საზოგადოება

მუშაობა წაქცევამდე და სახიფათო სიბინძურე — რას ჰყვებიან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები

11 ივლისი, 2024 •
მუშაობა წაქცევამდე და სახიფათო სიბინძურე — რას ჰყვებიან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები

„ხალიჩებში ჩამჯდარია მტვერი. გვყავს რწყილები, ტკიპები, სხვადასხვა სახის მწერი. დაკბენილები არიან თანამშრომლები. ზოგი ძალიან ალერგიულია და საავადმყოფოშიც გადაუყვანიათ მაგის გამო. მეც დამეწყო ალერგია. ორი წლის წინ არაფერი მჭირდა, მაგრამ ახლა მაწუხებს. მოთამაშეები მწერენ, რა გჭირსო… ძალიან შემაწუხებელია“, — ასე აღწერს თავის სამუშაო პირობებს “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში “ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელი ეკა კაბოსნიძე.

ეკა ერთ-ერთია ონლაინ კაზინოს იმ ათასობით თანამშრომელს შორის, რომლებიც 12 ივლისის 12 საათიდან გაფიცვას გეგმავენ.

„გაფიცვა იქნება სრულმასშტაბიანი და უვადო, გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენი ხანიც დასჭირდება დასაქმებულების შრომითი უფლებების მოგვარებას“ ,— ამბობენ „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლები. ისინი 12 ივლისს, 19:00 საათზე, გეგმავენ სოლიდარობის აქციასაც.

„ვაცნობიერებთ რა, რომ აღნიშნულ კომპანიაში მიღწეული შედეგები ჯაჭვური რეაქციით აისახება სხვა სამუშაო სივრცეებში დასაქმებულთა მომავალზეც. ამავდროულად, საზოგადოების მხარდაჭერა და სოლიდარობა მნიშვნელოვნად აძლიერებს პროტესტს, მიგვაჩნია, რომ გაფიცვის პირველმა დღემ სოლიდარობის მუხტის გარეშე არ უნდა ჩაიაროს“, — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ გაფიცულებს.

შეკრების ადგილია კომპანიის ერთ-ერთი ოფისის მიმდებარე ტერიტორია  — მექანიზაციის ქუჩა #1.

„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს. თანამშრომელთა ნაწილმა დააფუძნა პროფესიული კავშირი „ევო-კავშირი“. აღნიშნული პროფკავშირის ინფრომაციით, გაფიცვას აპირებს დასაქმებულთა ნახევარზე მეტი — 5000-მდე ადამიანი. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია.

რა იგულისხმება ღირსეულ სამუშაო პირობებში?

გაფიცულებს, პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.

ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „მაუწყებელმა“ გაავრცელა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ აღნიშნული სქრინები რამდენიმე წლის წინანდელია. თუმცა კომპანიის თანამშრომლები ნეტგაზეთთან აცხადებენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება მენეჯმენტის მხრიდან კვლავ გრძელდება. მათივე ინფორმაციით, ამ ადამიანთა ნაწილი დღემდე მუშაობს კომპანიაში.

ამბავს მეორე დღესვე გამოეხმაურა „ევოლუშენ ჯორჯია“. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მიმოწერის შინაარსი მათთვის მიუღებელია, საკითხს შეისწავლიან და მიიღებენ „უმკაცრეს ზომებს“.

“გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე თანამშრომლის მიმოწერას ეხება, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. დაწყებულია შესაბამისი ქმედებები, რათა გამოკვლეულ იქნას პრობლემის სათავე და მივიღოთ უმკაცრესი ზომები. არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა თანამშრომელი იცავს და პატივს სცემს ჩვენს საერთო ღირებულებებს.

ყველაფერს ვაკეთებთ პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს უზრუნველსაყოფად, თუმცა 8000-მდე ადამიანისგან შემდგარ გუნდში, სამწუხაროდ, ყოველთვის იქნება გამოწვევები თანამშრომლების გაკონტროლებასა და მიუღებელი ქმედებების დროულად გამოვლენასთან დაკავშირებით”, — ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც კომპანიის ფეისბუქგვერდზე 3 ივლისს გამოქვეყნდა.

სქრინების გავრცელების მიმენტისთვის გაფიცვა უკვე დაგეგმილი იყო. ამას წინ უძღოდა 3-კვირიანი მედიაცია, რომელშიც ჩართული იყო ჯანდაცვისა და სოციალურ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი. მოლაპარაკებებზე მხარეებმა — კომპანიის მენეჯმენტმა და დასაქმებულთა პროფკავშირმა — შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა გაფიცვა დააანონსა.

თავის მხრივ, მედიაციის დაწყებას წინ უსწრებდა სხვადასხვა ფორმატში კომუნიკაციის მცდელობები შრომის პირობების შესახებ მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის. ამან ფორმალური მხარე მას შემდეგ შეიძინა, რაც 2022 წელს „ევოლუშენში“ დასაქმებულთა პროფკავშირი, „ევო-კავშირი“ შეიქმნა. “ევო-კავშირის” ინფორმაციით, ორი წლის განმავლობაში, მედიაციამდე, პროფკავშირსა და მენეჯმენტს შორის 5 შეხვედრა გაიმართა. ხელშესახები შედეგი არც ამ შეხვედრებს ჰქონია.

ამის მიზეზად პროფკავშირის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, ნიკოლოზ კატარაპიაშვილი, მენეჯმენტის მხრიდან მათ მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებას ასახელებს. იგი ამბობს, რომ ის შეხვედრებიც კი, რაც მათ შორის შედგა, მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა და კომპანიისგან რეალური თანამშრომლობის მზაობას არ გამოხატავდა.

“ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, კონსტრუქციულად და მოლაპარაკებების გზით მიგვეღწია შეთანხმებისთვის. თუმცა მათი დამოკიდებულება იყო, „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის”.

თავიდანვე ძალიან ბევრი მოთხოვნა წავუყენეთ, 40-მდე. აქედან დაახლოებით 4-5 დაკმაყოფილდა — ისეთები, რომლებიც “ევოლუშენისგან” ფინანსურ დანახარჯს არ მოითხოვდა, ან ნაკლებ დანახარჯს მოითხოვდა. ხელფასზე საუბარი ყოველთვის გადადებული იყო. გვეუბნებოდნენ, რომ “ევოლუშენი”  არ აპირებს ფინანსური დანახარჯის გაზრდას. მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ მივაღწიეთ”, — ამბობს ნიკოლოზი.

ევო-კავშირის სტენდი “ევოლუშენ ჯორჯიას” ოფისის წინ, სადაც პროფკავშირის წევრები თანამშრომლებს გაფიცვის შესახებ ინფორმაციას აცნობენ.

სწორედ ხელფასის ზრდაა დასაქმებულთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. მათი თქმით, ინფლაციისა და ფასების ზრდის ფონზე უნდა გაიზარდოს ანაზღაურებაც.

“მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას აქვს ძალიან, ძალიან დიდი რესურსი, ხელფასის მომატება არ უნდათ. გვითხრეს, ადამიანს ხელფასს თუ მოუმატებ, ეს კმაყოფილება 6 თვეს გასტანს, მერე თავიდან მოგინდებათო. თანამშრომლების უმეტესობა არიან მარტოხელა დედები; ადამიანები, რომლებსაც აქვთ დიდი სესხები; ბევრია სტუდენტი, რომელიც ცხოვრობს ქირით. ამ ხელფასით არსებობაც გვიჭირს”, — ამბობს ეკა კაბოსნიძე, რომელმაც აქ მუშაობა კორონავირუსის პანდემიის დროს დაიწყო და წუხს, რომ მას შემდეგ საყოფაცხოვრებო პროდუქტების ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მისი ანაზღაურება კი — არა.

მახარე პატაშურს, რომელიც კომპანიაში დაახლოებით ორი წელია მუშაობს, აქვს კიდევ ერთი არგუმენტი: მისი თქმით, ონლაინ კაზინოს სხვა ფილიალებში ანაზღაურება ბევრად მაღალია მაშინ, როცა თანამშრომლები ყველა ქვეყანაში მსგავსი დატვირთვით მუშაობენ.

“კანადაში 18 დოლარია საათში იმ პოზიციაზე, რაზეც მე ვმუშაობ. 800 დოლარი- კიდევ ბონუსად. მე მაქვს 4.5 ლარი საათში. ამბობენ, რომ ის კანადაა, იქ ცხოვრება ძვირიაო. თუმცა ჩვენ ხომ ქვეყნებს არ ვადარებთ?! ჩვენ ვადარებთ შრომას. იმას, რასაც ვაკეთებ და რის შესაბამისადაც მეკუთვნის ანაზღაურება. 10-ჯერ უფრო მეტი რომ აქვთ იმავე პოზიციაზე სხვა ქვეყნებში ხელფასი და მე ვითხოვ, რომ 2-ჯერ მეტი მქონეს, ალბათ, ეს არ უნდა იყოს პრობლემა.

