ახალი ამბები

მდინარაძე აშშ-ის ახალ სანქციებს „არჩევნებში ჩარევად“ მიიჩნევს

16 სექტემბერი, 2024 •
მდინარაძე აშშ-ის ახალ სანქციებს „არჩევნებში ჩარევად“ მიიჩნევს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.

დღეს ვაშინგტონმა განაცხადა, რომ ფინანსური სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს (იგივე „ხარება“), ასევე, მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს და პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლებს, ზურა მახარაძეს და კონსტანტინე მორგოშიას. ასევე, უნდა დაწესდეს სავიზო სანქციები 60 პირის წინააღმდეგ.

მდინარაძე ამბობს, რომ სანქციები [ოპოზიციის] „არაფორმალური გავლენების“ დამსახურებაა. მისივე თქმით, ალტ-ინფოსა და ძალოვანი უწყებების ერთად დასანქცირება შეურაცხყოფს პოლიციასა და ინსტიტუტს.

„გაურიეს, ერთმანეთში არიეს „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები და პოლიციის მაღალჩინოსნები. ეს არის პოლიციის შეურაცხყოფა, ინსტიტუტის შეურაცხყოფა და არის ქართველი ხალხის არჩევანსა და ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა. ქართულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა. არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩვენ კიდევ ველოდებით მსგავსს და შეიძლება, კიდევ უფრო მძაფრ რეაქციებს“, – ამბობს მდინარაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი