საზოგადოება

რატომ დუმს მთავრობა პროტესტზე, რომელიც შრომით უფლებებს და პოტენციურად ათასობით სამუშაო ადგილს ეხება

10 სექტემბერი, 2024 •
რატომ დუმს მთავრობა პროტესტზე, რომელიც შრომით უფლებებს და პოტენციურად ათასობით სამუშაო ადგილს ეხება

უკვე ორი თვეა, „ევოლუშენის“ თანამშრომლების ნაწილი გაფიცულია და შრომით უფლებებზე ჩივის. გაფიცულებიდან რამდენიმე ადამიანმა პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობასაც კი მიმართა.

პარალელურად, “ევოლუშენ გეიმინგი”, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, საუბრობს იმაზე, რომ ამცირებს თავის წარმომადგენლობას ქვეყანაში, რაც უშუალოდ ახალგაზრდებზე მორგებული სამუშაო ადგილების გაუქმებასაც ნიშნავს.

კონფლიქტის ასეთი მასშტაბების მიუხედავად, მთელი ამ დროის მანძილზე ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს, არცერთ უწყებას კომენტარი არ გაუკეთებია, არცერთი მათგანს გაფიცულებთან კომუნიკაცია, მათი მოსმენა და მათთან საუბარი არ უცდია, თუ სახალხო დამცველის აქტივობებს არ ჩავთვლით. ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს გამოუთქვამს მზაობა, რომ კომპანიასა და გაფიცულ დასაქმებულებს შორის კონფლიქტში ჩარეულიყო.


“ევოლუშენში გაფიცულებს 45-მდე მოთხოვნა აქვთ. ყველა მათგანი შრომის პირობების გაუმჯობესებას ეხება. ძირითადი მოთხოვნა ხელფასების მატებაა.

მოშიმშილე 4 ადამიანიდან ახლა მხოლოდ ერთი, მახარე პატაშური აგრძელებს შიმშილობას. დანარჩენებმა ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და სასწრაფოს მიერ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან და, როგორც პროფკავშირში გვეუბნებიან, თავს უკეთ გრძნობენ. თავს სუსტად გრძნობს მახარე პატაშურიც.

გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტის მწვავე ფორმებს კომპანიის ხელმძღვანელობისა და ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის და უგულებელყოფის გამო მიმართავენ. 

პროფკავშირ “ლაბორის” ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე საუბრობს იმის შესახებაც, რომ გაფიცულებს აღარ აქვთ ნდობა სახელმწიფოს ხელში არსებული ინსტრუმენტის, შრომის ინსპექციის მიმართ, რომელმაც “ევოლუშენ გეიმინგი” შეამოწმა, მაგრამ დარღვევა ვერ აღმოაჩინა. გაფიცული და მოშიმშილე მახარე პატაშური კი ხაზს უსვამს, რომ ეს შემოწმება წინასწარ იყო დაანონსებული, ანუ კომპანიამ იცოდა, რომ ინსპექტირებას აპირებდნენ.

„სახელმწიფო ემსახურება ქვეყანაში დაბალი შრომითი სტანდარტების დამკვიდრებას და დაკანონებას, არ აკეთებს არაფერს. არაფერს აკეთებს იგივე შრომის ინსპექცია, რომელიც ჩვენთვის, როგორც პროფკავშირებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ინსტიტუტია, მაგრამ მოქმედებს ისე, რომ მის მიმართ არანაირი ნდობა არ გაგვაჩნია. შემოვიდა „ევოლუშენში“ შრომის ინსპექცია და ვერ აღმოაჩინა ვერანაირი მწერი და მკბენარი, რაზეც თანამშრომლები საუბრობდნენ, ვერ გამოავლინა დისკრიმინაციის ფაქტები, არ გამოჰკითხა მოწმეები, ვინც ინსპექციაში სარჩელი შეიტანა. „ევოლუშენსაც“ ეს აქვს ახლა ხელზე დახვეული, რომ შრომის ინსპექციამ ვერანაირი დარღვევა ვერ იპოვა“, — გვიყვება გიორგი დიასამიძე.

„ევოლუშენ ჯორჯია“ ახალგაზრდების ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად ითვლება. ის ქვეყანაში 8000-ზე მეტ ახალგაზრდას ასაქმებს. თავის მხრივ ესეც ბადებს კითხვებს ხელისუფლების დუმილის მიზეზებთან დაკავშირებით. თუ შრომით უფლებებზე გაფიცულების პრეტენზიები არ არის დამაჯერებელი, ყურადღების ღირსი და თუ კომპანია მათთან პირნათელია სახელმწიფოს ხედვით, რატომ დუმს ის, როდესაც კომპანია ქვეყნიდან მინიმუმ ნაწილობრივ გასვლაზე საუბრობს და, შესაბამისად, შეიძლება ამდენი სამუშაო ადგილი დაიკარგოს, რომელშიც უშუალოდ ახალგაზრდები მუშაობენ?

კომპანიაში ნეტგაზეთთან აზუსტებენ, რომ ქვეყნიდან გასვლას ჯერ არ გეგმავს და ამაზე საუბარი არ არის.

