„ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, იგეგმება თუ არა ანტიკორუფციული ბიუროს გაუქმება.
კითხვები ამის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც მთავრობის ადმინისტრაციას უფლებამოსილი ორგანოებიდან საგადასახადო საიდუმლოების და პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოთხოვა შეეძლება. მსგავსი ფუნქცია დღეს ანტიკორუფციულ ბიუროსაც აქვს.
ამიტომ ჟურნალისტებმა პაპუაშვილს ჰკითხეს, ვინაიდან ფუნქციების დუბლირება მოხდება, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება.
პაპუაშვილის თქმით, მთავრობის და პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რომ წარმოადგინოს მისი ხედვები სტრუქტურულ მოწყობასთან დაკავშირებით.
„პრემიერ-მინისტრის კომპეტენციაა, რომ დაგვანახოს მთავრობის ხედვა მოწყობასთან დაკავშირებით. ზოგიერთი სტრუქტურის შექმნის თუ ახლებურად მოწყობის საკითხი არის სამართლებრივადაც სრულად მთავრობის კომპეტენცია, ზოგიერთ სტრუქტურასთან დაკავშირებით პარლამენტის მონაწილეობა არის [საჭირო]. თუკი პრემიერ-მინისტრი ჩათვლის საჭიროდ ამა თუ იმ სტრუქტურის შეცვლას, მორგებას და ა.შ. მოგვმართავს პარლამენტს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ამასთან, პაპუაშვილის თქმით, ანტიკორუფციულ ბიუროს თავდაპირველი ფუნქცია მხოლოდ საჯარო მოხელეების დეკლარაციების შემოწმება იყო, დროთა განმავლობაში კი ფუნქციები დაემატა, მათ შორის უცხოური დაფინანსების კონტროლი („რუსული კანონის“ აღსრულება), რაც გამოწვევას წარმოადგენს.
„სინამდვილეში, მთავარი გამოწვევა, რაც ამ უწყებას აქვს, არის მისი დასახელება. თქვენ რომ გესმით „ანტიკორუფციული ბიურო“, ფიქრობთ, რომ ეს არის საგამოძიებო უწყება, რომელიც კორუფციას უშუალოდ თავად ებრძვის. ეს ასე არ არის. მე მგონი, ეს არის ცრუ ნარატივი… ანტიკორუფციული ბიურო არის საჯარო მოხელეების დეკლარაციების შემგროვებელი ორგანიზაცია, რომელიც ამოწმებს მის შესაბამისობას საჯარო წყაროებში არსებულ მონაცემებთან, სახელმწიფო უწყებებში დაცულ ინფორმაციებთან. ეს არის ერთადერთი ფუნქცია, რომ სახელმწიფო უწყებებთან დაცულ ინფორმაციასთან თუ ვერ ნახავს თანხვედრას… პარლამენტს არ მიგვიცია ამის უფლებამოსილება ბიუროსთვის, რომ მან დაიწყოს ჩასაფრება და ძიება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გუშინ, 11 ნოემბერს, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მედიის ცნობით, ინფორმაცია თანამშრომლებს გუშინ თათბირზე მიაწოდეს. თუმცა უწყებამ გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.
„მადლობა თქვენი ემოციისთვის, ინტერესისთვის. როგორც ხედავთ, სამსახურში მოვედი, ვაგრძელებ სამსახურს. სანამ ეს უწყება იარსებებს, მე ვიქნები მისი ხელმძღვანელი“, – განაცხადა ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა, რაჟდენ კუპრაშვილმა 12 ნოემბერს ჟურნალისტებთან.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში დაჩქარებული წესით შედის ცვლილება, რომელიც ეხება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ფუნქციების დაზუსტებას.
პროექტით კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უფლება ექნება, კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ფუნქციის შესასრულებლად აუცილებელი ინფორმაცია. მათ შორის, შესაბამისი საგადასახადო საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შემცველი ინფორმაცია. ეს ინფორმაცია შესაძლებელია, აგრეთვე გამოთხოვილ იქნეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი მონაცემთა ავტომატური და არაავტომატური საშუალებებიდან ან/და ბაზებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით.








