ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის გამო, საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა.
დასანქცირებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება), მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული ალტ-ინფოს დამფუძნებლები- ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია.
ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დაიბლოკება აღნიშნული პირების ყველა საკუთრება და აქტივები, რომელიც აშშ-ში აქვთ, ან ფლობენ ისეთ სივრცეებში, რომელიც აშშ-ის იურისდიქციის ქვეშ ექცევა. ასევე დაიბლოკება ორგანიზაციები, რომლებშიც სანქცირებულ პირებს 50%-იანი ან მეტი მოცულობის წილი აქვთ. სანქციებიე ეხება გაკრვეულ გადარიცხვებსაც.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რუსული კანონის მიღებამდე მიმდინარე პროტესტის დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტმა ძალადობრივად ამოიღო მიზანში საქართველოს მოქალაქეები, ოპოზიციონერი ლიდერები, ჟურნალისტები და ახალგაზრდა აქტივისტები, რომლებიც მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში გამოხატავდნენ საკუთარ შეხედულებებს:
„ძალადობას ხელმძღვანელობდა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური“, — ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რაც შეეხებათ მორგოშიასა და მახარაძეს, ხაზინის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ მათ სანქციები 5 ივლისის ძალადობის გამო დაეკისრათ, რა დროსაც თავდასხმის მსხვერპლები გახდნენ ჟურნალისტები.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ „ხარება“, მისი მოადგილე, მახარაძე და მორგოშია გლობალურ მაგნიტსკის სიაში დაამატეს. აღნიშნული სია თავდაპირველად შეიცავდა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და „ეფესბეს“ წარმომადგენლების სახელებს. სია მას შემდეგ შეიქმნა, რაც 37 წლის სერგეი მაგნიტსკი 2011 წელს ციხეში დაიღუპა.