გვითხრეს, ხელფასებს არ ვზრდით იმიტომ, რომ რაღაცა კომპანიას ვუკვეთავთ კვლევებს, თუ როგორი სამუშაო ბაზარია საქართველოშიო. ის კომპანია იკვლევს და გვეუბნება, გასაზრდელი არის თუ არაო. მივხვდით, რომ ის კომპანია მხოლოდ იმას ითვლის, რამდენი უნდა გადაუხადოს ევოლუშენმა დასაქმებულს, რომ, მაგალითად, რომელიმე სუპერმარკეტში არ გაექცეს თანამშრომელი, მეტს არაფერს”, — ამბობს მახარე პატაშური.

ანტისანიტარია და ჰიგიენური ნორმების გაუმჯობესება

“ევოლუშენის” თანამშრომლები ამბობენ, რომ ანტისანიტარიის გამო სამუშაო სივრცეში ბევრი მწერია, გავრცელებული იყო მუნი, ხშირად ემართებათ სხვადასხვა ტიპის ალერგია. ერთ-ერთი, ვისაც არასათანადო ჰიგიენური პირობების გამო ალერგია განუვითარდა, ეკა კაბოსნიძეა.

“როცა 7000 ადამიანი ერთმანეთს ვენაცვლებით, ჰიგიენის დაცვა არის ძალიან რთული. სამწუხაროდ, მექანიზაციის ქუჩაზე ხშირად ითიშება წყალი. იმდენი თანამშრომელი ვართ, ნახევარი საათითაც რომ გაითიშოს წყალი, უკვე კატასტროფა ხდება. უწევთ საპირფარეშოების ჩაკეტვა. გვაქვს ძალიან მცირე შესვენება, რა დროსაც სხვა შენობებში სირბილს ვერ ვასწრებთ. ხელის დაბანა გინდა, საპირფარეშოში შესვლა გინდა, ჭამა გინდა … არ გვაქვს წყლის რეზერვუარები, რაც, წესით, ძალიან მარტივი მოსაგვარებელია, მაგრამ არც მაგისთვის იწუხებენ თავს.

წლებია, მზე არ შესულა იმ ოთახებში, სადაც ამდენ საათს ვატარებთ. არის 6 წლის წინ დაგებული ხალიჩები და ფარდები. წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაში იქნება?! ლაგდება, მაგრამ არ ტარდება სათანადო დეზინფექცია. რაღაც სითხის დასხმა და ერთი სველი ტილოს 100 მაგიდაზე გადასმა არ კმარა იმიტომ, რომ ამ ხალიჩებში არის ჩამჯდარი მტვერი. გვყავს რწყილები, ტკიპები, სხვადასხვა სახის მწერები. დაკბენილები არიან თანამშრომლები. ზოგი ძალიან ალერგიულია და საავადმყოფოშიც გადაუყვანიათ მაგის გამო. მეც დამეწყო ალერგია. ორი წლის წინ არაფერი მჭირდა, მაგრამ ახლა მთელი დრო ვიფხან. მოთამაშეები მიწერენ, რა გჭირსო და ა.შ. რაც ძალიან შემაწუხებელია”, — გვიყვება ეკა კაბოსნიძე.

მახარე პატაშური ამბობს, რომ კომპანიას არ უნდა, მუშაობა გააჩეროს იმისთვის, რომ სათანადოდ დაასუფთაოს გარემო, რაც იწევს ანტისანიტარიას.

“დეზინფექციისთვის 2-3 საათი საკმარისი არ არის. ქიმიური ხსნარებით ამხელა სივრცის დამუშავებას და შემდეგ ამის განიავებას დრო სჭირდება. ამას არ აკეთებენ იმიტომ, რომ არ უნდათ სამუშაო პროცესი გაჩერდეს. 24-საათიანია კაზინო. ამის გამო გავრცელებულია კანის დაავადებები, მუნი. ბევრ მწერია, სულ ნაკბენები გვაქვს ხელებზე”, — ამბობს მახარე.

ეკა კაბოსნიზე

კონდიცირების მექანიზმის გამართვა

“ევოლუშენში” დასაქმებულები გვიყვებიან, რომ სამუშაო სივრცეში კონდიციონერები ისეა განლაგებული, რომ ჰაერის ნაკადი ინტენსიურად უბერავს კონკრეტული მაგიდებისკენ, სადაც სხედან. გარდა ამისა, სისტემის გაუმართაობის გამო ვერ ხდება ტემპერატურის სათანადო რეგულირება. დისკომფორტის გარდა, ეს იწვევს სურდოს, გაციებას და სახსრების ტკივილს.

“ცხადია, 8000 ადამიანს ვერ მოერგები, მაგრამ, უნდა იყოს საშუალო ტემპერატურა, რაც ყველასთვის მეტ-ნაკლებად მოსახერხებელი იქნება. კონდიციონერები ისეა განლაგებული, პირდაპირ მიბერავს ხან წელში, ხან კეფაში. იმდენად ინტენსიურად, რომელიც უბრალოდ გყინავს იმ მომენტში. ძალიან ბევრჯერ ამის გამო წელის ტკივილით წავსულვარ სახლში. რამდენიმე თანამშრომელს ქრონიკული სინუსიტი დაემართა.

ცოტა ხნის წინ ვესაუბრე ერთ გოგოს, რომელმაც თქვა, რომ დაემართა ყურის ანთება და სერიოზულად შეერყა ჯანმრთელობა. ზოგჯერ ძალიან ცხელა, შემდეგ ძალიან ცივა. ტემპერატურის ასე სწრაფი ცვლილების გამო ცივდები. ზოგს სუსტი იმუნიტეტი აქვს, ზოგს -ძლიერი. მე რომ არ გავცივდი, ეს არ ნიშნავს, რომ სხვას რამე ქრონიკული დაავადება არ დაემართება”, — ამბობს ეკა.

შესვენებების რაოდენობის ზრდა

როგორც “ევოლუშენის” თანამშრომლები გვიყვებიან, თამაშის წარმდგენებს 2 საათში ერთხელ, ნახევარსაათიანი შესვენება აქვთ, ე.წ. შაფლერებს, ანუ ბანქოს მჩეხავებს — 3.5 საათში ერთხელ. უფრო ხშირი დასვენების საჭიროებას დასაქმებულები სტრესული სამუშაო გარემოთი ხსნიან.

“8 საათი არის სატანდარტული სამუშაო ცვლა, მაგრამ, ვმუშაობთ 10, 11, 12 საათი. იძულებული ვართ იმიტომ, რომ სხვანაირად საკმარისი ხელფასი არ გვექნება. შესვენება არის ცოტა. მაგალითად, შეიძლება 12 საათში მქონდეს მხოლოდ ოთხი 25-წუთიანი შესვენება. ძალიან ცოტაა ეს დრო იმისთვის, რომ საპირფარეშოში შესვლაც მოასწრო, ხელის დაბანაც და სხვა საჭიროებებიც. შესვენების დროს ძირითადად გადარბენაზე ვართ. არ გრჩება დრო, ამოისუნთქო, ტვინი გაანიავო, ჟანგბადი მიიღო ამდენი საათი დახურულ სივრცეში ყოფნის მერე.

ვინც არ იცის სამუშაოს სპეციფიკა, შეიძლება იფიქროს, რა საჭიროა საათ-ნახევარში და ორ საათში ერთხელ შესვენებაო, მაგრამ აქ თუ იმუშავებთ, მერე მიხვდებით. ის საათ-ნახევარი და ორი საათი ხარ სრულად რობოტი — გაციებული რომ იყო, ცხვირს ვერ მოიწმენდ, ვერ ჩაახველებ, უნდა ილაპაარკო გაუჩერებლად, ყელი გიშრება, წყალს ვერ დალევ”,— გვიყვება ეკა.

სამუშაოს სპეციფიკის გამო მომეტებულ სტრესზე, რის გამოც ხშირი დასვენების საჭიროებას ითხოვენ, გვიყვება მახარეც:

“სივრცე არის ძალიან სტრესული. წარმოიდგინეთ, არის დიდი ლაბირინთები დარბაზებში, სადაც სულ მაგიდებია. ყოველი მაგიდის თავზე არის ორი კამერა, რომელიც გიყურებს, ერთი ეკრანი და გარშემო 5-6 პროჟექტორი, რომელიც სახეზე განათებს და თვალებს გწვავს. დახურული სივრცე და არავითარი ფანჯარა. ორი საათი უწევს ადამიანს, უყუროს ეკრანს ისე, რომ გვერდით გახედვაც არ შეიძლება, თავის გამოძრავება არ შეგიძლია, გადალაპარაკება არ შეგიძლია.

