნილია, რეგისტრაცია ხელახლა გაიაროს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ბოლო ათი წლის განმავლობაში საკონსულო აღრიცხვიდან ზემოჩამოთვლილი მიზეზებით ყოველწლიურად იხსნებოდა საშუალოდ 2000 მოქალაქე და იმავდროულად რეგისტრირდებოდა საშუალოდ 4200 მოქალაქე.
„მაგალითისთვის, 2022 წელს საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნილია 2120 მოქალაქე, 2023 წელს -1573, ხოლო 2024 წლის იანვრიდან ივნისამდე -851 მოქალაქე“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
მსგავს თემაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ:
- რატომ და როგორ უნდა გაიარონ ემიგრანტებმა საკონსულო აღრიცხვა არჩევნებამდე
- როგორ შეიძლება დაიკარგოს ემიგრანტების ხმა 2024-ის არჩევნებზე