პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ არასერიოზული და სამწუხარო უწოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულის სანქციების ახალი პაკეტის გამოცემას.
მშვიდობიანი აქციების დამრბევი სპეცრაზმის ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილისა და მისი მოადგილის, მილერი ლაგაზაურის, პრორუსული “ალტ-ინფოს” ლიდერების, ზურაბ მახარაძისა და კონსტანტინე მორგოშიას, ასევე 60 სხვა მოქალაქის დასანქცირების საპასუხოდ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ “ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია”.
კობახიძემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ქართულ-ამერკული ურთიერთობების გაუარესებაში. გარდა ამისა, მან აშშ-ის სანქციები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობად შეაფასა.
“ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ ხელი გავუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამე გაფუჭდა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში გასული 4 წლის მანძილზე და თქვენ იცით ამაში ამერიკის ყოფილი ელჩის განსაკუთრებული წვლილი – რა წვლილზეც არის საუბარი, გასაგებია. ამ ფონზე, ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე. ასეთ პირობებში ასეთი ნაბიჯები [სანქციები] არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული.
მესმის, რომ არის წინასაარჩევნო პერიოდი. გვესმის ისიც, რომ არის გარკვეული პრობლემები – ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდებათ დეოლიგარქიზაცია და ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ ასეთი ნაბიჯები. წინასაარჩევნო პერიოდში ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ქართველი ამომრჩველის ნაბიჯი იქნება ძალიან მკაფიო და ძალიან მკვეთრი. ეს პასუხი იქნება კოლექტიური ნაც. მოძრაობის წარსულისთვის ჩაბარება. ვერავითარი ასეთი ნაბიჯით ვერავინ უზრუნველყოფს ხელისუფლებაში კოლექტიური ნაც. მოძრაობის დაბრუნებას. იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას მოუტანა ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება, ადამიანების მკვლელობა. მე ყველას ვურჩევ, რომ გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა ასეთი რეჟიმის მოყვანისთვის ხელისუფლებაში თავის დროზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბოლო თვეებია მმართველი პარტიის ლიდერები აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვის საჭიროებაზე საუბრობენ. “ქართული ოცნების” ლოგიკით, გადატვირთვის საჭიროება ურთიერთობების გაუარესებამ გამოიწვია, რაც ხან ყოფილ ელჩს, კელი დეგნანს ადანაშაულებენ, ხან ე.წ. გლობალური ომის პარტიას, ხან ქართულ ოპოზიციურ სპექტრს. ამის პარალელურად, თავად “ქართული ოცნება” მუდმივად ადანაშაულებს აშშ-ის ცალკეულ პოლიტიკურ ლიდერებს არჩევნებში ჩარევის, ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაში. პარტიის დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ შეხვდა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სენატორ ჯინ შაჰინსა და კონგრესმენ მაიკ ტერნეტს. მათ კობახიძე შეხვდა, თუმცა მოგვიანებით სენატორი ტყუილში დაადანაშაულა.
კობახიძე აგრძელებს “ქართული ოცნების” კონსპირაციული თეორიის მტკიცებას დასავლეთში არსებული გლობალური ძალის შესახებ, რომელსაც ევროკავშირისა თუ ამერიკის პოლიტიკურ ინსტიტუტებზე აქვს გავლენა. ამ შემთხვევაშიც, მან თქვა, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილება არა ოფიციალურმა პირებმა, მაგალითად, პრეზიდენტმა ბაიდენმა, არამედ “ოლიგარქიულმა ძალებმა” მიიღეს.
“მე არ მჯერა, რომ ბაიდენმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს გარკვეულმა ძალებმა, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენები მის ადმინისტრაციაზე. ბაიდენის მიღებული არ იქნება ეს გადაწყვტილება და მგონია, მთელი ქართული საზოგადოებაც დარწმუნებულია ამაში. საუბარია იმ ძალებზე, რომლებსაც აქვთ არაფორმალური გავლენა მის ადმინისტრაციაზე”, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ, 16 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს (ხარება), მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლებს – ზურა მახარაძესა და კონსტანტინე მორგოშიას. აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმა მიზეზად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობა, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა დაასახელა.
გარდა ამისა, სავიზო სანქციები შეეხო საქართველოს კიდევ 60 მოქალაქეს – მთავრობის, ბიზნესისა და ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს.