შიმშილობის მე-13 დღეს “ევოლუშენ ჯორჯიას” გაფიცულმა თანამშრომლებმა შიმშილობის შეწყვეტის მზაობა გამოთქვეს. ამისთვის მათ კონკრეტული პირობა წაუყენეს დამსაქმებელს – კომპანიამ თანამშრომლებს, რომლებიც გაფიცვაში არ იღებდნენ მონაწილეობას, უნდა აუნაზღაუროს აგვისტოში გაცდენილი სამუშაო დღეები.
შესაბამისი მიმართვა მოშიმშილეებმა გუშინ, 25 აგვისტოს გაავრცელეს. ისინი კომპანიისგან პასუხს საჯარო განცხადებით ითხოვდნენ.
დღეს “ევოლუშენ ჯორჯიამ” გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ “ნებისმიერ კონკრეტულ პირთან დაკავშირებული საკითხი განიხილება ინდივიდუალურად და კანონისა და კომპანიის პროცედურების შესაბამისად”.
კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს გაფიცულებს, შეწყვიტონ შიმშილობა.
“მოვუწოდებთ გაფიცულ თანამშრომლებს, მიიღონ კეთილგონიერი გადაწყვეტილება შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და აქვე ვაცხადებთ მზაობას, დავეხმაროთ მათ რეაბილიტაციის პროცესში, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში.
გვინდა, კიდევ გავიმეოროთ, რომ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ პროფკავშირს, არ გამოეყენებინათ ზომები, რომელიც მისი მხარდამჭერების ჯანმრთელობას რისკის ქვეშ აყენებს. ევოლუშენის ხედვა მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც არაერთი მოლაპარაკების შემდეგ ნათელი იყო ყველა მხარისთვის, არ შეიცვლება”, – აცხადებენ კომპანიაში.
გავრცელებულ განცხადებაში საუბარია თანამშრომელთა შემცირებაზეც. კომპანიის მენეჯმენტი მათ მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას პროფკავშირს აკისრებს. “ევოლუშენში” აცხადებენ, რომ თანამშრომელთა შემცირების პროცესი შეუქცევადია.
“ევოლუშენი ყველა შესაძლო ზომას მიიღებს, რომ მიმდინარე შემცირების, რომელიც 1000 თანამშრომელს ეხება, მასშტაბები არ გაიზარდოს და მაქსიმალურად შეამციროს პროფკავშირის ნეგატიური გავლენა კომპანიის საოპერაციო საქმიანობაზე და დასაქმებული პირების რაოდენობაზე”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი 12 ივლისს გაიფიცა. მიზეზი არის შრომის ღირსეული პირობების შექმნა. 13 აგვისტოს მათგან რამდენიმემ შიმშილობა დაიწყო. 20 აგვისტოს ერთ-ერთმა გაფიცულმა პირი ამოიკერა.
ცნობილია, რომ მთელ ამ ხნის განმავლობაში გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის უშუალო კომუნიკაცია არ შემდგარა. თუმცა პროტესტი მიმდინარეობდა ურთიერთბრალდებების, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირების ფონზე.
22 აგვისტოს, გაფიცვიდან 42-ე დღეს, მათ სახალხო დამცველი შეხვდა. ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ საკითხს სწავლობენ და გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.
გაფიცვის მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის წაიკითხეთ სტატია:








