ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) და მისი აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად იმ მოტივითაც ცნო, რომ მათი ჩართულობა ამომრჩეველთა ინფორმირებისა და ქვეყნის პროდასავლური კურსის მხარდამჭერ კამპანიებში ემსგავსება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების რიტორიკას.
რა ხდება?
TI და პერსონალურად ეკა გიგაური ჩართულია კამპანიაში “ჩემი ხმა ევროკავშირს”, რომლის გაცხადებული პოზიციაა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა არჩევანი უნდა გააკეთოს ევროკავშირსა და რუსეთს შორის. სწორედ ამიტომ, გაერთიანებაში შემავალი სამოქალაქო ორგანიზაციები თვლიან, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება ევროკავშირში გაწევრიანების სიკეთეების შესახებ. გარდა ამისა მათ შექმნეს მასშტაბური სადამკვირვებლო მისია საარჩევნო ხმების დასაცავად. ისინი ამომრცეველთა მობილიზებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად კონკრეტულ აქტივობებს ახორციელებენ.
ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია სამსახურის უფროსის ბრძანება, რომელშიც უწყება ცდილობს დაასაბუთოს, რატომ არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა და ეკა გიგაური საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტები.
ბრძანებაში მოყვანილი არაა ორგანიზაციის, მისი წარმომადგენლების ან თავად ეკა გიგაურის არც ერთი ციტატა, სადაც ისინი ამომრჩეველს მოუწოდებენ რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდაჭერისკენ, ან წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ. ამის მიუხედავად, ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ ისინი “აქტიურად არიან ჩართული წინასაარჩევნო კამპანიებში, რომლებიც მიზნად ისახავ როგორც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერას, ასევე კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერისაგან თავიშეკავების მოწოდებას”.
ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩათვალა, რომ რადგანაც ოპოზიციური პარტიების ნაწილი ეკა გიგაურის მსგავსად აქტიურად საუბრობს არჩევნების, როგორც ერთგვარი რეფერენდუმის (რუსეთსა და EU-ს შორის) მნიშვნელობაზე, მათ საერთო პოლიტიკური მიზნები აქვთ.
TI-სა და ეკა გიგაურის “პოლიტიკური მიზნების მქონე” სუბიექტად ცნობის დასასაბუთებლად რაჟდენ კუპრაშვილმა მოიხმო რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წევრის საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. მაგალითად, “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი საარჩევნო შტაბის სპიკერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადება, რომ “ახლა არჩევანი არის ძალიან მკაფიო, ეს არჩევანია რუსეთსა და ევროპას შორის”. ასევე, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, რომ “ევროპასა და რუსეთს შორის ეს არჩევანია გასაკეთებელი 26 ოქტომბერს”.
ამ და სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მათ შორის, გიორგი ვაშაძის, თინა ბოკუჩავას, ელენე ხოშტარიას მსგავსი შინაარსის განცხადებების პარალელურად, ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილებაში მოყვანილია ეკა გიგაურის შემდეგი განცხადება: “ჩვენ ვგეგმავთ, რომ ყველა მოქალაქემდე მივიდეთ, ერთი მხრივ, რომ გავაგებინოთ მათ, რა არის ეს არჩევნები, რომ ეს არის არჩევანი რუსეთსა და ევროპას შორის და ამაზე უნდა იფიქრონ, და მეორე, რამდენად მნიშვნელოვანია მათი არჩევნებზე მისვლა”.
კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც ანტიკორუფციული ბიურო TI-სა და მის ხელმძღვანელს ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაში სდებს ბრალს, არის მათი გაწეული ძალისხმევა ამომრჩევლის ინფორმირებისთვის. უწყების არგუმენტაცია ეფუძნება გაერთიანების – “ჩემი ხმა ევროკავშირს”, ვიდეორგოლებს, პოსტებს სოციალურ ქსელებში, შეხვედრებს ახალგაზრდებთან და რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობასთან, სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, რომელთა მიზანია საზოგადოების ინფორმირება მომავალი არჩევნების, მისი პროცედურების, დანერგილი სიახლეების, პასუხისმგებლობიანი მოქალაქეობის, დამკვირვებლად რეგისტრაციის შესაძლებლობების შესახებ. თუმცა არც იქ ფიგურირებს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ ორგანიზაციები რომელიმე პარტიის სასარგებლო კამპანიას ეწევიან. ბიურო აპელირებს ერთ-ერთ ვიდეოპოსტზე, რომელსაც ჰქვია: “რაც აღარ მუშაობს, უნდა შეცვალო”.
დოკუმენტი TI-ს ჯერ არ ჩაჰბარებია. თუმცა რაჟდენ კუპრაშვილის განცხადების საფუძველზე ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მოკლებულია როგორც იურიდიულ, ისე ფაქტობრივ საფუძვლებს. მათი შეფასებით, ამ გადაწყვეტილების მიზანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დევნაა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და ეკა გიგაური დიახაც იყვნენ და კვლავაც რჩებიან საქართველოს ევროპული არჩევანის ერთგულნი და ამას აფიქსირებდნენ ყველა საჯარო განცხადებაში. ასეთი არჩევანი დაფიქსირებულია საქართველოს კონსტიტუციაში და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მისწრაფებებს შეესაბამება. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
TI-სა და ეკა გიგაურის გარდა, ანტიკორუფციულმა ბიურომ იმავე ლოგიკით ცნო საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად “აირჩიე ევროპა”, მისი დირექტორი, ხათუნა ლაგაზიძე და თანადამფუძნებლები – სოფიო ჭყონია, ნიკოლოზ შურღაია, გიორგი რუხაძე, შალვა ძებისაშვილი, გიორგი პაპელაშვილი, გიორგი თაქთაქიშვილი, ლელა ჯეჯელავა და ივანე ჭყონია.
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა ბიურომ მათ ჯერ კიდევ 2 კვირის წინ მოსთხოვა. მაშინ ორგანიზაციის წევრები აცხადებდნენ, რომ ისინი არ იყვნენ გაცხადებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტები და ბიუროს უფლება არ ჰქონდა, ამ დოკუმენტების წარდგენა მოეთხოვა
ბიურომ სასამართლოს მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ უწყების მოთხოვნა დააკმაყოფილა. ამის შემდეგ “აირჩიე ევროპამ” პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა გადაწყვეტილება კვლავ ძალაში დარჩა.
ზემოთ განხილულ არგუმენტებთან ერთად, სწორედ ამგვარი “სასამართლო პრაქტიკა” დაიმოწმა რაჟდენ კუპრაშვილმა, როცა “აირჩიე ევროპა” და TI, ისევე როგორც მათი ლიდერები, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად შერაცხა.
ამავე თემაზე: