ახალი ამბები

ბანკმა, ჩვენი საბანკო მონაცემები ანტიკორიფციულს სააპელაციოს გადაწყვეტილებამდე მისცა – ლაგაზიძე

25 სექტემბერი, 2024 •
ბანკმა, ჩვენი საბანკო მონაცემები ანტიკორიფციულს სააპელაციოს გადაწყვეტილებამდე მისცა – ლაგაზიძე

“აირჩიე ევროპას” თანადამფუძნებლის, ხათუნა ლაგაზიძის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბანკმა მათი საბანკო მონაცემები ანტიკორუფციულ ბიუროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე გადასცა.

საქალაქო სასამართლომ ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა “აირჩიე ევროპისა” და მისი თანადამფუძნებლების საბანკო მონაცემების ამოღების შესახებ 6 სექტემბერს დააკმაყოფილა. როგორც ლაგაზიძე ამბობს, მათ 6 სექტემბერსვე მიმართეს ბანკებს და შეატყობინეს, რომ აპირებდნენ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას. შესაბამისად, სთხოვეს, სააპელაციოს გადაწყვეტილებამდე არ მიეწოდებინათ მათი პერსონალური საბანკო ინფორმაცია ბიუროსთვის.

მართალია, 17 სექტემბერს, სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, მაგრამ ლაგაზიძე ამბობს, რომ ერთ-ერთმა ბანკი მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებას არ დაელოდა.

“ჩვენ მაშინვე, ექვსშივე მივმართეთ ბანკებს, რომ გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. ამიტომ, მათ არ ჰქონდათ უფლება, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მიეცათ ჩვენი საბანკო ანგარიშები “კორუფციული ბიუროსთვის”, მაგრამ, ერთ-ერთმა ბანკმა 17 სექტემბერს, მომწერა წერილი, რომლის თანახმადაც, მათ უკვე – როგორც ჩანს უკანონოდ – სააპელაციოს სასამართლოს არ დაელოდნენ და მისცეს ეს ინფორმაცია “კორუფციულ ბიუროს”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

“ნეტგაზეთისთვის” ცნობილია, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გერბიანი ბეჭდით დაამოწმა. ეს ნიშნავს, რომ გასაჩივრების უფლების მიუხედავად, ის გამოცემისთანავე შედის ძალაში.

ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, 23 სექტემბერს, მათ თავადაც გაუგზავნეს ანტიკორუფციულ ბიუროს მოთხოვნილი ინფორმაცია. მეორე დღეს, 24 სექტემბერს, ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ “აირჩიე ევროპა” და მისი თანადამფუძნებლები საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო.

ბიურომ ისინი დაავალდებულა, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში წარადგინონ ფინანსური ანგარიშები – “გახსნან და წარმოადგინონ ინფორმაცია იმ საბანკო რეკვიზიტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება მათი საარჩევნო მიზნებთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯებისათვის”.

“ეს ინფორმაცია პირადი ცხოვრების საიდუმლოს კატეგორიაში გადის […] “კორუფციულ ბიუროს” უკვე ეს ინფორმაცია აქვს და აქეთ გვამუნათებს, 5 დღეში თუ არ მომაწვდით ამ ინფორმაციას, ახალი გადაწყვეტილების მიღება მომიწევსო.

ბატონი რაჟდენის გუშინდელ ბრიფინგამდე ერთი დღით ადრე, როგორც კანონმორჩილმა მოქალაქეებმა ააიპ-იმ, “აირჩიე ევროპამ”, გავაგზავნეთ ჩვენს ხელთა არსებული ყველა ფინანსური ინფორმაცია. ასე რომ, ჩვენ კანონთან სრულ შესაბამისობაში ვიმყოფებით”, – განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.

“აირჩიე ევროპისა” და მისი თანადამფუძნებლების გარდა ანტიკორუფციულმა ბიურომ საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად ცნო “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.

სამოქალაქო სექტორი ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებს უკანონოს უწოდებს. გაეცანით მათ მოსაზრებებს შემდეგ ბმულებზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი