გაერთიანებული სამეფო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს პარლამენტის მიერ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღების გამო.
„ეს საკანონმდებლო პაკეტი ძირს უთხრის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას და ქმნის საქართველოს მოსახლეობის ნაწილის შემდგომ სტიგმატიზაციის და დისკრიმინაციის რისკს. ამ საკანონმდებლო პაკეტს გავლენა ექნება საქართველოს ყველა მოქალაქეზე“, — ნათქვამია საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
გაერთიანებული სამეფო წუხს, რომ საკანონმდებლო პაკეტი მიღებულ იქნა ვენეციის კომისიის იმ რჩევის უგულებელყოფით, რომ კანონპროექტი „სრულიად უნდა გადაიხედოს და მისი მიღება უნდა შეჩერდეს“.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონთან ერთად, ზღუდავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ისე ცალკეულ საქართველოს მოქალაქეების უფლებებს და ეჭვქვეშ აყენებს ბრიტანეთსა და საქართველოს შორის მრავალწლიან ურთიერთობებს“, — ნათქვამია განცხადებაში.
პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს.
„ოცნება“ ამტკიცებს, რომ ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტის მიზანი ქალისა და კაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვაა.
პარლამენტის პლენარული სხდომის პარალელურად, პარლამენტის უკან ტრანსპარანტებით შეიკრიბნენ მოქალაქეები და კანონის მიღება გააპროტესტეს. მათი თქმით, „ოცნების“ მიზანი ცენზურის დაწესებაა და არა ოჯახების დაცვა.