ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელმაც ის სიცრუეში დაადანაშაულა.
კერძოდ, სენატორმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა, განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძემ ამერიკელებს კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების შეწყვეტა სთხოვა. თავის მხრივ კობახიძემ სენატორის განცხადებას „წმინდა წყლის ტყუილი“ უწოდა.
თუმცა, გუშინ, 12 სექტემბერს, სენატში საგარეო კომიტეტში მოსმენისას სენატორმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ირაკლი კობახიძეს ამერიკულ მხარესთან ჰქონდა, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტა იყო, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ.
„მესმის, რომ პრემიერ-მინისტრს აქვს შეკითხვა ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, მაგრამ მე არ ვიყავი ოთახში ერთადერთი ადამიანი, ყველამ გავიგეთ მისი ნათქვამი“, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
ჯინ შაჰინის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მზადაა აშშ-სა და საქართველოს შორის 30 წელზე მეტი ხნის პარტნიორობა წყალში გადაყაროს რუსეთის კეთილგანწყობის გამო. რაც მისი თქმით, ძალიან რთული გასაგებია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ჯინ შაჰინის განცხადებას დღეს, 13 სექტემბერს, გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე და მას კვლავ „წმინდა წყლის ტყუილი“ უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ “რადიკალიზმისა და პოლარიზაციის” შეწყვეტა ნამდვილად მოითხოვა ამერიკული დელეგაციისაგან. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება თითქმის ყველა ოპოზიციურ პარტიასა და სამოქალაქო ჯგუფს, ვინც მას აკრიტიკებს, რადიკალებს ეძახის.
„იქ [შეხვედრაზე] საუბარი იყო ერთ რამეზე, რომ როდესაც ჩვენ გვთხოვენ დეპოლარიზაციას, არ შეიძლება ამერიკული ფულით საქართველოში ფინანსდებოდეს რადიკალიზმი და პოლარიზაცია. ამასთან დაკავშირებით ჩაკითხვაც მოვისმინეთ არა შაჰინის, არამედ კონგრესმენის მხრიდან, რომ ვგულისხმობდით თუ არა ჩვენ კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტას, რაზეც მე დავაკონკრეტე, ეს უნდა ახსოვდეს მას, რომ არ იგულისხმებოდა, რა თქმა უნდა, კრიტიკის დაფინანსების შეწყვეტა, არამედ იგულისხმებოდა პოლარიზაციის და რადიკალიზმის დაფინანსება.
არ შეიძლება, ქვეყნის გარედან ფინანსდებოდეს საქართველოში პოლარიზაცია და რადიკალიზმი. როგორც აღვნიშნე, ჩაკითხვაც იყო და ამაზე დავაზუსტე, რომ კრიტიკა არ იგულისხმებოდა. როდესაც ამის შემდეგ სენატორი კადრულობს ასეთ ტყუილს და შეურაცხყოფას აყენებს ამერიკის სენატს, ამ უძვირფასეს ინსტიტუტს, ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან შემაშფოთებელი და სამწუხარო პირადად ჩემთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნა იყო, რომ აშშ-ს შეეწყვიტა სამოქალაქო საზოგადოების ყველა ორგანიზაციის დაფინანსება, რომლებიც შესაძლოა, კრიტიკულად იყვნენ განწყობილი ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ.
ამის შესახებ შაჰინმა National Journal-თან ინტერვიუში განაცხადა, სადაც საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოში ვიზიტით 9-11 აგვისტოს იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, ხოლო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა. ჯინ შაჰინმა თქვა, რომ მთავრობის თავმჯდომარეს გაუზიარა შეშფოთება უცხოელი აგენტების კანონთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, სენატორმა ჯინ შაჰინმა „წმინდა წყლის ტყუილი“ თქვა.
„ასეთი რამ არ მითქვამს მე შეხვედრაზე. ეს არის ჩვეულებრივი წმინდა წყლის ტყუილი და ჩემთვის სამწუხაროა, რომ ასეთ ტყუილს კადრულობს ადამიანი, რომელიც ატარებს ამერიკის შეერთებული შტატების სენატორის ძალიან მაღალ სტატუსს. ეს არის უკიდურესად სამწუხარო და შემაშფოთებელი“, – აღნიშნა პრემიერმა.