უბრალოდ რომ გადაელაპარაკო თანამშრომელს, ქულა გაკლდება, ბონუსს კარგავ და ხელფასზე მოქმედებს. ამიტომ იძაბები. გვეუბნებიან ხოლმე, გირების აწევა ხომ არ გიწევთ, მძიმე სამუშაოზე რომ ლაპარაკობთო, მაგრამ მარტო ეგ ხომ არ არის?! ერთი პასუხიც მოგვისმენია — ვიდეოებს ჩაგიწერთ, როგორ მოიხსნათ სტრესიო. დაცინვა არაა?!”, — ამბობს მახარე.

მახარე პატაშური / კადრი ვიდეოდან: მაუწყებელი

დაზღვევის პირობების გაუმჯობესება და სამედიცინო სივრცის მოწყობა

“ევოლუშენის” თანამშრომლები ამბობენ, რომ სტრესული სამუშაო გარემოს, კონდიცირებისა და ტემპერატურის რეგულირების პრობლემის გამო, ყოველდღე ვიღაც მაინც ცუდად ხდება და სამუშაოს შეწყვეტა უწევს. ასეთ დროს, შესაძლოა, საყვედური მიიღოს და ბონუსი დაკარგოს, რაც მათი ანაზღაურების დიდი ნაწილია.

“7000 ადამიანი რომ მუშაობს, რამე სამედიცინო პუნქტი და ექიმი როგორ არ უნდა იყოს ადგილზე?! მით უმეტეს, რომ თითქმის ყოველდღე გამოჰყავთ ადამიანები კონტეინერში. ეს არის ბუნკერივით სივრცე, პატარა, დაახლოებით 4 კვადრატული მეტრი, სადაც არის სიცხის და წნევის გასაზომი საშუალებები. ხშირად კონტეინერში გამოჰყავთ ატირებული ადამიანები, რომლებსაც აქვთ პანიკური შეტევები. ურეკავენ სასწრაფოს, რომელიც მოდის ნახევარი საათის შემდეგ. სანამ ის მოვა, მენეჯერი გამუშავებს — არა უშავს, ვის არ მოსდის ასეთი რამ, მიდი, ჩაი დალიე და 2 წუთში გააგრძელე მუშაობა”, — ჰყვება მახარე.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს შორის სახელდება ვალდებულება, რომ დამსაქმებელს, მინიმუმ, 8 საათით ადრე შეატყობინო ბიულეტენის გახსნის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საყვედური დაგეწერება, რაც აუცილებლად იმოქმედებს ანაზღაურებაზე თვის ბოლოს. იგივე ლოგიკა მოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ სამუშაო დროს გახდი ცუდად.. ეკა კაბოსნიძე ამბობს, რომ შეუძლებელია, ყოველთვის შეძლო და 8 საათით ადრე განსაზღვრო, ავად გახდები თუ არა.

“სამსახურში წამოსვლისას ამტკენია ბრმა ნაწლავი, კბილი. 8 საათით ადრე ვერ მეცოდინებოდა, რომ 8 საათის შემდეგ ცუდად გავხდები. ვითხოვთ, რომ ამის გამო საყვედური არ დაგვეწეროს”,— ამბობს ეკა.

ნიკოლოზ კატაპარიაშვილის თქმით, “ევო-კავშირის” პროტესტისა და ძალისხმევის წყალობით, გამონაკლისად დაუშვეს შემთხვევა, როცა თანამშრომელს ტემპერატურა აუწევს. ასეთ დროს საყვედური აღარ იწერება. შესაბამისად, ეს შემთხვევა არც ანაზღაურებაზე მოქმედებს.

კატაპარიაშვილის თქმით, “ევო-კავშირის” დამსახურებაა ისიც, რომ კომპანია უკვე ყველა კლინიკაში გაცემულ სამედიცინო ცნობას იღებს. ის ამბობს, რომ იქამდე, წლების განმავლობაში, „ევოლუშენი“ მხოლოდ კონკრეტული კლინიკების მიერ გაცემული ცნობის ლეგიტიმაციას აღიარებდა, რის გამოც დასაქმებულებს პრობლემები ექმნებოდათ. მაგალითად, უწევდათ ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში წასვლა ექიმთან კონსულტაციისა და ცნობის აღებისთვის.

