ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც ცოტა ხნის წინ „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა, არ იზიარებს პრემიერ კობახიძის განცხადებას, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქვეყნის მოღალატეა“.

ტალახაძე დღეს პრეზიდენტის მიერ ოლიმპიელებისა და პარალიმპიელების დაჯილდოების ცერემონიაზე იყო, შემდეგ კი ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა:

„[სალომე ზურაბიშვილისთვის] არ მიწოდებია ქვეყნის მოღალატე, და არც ვუწოდებ“. ტალახაძემ ასე უპასუხა ჟურნალისტის რეპლიკას, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პრემიერი ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს „ქვეყნის მოღალატეს“ და „აგენტს“ უწოდებს.

ტალახაძემ თქვა, რომ იზიარებს „ოცნების“ პოლიტიკას. მანვე განაცხადა, რომ „დღევანდელი ხელისუფლება და პრეზიდენტი ხალხის სამსახურშია“.


ტალახაძე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ სიით იყრის კენჭს. იგი სიაში მეშვიდე პოზიციაზე იქნება.