“ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულმა თანამშრომელმა, მახარე პატაშურმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ექიმების რჩევით, შიმშილობა შეწყვიტა. ის 26 დღე შიმშილობდა.
“კლინიკაში გადამიყვანეს, სამჯერ გადამისხეს გლუკოზა და შაქრის დონე არა და არ ჩადგა ნორმაში. მითხრეს, რომ თუ შიმშილობას არ შევწყვეტდი, ძალიან გამიუარესდებოდა მდგომარეობა. ჩემ მაგივრად სხვა თანამშრომელმა დაიწყო შიმშილობა და ეს პროცესი გრძელდება “ ,- უთხრა მან ნეტგაზეთს დღეს, 10 სექტემბერს.
მახარესთან ვიდეოინტერვიუ გუშინ, 9 სექტემბერს, დღისით ჩავწერეთ, საღამოს კი ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ის საუბრობდა იმ პრობლემებზე, რომლებიც დასაქმებულებს სამუშაო ადგილზე ექმნებათ და რის გამოც გაფიცვა გადაწყვიტეს.
მახარე პატაშურის თქმით, გაფიცულები ჯერ კიდევ ელიან სახელმწიფოს მედიატორად ჩართვას ამ პროცესში:
“ჩვენ ჯერ კიდევ ველოდებით, რომ სახელმწიფო მედიატორად ჩაერთვება და მიმართავს კომპანიას, რომ მოლაპარაკებებზე დაგვიჯდეს. ამის იმედი გვაქვს.”
ევოლუშენის გაფიცული თანამშრომლები საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რადგან, მათი თქმით, შრომითი უფლებების დარღვევა მხოლოდ ამ კონკრეტულ კომპანიაში არ ხდება და ყველა დასაქმებულის პრობლემაა:
“ეს ბრძოლა მარტო ჩვენი არ არის, შრომის დაბალი სტანდარტები მთელი ქვეყნის პრობლემაა და ერთად უნდა დავდგეთ. 21 სექტემბერს, 12:00 საათიდან დიდუბის მეტროს ზედა ამოსასვლელთან ვიწყებთ შეკრებას. ესაა სოლიდარობის აქცია. ვისაც სოციალური პრობლემები გადარდებთ, ყველას გელოდებით აქციაზე” ,- ამბობს მახარე პატაშური.
„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. „ევოლუშენის“ სათავო ოფისი შვედეთში, სტოკჰოლმში მდებარეობს. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს.
12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცულია ათასობით თანამშრომელი. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია. მათ პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.
ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან.
როგორც „ევოლუშენ ჯორჯია“ აცხადებს, მათთვის მიუღებელია გავრცელებული ინფორმაცია. მათი თქმით, მოკვლევა ჩაატარეს და ინციდენტში მონაწილე პირები კომპანიას ტოვებენ.
13 აგვისტოს რამდენიმე გაფიცულმა შიმშილობა დაიწყო. 20 აგვისტოს ერთ-ერთმა პირი ამოიკერა.
22 აგვისტოს, გაფიცვიდან 42-ე დღეს, მათ სახალხო დამცველი შეხვდა. ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ საკითხს სწავლობენ და გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.
ცნობილია, რომ ამ ხნის განმავლობაში გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის უშუალო კომუნიკაცია არ შემდგარა. თუმცა პროტესტი მიმდინარეობდა ურთიერთბრალდებების, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირების ფონზე.
გაფიცვის მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის წაიკითხეთ სტატია:
რატომ დუმს მთავრობა პროტესტზე, რომელიც შრომით უფლებებს და პოტენციურად ათასობით სამუშაო ადგილს ეხება