ნიკოლოზ კატაპარიაშვილი

ნიკოლოზი იხსენებს რამდენიმე შემთხვევას, როცა კომპანიამ სათანადოდ არ იზრუნა დასაქმებულთა ინტერესების დაცვაზე და მათ არასათანადო პირობებში მუშაობა მოუწიათ. მისი თქმით, პროფკავშირი მსგავს შემთხვევებზე მუდმივად ცდილობს რეაგირებას, რის შედეგადაც სიტუაცია უმჯობესდება. თუმცა სისტემური ცვლილებებისთვის გაფიცვის გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

“2024 წლის დასაწყისში ერთ-ერთ შენობაში იყო მოკლე ჩართვა — კაბელები დაიწვა. ამის მიუხედავად, არ შეწყდა სამუშაო პროცესი და ამ კაბელების ნამწვავის სუნში ამუშავეს დასაქმებულები. როგორც კი გავიგე, მივედი იმ შენობაში, იმ სართულზე და მოვუწოდე თანამშრომლებს, შეეწყვიტათ ამ პირობებში მუშაობა. 10-მდე დასაქმებული გამოვიდა, დანარჩენები დარჩნენ. შეეშინდათ, ბონუსი არ დაეკარგათ ან რამე დისციპლინური ღონისძიება არ გაეტარებინათ მათ მიმართ. პოლიციაც გამოვიძახე, ოქმიც შედგა, მაგრამ მაინც მიიჩქმალა ეს ამბავი.

რამდენიმე დღის შემდეგ სხვა შენობაში ვენტილაციამ შემოიტანა დენთის სუნი. მეც ვმუშაობდი იმ მომენტში იმ სივრცეში. ამჯერად  20-25 დასაქმებულმა შევწყვიტეთ მუშაობა. კიდევ ერთ შენობაში მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა რემონტი: მტვერი, წებოსა და საღებავის სუნი ერთმანეთში ირეოდა. ამის მიუხედავად, სამუშაო პროცესი არ შეწყვეტილა. ვიღაცებს ალერგია ჰქონდათ, ცუდად ხდებოდნენ, მაგრამ კომპანიას არ უნდოდა სამუშაო პროცესის გაჩერება. ჩვენც ავდექით და სიმბოლურად დავხურეთ ამ შენობის მე-2 სართული. მთელი რვა საათის განმავლობაში არ მივეცით სამუშაო პროცესის გაგრძელების საშუალება. ეს ყველაფერი ერთმანეთზე მიეწყო, დაემატა სხვა ამბები და ასე, ნელ-ნელა მივედით გაფიცვის გადაწყვეტილებამდე”, — გვიყვება ნიკოლოზი.

იმ საკითხებს შორის, რომელიც მოლაპარაკების მაგიდაზე იყო, არის ჯანსაღად კვების შესაძლებლობა სამუშაო ადგილას და საკვები ვაუჩერების შემოღება; ჩაის დატოვების ფუნქციის ამოქმედება; პროფკავშირთან ნაყოფიერი თანამშრომლობა და მისი წევრებისთვის არამტრული გარემოს უზრუნველყოფა და სხვა.

გრაფიტი “ევოლუშენ ჯორჯიას” ოფისის წინ: ფრაზა კომპანიის მენეჯერთა ჩატიდან, სადაც თანამშრომლებს დამამცირებელ კონტექსტში მოიხსენიებდნენ

“ევო-კავშირი” პროფკავშირ “ლაბორის” ბაზაზე შეიქმნა. სწორედ “ლაბორი” ეხმარება მათ სამართლებრივი პროცედურების სწორად დაგეგმვასა და ორგანიზებაში. პროფკავშირის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ მათი მიზანი გაფიცვა არ არის. თუმცა მოლაპარაკების პროცესში კომპანიის მენეჯმენტისგან თანამშრომლობის მზაობა ვერ დაინახეს.