„საუბარია საოპერაციო ადგილების შემცირებაზე. ეს პროცესი მიმდინარეა და დაახლოებით 30%-ით უკვე შემცირებულია, ცოტა მეტითაც. ჯერჯერობით 110 სამუშაო ადგილს ეხება ეს შემცირება. სამწუხაროდ, ეს განგრძობითი პროცესია და გარდაუვალად მივა ბოლომდე. ეს შემცირება პირველი ეტაპია. თუ უკანონო ბლოკადა გაგრძელდება და ვერ შეძლებენ ადამიანები სამსახურში შესვლას, არ გამოვრიცხავთ, რომ იყოს შემცირების მეორე ტალღაც. რაც შეეხება სახელმწიფოს, ვადასტურებთ, რომ მედიაციის პროცესში ვიყავით ჩართული და იყო სახელმწიფოც წარმოდგენილი, მაგრამ მედიაციის წარუმატებლად დასრულების შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა აღარ ყოფილა. მოლოდინი კომპანიას აქვს იმის, რომ კანონის მიხედვით იმოქმედებს ყველა მხარე — ჩვენც და პროფკავშირიც. სხვა მოლოდინი, მათ შორის, სახელმწიფოს მიმართ, ჩვენ არ გვაქვს“, — უთხრეს ნეტგაზეთს „ევოლუშენ ჯორჯიაში“.

განსხვავებით კომპანიისგან, სახელმწიფოს ჩაურევლობას პროფკავშირი და გაფიცულები მკაცრად აფასებენ, თუმცა თავის მხრივ ისინიც ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმის იმედი აღარ აქვთ.

„სახელმწიფო ამ დროს ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი. გასაგებია, რომ შვედეთს ვერ შევედრებით, მაგრამ მინიმუმ პრეტენზია ხომ გვაქვს, რომ უკეთესი ქვეყანა გავხდეთ. „ევოლუშენში“ დასაქმებულებიც იხდიან გადასახადებს და მათაც სჭირდებათ სახელმწიფოსგან დაცვა. ძალიან მცირე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ჩაერთვება. აქამდე უნდა ჩართულიყო. ღირსეული შრომითი პირობებისთვის შიმშილობა უწევთ ადამიანებს და აქამდე რას ელოდა სახელმწიფო, ჩართვას თუ აპირებდა?!“ — ამბობს გიორგი დიასამიძე.

ნეტგაზეთი ესაუბრა პლატფორმა „კომენტარის“ წევრსა და თანადამფუძნებელს, უფლებადამცველ მერაბ ქართველიშვილს, რომელსაც თავის მხრივ შრომის კოდექსის რეფორმის განხორციელებაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. იურისტის თქმით, მაშინ, როდესაც კომპანია დათმობაზე არ მოდის გაფიცულებთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვან ფაქტორად იქცევა სახელმწიფოს როლი და ფუნქცია.

„ადრე თუ ვხედავდით ხელისუფლებისგან, რომ მანიპულაციურად მაინც ცდილობდნენ პრობლემებზე საუბარს და გადაჭრას, ახლა მცდელობებიც არ აქვთ. ეს ხელისუფლების ბუნების ცვლაზეც მიანიშნებს. ეს „ოცნება“ ის ოცნებაც კი აღარ არის, რაც წლების წინ იყო, როცა თვალის ასახვევად მაინც ცდილობდა პრობლემებს შეხებოდა. ეს აჩვენებს, სადამდე მოვიდა „ქართული ოცნება“ და საით განაგრძობს სვლას არჩევნების შემდეგ, როცა პირდაპირ ავტორიტარული გზებით ჩაახშობს ყველა სახის პროტესტს“, — გვეუბნება მერაბ ქართველიშვილი.

უფლებადამცველი ამბობს, რომ სახელმწიფოს როლი და ფუნქცია შეიძლება იყოს სამართლებრივიც და პოლიტიკურიც. მას შეუძლია მედიაციის ახალი პროცესის წამოწყება. პოლიტიკური როლით პროცესში ჩართვა კი იქნებოდა თუნდაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მხრიდან განცხადების გაკეთება. თუმცა სახელმწიფო ვერ ხედავს, რომ წაყრუების პოლიტიკა მას ელექტორალური თვალსაზრისით ძვირად დაუჯდება.

