ახალი ამბები

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „ევოლუშენის“ წინააღმდეგ შვედურ მხარეს საჩივრით მიმართა

21 აგვისტო, 2024 •
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა „ევოლუშენის“ წინააღმდეგ შვედურ მხარეს საჩივრით მიმართა

41-ე დღეა, „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომლების ნაწილი გაფიცულია. 4 გაფიცული უკვე მეცხრე დღეა, შიმშილობს. მათგან ერთ-ერთმა გასულ ღამით პირი ამოიკერა.

მოშიმშილეების მდგომარეობას აკონტროლებენ იქვე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც გაფიცულები ამბობენ, მოშიმშილეებს პერიოდულად მკვეთრად უვარდებათ სისხლში შაქრის დონე  და ასევე წონის მკვეთრი კლება აღენიშნებათ, რაც თავად მათივე თქმით, მოსალოდნელი იყო და ისინი ამისთვის მზად იყვნენ.

„არცერთი ჩვენგანი, თუნდაც ცუდად გახდომის შემთხვევაში, საღ გონებაზე აქედან სასწრაფოს არ გაჰყვება, თუ არ გაგვიტანენ. ნუ გვაიძულებთ ამ მდგომარეობამდე მისვლას“, — ამბობს ერთ-ერთი მოშიმშილე, თამარ ანსიანი.

გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტის მწვავე ფორმებს კომპანიის ხელმძღვანელობის, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის და უგულებელყოფის გამო მიმართავენ.

„მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაერთოს კრიტიკულ ზღვრამდე არსებული პრობლემის მოგვარებაში, არ დაუშვას მოშიმშილეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება, რადგან უკვე ყოველი წუთი გადამწყვეტია მოშიმშილეებისთვის“, — წერდა პროფკავშირი „ლაბორი“ ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ.

ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“  „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების უფლებების დასაცავად საჩივრით მიმართა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სახელმძღვანელო პრინციპების საფუძველზე დაფუძნებულ შვედეთის ეროვნულ საკონტაქტო უწყებას.

„ჩვენ მიერ წარდგენილი საჩივარი შეეხება კომპანია „ევოლუშენის“ მიერ, საქართველოში საქმიანობისას, „მულტიეროვნული კორპორაციებისთვის პასუხისმგებლობიანი ბიზნესსაქმიანობის შესახებ“ OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპებით განსაზღვრული სტანდარტების უხეშ დარღვევას. მათ შორის, შრომის დაბალ ანაზღაურებას, ჯანმრთელობისთვის შეუსაბამო სამუშაო გარემოსა და პირობებს, ანტისანიტარიასა და ჰიგიენის ნორმების დაუცველობას სამუშაო სივრცეში, კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომლებისადმი შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებასა და კომპანიაში არსებულ შრომის პირობებთან დაკავშირებულ სხვა არაერთ პრობლემას“, — წერია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ევოლუშენ ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ისინი პატივს სცემენ ადამიანების განსხვავებულ მოსაზრებას, მათ უფლებას, გამოხატონ პოზიცია ან უკმაყოფილება და ამასთან, გაფიცვის უფლებას, რომელიც კანონის ფარგლებშია გამოხატული.

„ბუნებრივია, თითოეული ადამიანის არჩევანია, იმუშაოს ან არ იმუშაოს ევოლუშენში, თუმცა არასდროს მოვექცევით ძალადობის, მუქარის ან დაშინების ქვეშ. […] უკანონო ქმედებაში ჩართულ ყველა მხარეზე შესაბამისი რეაგირება გვექნება, ფინანსური ზიანის კანონისმიერი გზით მოთხოვნის ჩათვლით. გამოვიყენებთ ყველა კანონიერ გზას, რათა დავიცვათ ჩვენი თანამშრომლების უფლებები და უსაფრთხოება, რომელიც ბოლო პერიოდია პროფკავშირის არამართლზომიერი ქმედების გამო არაერთხელ დადგა რისკის ქვეშ“, — წერია კომპანიის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მანამდე „ევოლუშენმა“ განაცხადა, რომ თუ თანამშრომლების გაფიცვასთან დაკავშირებული მდგომარეობა არ შეიცვლებოდა, კომპანია იძულებული იქნებოდა, ხელშეკრულებები შეეწყვიტა. გუშინდელ განცხადებაში კომპანია ადასტურებს, რომ შემცირების პროცესი დაწყებულია და თანამშრომლების გარკვეულმა ნაწილმა უკვე დატოვა კომპანია. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შემცირების მასშტაბი შეიძლება თანდათან გაიზარდოს.

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა შიმშილობა 13 აგვისტოს, დღის 12 საათიდან დაიწყეს. შიმშილობის დაწყების შესახებ ანონსი 8 აგვისტოს გაავრცელეს.

შიმშილობის დაანონსებიდან მეორე დღეს, 9 აგვისტოს, “ევოლუშენ ჯორჯიამ” განცხადება გაავრცელა და პროფკავშირს არამართლზომიერ ქმედებებში დასდო ბრალი, რასაც, კომპანიის თქმით, კომპანიის შეფერხება, ბიზნესპარტნიორების დაზარალება მოჰყვა. შედეგად კი “ევოლუშენმა” დააანონსა 1000 ადამიანის შემცირება და საოპერაციო საქმიანობის ნაწილის სხვა ქვეყნებში გადატანა.

„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. „ევოლუშენის“ სათავო ოფისი შვედეთში, სტოკჰოლმში მდებარეობს. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს. თანამშრომელთა ნაწილმა დააფუძნა პროფესიული კავშირი „ევო-კავშირი“.

12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცულია ათასობით თანამშრომელი. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია. მათ პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.

ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან.

გაფიცვის მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, წაიკითხეთ სტატია:

მასალების გადაბეჭდვის წესი