ყოფილი სახალხო დამცველის, “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ანტიკორუფციულმა ბიურომ დაარღვია კონსტიტუცია. ასე გამოეხმაურა ის უწყების გადაწყვეტილებას ორი ორგანიზაციისა და მათი ლიდერების საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნობაზე.
ლომჯარია, სამოქალაქო ორგანიზაციების სხვა წარმომადგენელთა მსგავსად, მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიურო ზედმეტად ფართოდ განმარტავს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონს. გარდა ამისა, მისი შეფასებით, ეს აჩვენებს, რომ ხელისუფლებას აშინებს სამოქალაქო სექტორის კოალიციური სადამკვირვებლო მისია.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილება მიანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლებაში არსებობს განგაში და შიში იმ კოალიციური სადამკვირვებლო მისიის მიმართ – “ჩემი ხმა ევროკავშირს” – რომელიც აერთიანებს 30 არასამთავრობო ორგანიზაციას.
დღეს პრემიერ-მინისტრის მერ მართულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ რეალურად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და გასცდა საქართველოს კანონმდებლობას, შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება და თქვა, რომ ნებისმიერ კამპანია ან ქმედება, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას – მან მაგალითად მოიყვანა ის, რომ ეს კამპანია საზოგადოებაში აღვივებს პოზიტიურ დამოკიდებულებას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მან მიიჩნია, რომ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მომხდენი ნებისმიერი კამპანია ან განცხადებები, ეს არის პოლიტიკური საქმიანობა და ამის გამო მან დაუწესა შეზღუდვები კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციას – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს”.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოს არჩევანი, გახდეს ევროკავშირის წევრი, ეს არის კონსტიტუციის 78-ე მუხლით გარანტირებული და გაცხადებული ქართველი ხალხის ნება. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრის მართული ანტიკორუფციული ბიურო საზოგადოების ამ ნებას ვერ შეცვლის. ჩვენ, 30 არასამთავრობო ორგანიზაცია, გავაგრძელებთ ქართველი ხალხის არჩევანის დაცვას, გავაგრძელებთ არჩევნებზე თითოეული ამომრჩევლის ხმის უფლების დაცვას”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
დღეს, 24 სექტემბერს, ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი დირექტორი, ეკა გიგაური, საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო. იგივე გავრცელდა ორგანიზაცია “აირჩიე ევროპასა” და მის დამფუძნებლებზეც. ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის შედეგად, მათ გამოავლინეს, რომ გიგაური, როგორც პერსონალურად, ისე ორგანიზაციის სახელით, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში.
ბიუროს დასაბუთება მეტწილად ეფუძნება “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა” და ეკა გიგაურის ჩართულობას “ჩემი ხმა ევროკავშირს” კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს. კამპანიის ფარგლებში 30 სამოქალაქო ორგანიზაცია ერთიანდება. მათ შორისაა, ნინო ლომჯარიას დაფუძნებული “საქართველოს ევროპული ორბიტაც”.