„ქართული ოცნება“ იმას უყურებს, რამდენად ადგება მიმდინარე მოვლენებით მას [ელექტორალური] ზიანი. როგორც კი დაინახავს, რომ ამ წაყრუების პოლიტიკით გამოწვეული ზიანი აჭარბებს ახლა უკვე არსებულ ზიანს, აუცილებლად მიიღებს გარკვეულ ზომებს. დღეს ამ პროტესტს არ უჭირავს საზოგადოებაში იმხელა ადგილი, რაც ოცნებას დააფიქრებდა, პოლიტიკურ ზიანს მიაყენებდა და პოლიტიკურ ფასს გადაახდევინებდა, ელექტორალური თვალსაზრისით საფრთხეს დაანახვებდა. ეს რომ დაინახოს, ამ კომპანიებს დათმობებზე წასვლას შესთავაზებს, შესაძლოა გარკვეული სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დააკისროს. ახლა აქვთ, ერთი მხრივ, ტაქტიკა, რომ ყური არ შეიბერტყონ, მეორე მხრივ, ხედავენ დიდ ბიზნესს და არ აწუხებენ, და მესამე, არ იღებენ ისეთ ზიანს, რომ უღირდეთ რეაგირება. რომ ვერაფრით მიიპყრო ამ ხალხმა ყურადღება, ამიტომ მიმართავს ასეთ უკიდურეს ზომებს, რაც საშიშიცაა და ძალიან სამწუხარო, რომ ადამიანს 21-ე საუკუნეში სახელმწიფოს და დამსაქმებლის ყურადღების დასამსახურებლად პირის ამოკერვა უწევს“, — ამბობს ქართველიშვილი.

ნეტგაზეთმა სცადა დაჰკავშირებოდა დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. უწყებაში გვპასუხობენ, რომ სამინისტრო კონფლიქტში ჩართული იყო. იგულისხმება მედიაციის პროცესი კომპანიასა და დასაქმებულებს შორის, რაც გაფიცვას უძღოდა წინ, თუმცა  უშედეგოდ, მხარეთა შეთანხმების გარეშე დასრულდა 25 ივნისს. მედიაციას სწორედ სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი წარმართავდა. სამინისტროს მაშინ პროფკავშირმა „ლაბორმა“ მიმართა. მედიაციის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, „ევოლუშენში“ დასაქმებულებს კანონიერი უფლება წარმოექმნათ, რომ გაფიცულიყვნენ. გაფიცვა 12 ივლისს დაიწყო. შიმშილობა კი — 13 აგვისტოს.

გაფიცვის დაწყებიდან დღემდე სამინისტროს მხრიდან რეაგირება მიმდინარე პროცესზე აღარანაირი ფორმით აღარ ყოფილა.

უშედეგოდ დასრულდა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისგან კომპანიასა და დასაქმებულებს შორის გამწვავებული და ჩიხში შესული კონფლიქტის შესახებ კომენტარის მოპოვების მცდელობა. კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ მას შემდეგ, რაც შეიტყო, რის გამო ვუკავშირდებოდით და გვითხრა კიდეც, რომ მოვლენების შესახებ საქმის კურსში იყო, საუბარი არ გააგრძელა და გვითხრა, რომ შეხვედრაზე იყო. შემდეგ კი აღარც ზარებს უპასუხა და აღარც ტექსტურ შეტყობინებებს. კომიტეტის წევრმა ლადო კახაძემ გვიპასუხა, რომ ამ დავის შესახებ საერთოდ არაფერი სმენია და ვერ გააკეთებს კომენტარს იმაზე, რაც არ იცის.

გაფიცულები 21 სექტემბერს ყველაზე მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ.

„ვიწვევთ ყველას, ვისაც ეს თემა აინტერესებს და აღელვებს. მემარცხენე იქნება თუ მემარჯვენე, რა პარტიის წარმომადგენელიც გინდა იყოს ან უპარტიო, სხვადასხვა ჯგუფებსა და ფიზიკურ პირებს. რასაც ხელისუფლება ყოფს „ჩვენიანებად და სხვისიანებად“, ჩვენ ზუსტადაც რომ ვაერთიანებთ იმ პრობლემების გარშემო, რაც ყველას საერთო გვაქვს. ეს არის საერთო, საყოველთაო პრობლემა, ქვეყნის პრობლემა და ამაში მაინც უნდა შეძლონ ადამიანებმა გაერთიანება. იმაში მაინც, რომ ღირსეული შრომითი პირობები ყველას სჭირდება“, — ამბობს გიორგი დიასამიძე.


„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. „ევოლუშენის“ სათავო ოფისი შვედეთში, სტოკჰოლმში მდებარეობს. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს.

12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცულია ათასობით თანამშრომელი. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია. მათ პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.

ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან. 

როგორც „ევოლუშენ ჯორჯია“ აცხადებს, გავრცელებული ინფორმაცია მათთვის მიუღებელია. მათი თქმით, მოკვლევა ჩაატარეს და ინციდენტში მონაწილე პირები კომპანიას ტოვებენ.

13 აგვისტოს რამდენიმე გაფიცულმა შიმშილობა დაიწყო. 20 აგვისტოს ერთ-ერთმა პირი ამოიკერა. 

22 აგვისტოს, გაფიცვიდან 42-ე დღეს, მათ სახალხო დამცველი შეხვდა. ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ საკითხს სწავლობენ და გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.

ცნობილია, რომ ამ ხნის განმავლობაში გაფიცულებსა და დამსაქმებელს შორის უშუალო კომუნიკაცია არ შემდგარა. თუმცა პროტესტი მიმდინარეობდა ურთიერთბრალდებების, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირების ფონზე.

გაფიცვის მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, წაიკითხეთ სტატია:

მასალების გადაბეჭდვის წესი