“გვქონდა იმედი, რომ დამსაქმებელი დათმობებზე წამოვიდოდა. თუმცა ის დარწმუნებულა, რომ დასაქმებულებს არ სჭირდებათ სოციალური ბენეფიტების და შრომითი პირობების გაუმჯობესება. ისიც კი არ სჭირდებათ, რომ კვებით უზრუნველყოს იმიტომ, რომ როგორც თავად ამბობენ, გაზარმაცდებიან. ამიტომ ვერ შედგა ეს შეთანხმება. არ წამოვიდნენ ძირითად საკითხებზე. სავარაუდოდ, აქვთ იმედი, მოლოდინი, რომ გაფიცვა ვერ შედგება და უფრო მყარი პოზიციებით გამოვლენ ამ მდგომარეობიდან. თუმცა გაფიცვა აუცილებლად შედგება და აუცილებლად წარმატებული იქნება”, — ამბობს დიასამიძე.

მისი მტკიცებით, კომპანიამ დაიწყო პროტესტის მონაწილე თანამშრომლების დისკრედიტაცია. ასევე, მათში ნიჰილიზმის დათესვის მცდელობა. თუმცა ამბობს, რომ ყველა რისკი გათვლილი აქვთ და დარწმუნებულია, რომ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ.

“ნებისმიერი გაფიცვა შეიცავს რისკს. ამ შემთხვევაშიც ვაცნობიერებთ ამ რისკს. თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გაფიცვა წარმატებული აღმოჩნდეს. მე მაქვს მოლოდინი, რომ უფრო მეტი ადამიანი გაიფიცება, ვიდრე წინასწარ განისაზღვრა. შესაძლოა, ზოგმა შვებულება აიღოს, ზოგმა სხვა რამე გაკეთოს. თუმცა შეიქმნება ის პრობლემა, რომ დამსაქმებელს არ ეყოლება დასაქმებულები”, — ამბობს დიასამიძე.

რას ამბობენ “ევოლუშენ ჯორჯიაში”?

„ევოლუშენ ჯორჯიას“ ვკითხეთ, შესაძლებელი იყო თუ არა, გამოეყოთ პასუხისმგებელი პირი, რომლისთვისაც ყველა არსებული კითხვის დასმის საშუალება გვექნებოდა. თუმცა კომპანია მოკლე წერილობითი კომენტარით შემოიფარგლა.

“გიდასტურებთ, რომ ევოლუშენი მონაწილეობდა სამედიაციო პროცესში, კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით. ჩვენ ვიყავით კონსტრუქციულ დიალოგში შესაბამის მხარეებთან, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ შევთანხმდით, რის შედეგადაც თანამშრომლების ნაწილმა გადაწყვიტა, მიმართოს გაფიცვის გზას.

ევოლუშენი პატივს სცემს ყველა ადამიანის უფლებას, გამოხატოს საკუთარი თავი და ამ უფლებას ვაღიარებთ, თუკი ის კანონიერების ფარგლებშია გამოხატული”, — მოგვწერეს კომპანიიდან.

სახალხო დამცველის გამოხმაურება

10 ივნისს, გაფიცვამდე ორი დღით ადრე, მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. ომბუდსმენის აპარატი მოუწოდებს “ევოლუშენ ჯორჯიას”, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა შეთანხმების მისაღწევად და თავი შეიკავოს დასაქმებულთა ღირსების შემლახავი ქმედებებისგან.

“ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო და შრომის ღირსეული ანაზღაურება შრომითი უფლების განუყოფელი ნაწილია და მასზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ღირსეული ცხოვრება. გასათვალისწინებელია, რომ ევროპის სოციალური ქარტია, რომლის ხელშემკვრელ მხარეს საქართველოც წარმოადგენს, აღიარებს ყველა მუშაკის უფლებას, ჰქონდეს უსაფრთხო, სამართლიანი შრომის პირობები და შრომის სათანადო სამართლიანი ანაზღაურება, რაც უზრუნველყოფს მათი და მათი ოჯახების ცხოვრების ღირსეულ დონეს.

როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა მოწმობს, სამწუხაროდ, დასაქმებულების მიერ შრომითი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნა ან სამუშაოსთან დაკავშირებული კრიტიკის გამოთქმა ზოგადად დამსაქმებლების მხრიდან მიუღებელ პოზიციად ფასდება და ხშირად საფუძვლად ედება დამსაქმებლის მიერ განსხვავებული მოსაზრების გამო მშრომელების შევიწროებას, სამსახურიდან გათავისუფლებას ან შრომითი უფლებების სხვაგვარ დარღვევას”, — ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, საქმის მოკვლევა უკვე დაწყებული აქვს შრომის ინსპექციას.

მთავარი ფოტო: გრაფიტი “ევოლუშენ ჯორჯიას” ოფისის წინ.

მასალების გადაბეჭდვის წესი