ახალი ამბებისაზოგადოება

სახალხო დამცველი „ევოლუშენის“ გაფიცულ თანამშრომლებს გადაწყვეტილების მალე მიღებას დაჰპირდა

22 აგვისტო, 2024 •
სახალხო დამცველი „ევოლუშენის“ გაფიცულ თანამშრომლებს გადაწყვეტილების მალე მიღებას დაჰპირდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი „ევოლუშენ ჯორჯიასთან“ გაფიცული და მოშიმშილე თანამშრომლების სანახავად მივიდა. მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი საქმეს პირველივე დღიდან სწავლობს და შრომითი დისკრიმინაციის მიმართულებით წარმოებულ საქმეზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

“პირველი დღიდან, სანამ მოგვმართავდნენ, საკუთარი ინიციატივით დავიწყეთ მათი საკითხის შესწავლა. რამდენიმე საჯარო განცხადებაც გამოვაქვეყნეთ და მოვუწოდეთ, როგორც დამსაქმებელს, ისე შრომის ინსპექციას, რომ ჩართულიყვნენ ამ საკითხის მოგვარებაში. იმიტომ, რომ საქმე ეხება შრომით დისკრიმინაციას, საქმე ეხება პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას და ა.შ. ყველა ეს საკითხი ჩვენ მიერ იქნა ნაწილობრივ შესწავლილი, ახლაც მიმდინარეობს შესწავლა და ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, დისკრიმინაციის ნაწილში, ჩვენ სულ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, — თქვა სახალხო დამცველმა.

დღეს, 22 აგვისტოს, „ევოლუშენის“ თანამშრომლების ნაწილისთვის გაფიცვის 42-ე დღეა. 4 გაფიცული მეათე დღეა შიმშილობს. ერთმა მათგანმა 20 აგვისტოს ღამით პირი ამოიკერა.

კომპანიის ე.წ. H შენობაში, სადაც მენეჯერები არიან განთავსებული, გაფიცულთა ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებისა და მოშიმშილეების გარდა, არავინ იმყოფება.

შაბათს, 24 აგვისტოს, დილის 6 საათიდან გაფიცულები აანონსებენ მორიგ აქციას – „გააჩერე ევოლუშენი“.

„მოვუწოდებთ ყველას, 24 აგვისტოს არ გამოცხადდნენ სამსახურში, რათა შევინარჩუნოთ მოშიმშილეთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა, „ევოლუშენ ჯორჯიას“ დათმობაზე წამოსვლის ერთადერთი გზა მისი გაჩერებაა.

იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ კრიტიკული ან ფატალური შედეგი, უნდა გავაჩეროთ „ევოლუშენი“. ამის გამოცდილება უკვე გვაქვს. საჭიროა ადამიანური რესურსების მობილიზება. ჩვენს ერთიანობას წინ ვერაფერი აღუდგება“, — წერია პროფკავშირ „ლაბორის“ განცხადებაში.

გაფიცულები ამბობენ, რომ პროტესტის მწვავე ფორმებს კომპანიის ხელმძღვანელობის, ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობის და უგულებელყოფის გამო მიმართავენ.

მოშიმშილეების მდგომარეობას აკონტროლებენ იქვე მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები. როგორც გაფიცულები ამბობენ, მოშიმშილეებს პერიოდულად მკვეთრად უვარდებათ სისხლში შაქრის დონე  და ასევე აღენიშნებათ წონის მკვეთრი კლება, რაც მათივე თქმით, მოსალოდნელი იყო და ისინი ამისთვის მზად იყვნენ.

„ევოლუშენ ჯორჯიამ“ განცხადება გაავრცელა 20 აგვისტოს, სადაც ნათქვამია, რომ ძალადობის, მუქარისა და დაშინების ქვეშ არ მოექცევიან და ყველა კანონიერი გზით ეცდებიან, პასუხი გასცენ გაფიცულთა და პროფკავშირ „ლაბორის“ ქმედებებს, რაც კომპანიის შეფასებით არამართლზომიერია და ზიანს აყენებს კომპანიას.

ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „ევოლუშენმა“ უკვე დაიწყო 9 აგვისტოს დაანონსებული თანამშრომელთა შემცირების პროცესი, კომპანიის შეფერხების, ბიზნესპარტნიორების დაზარალების გამო და შემცირების მასშტაბიც შეიძლება თანდათან გაიზარდოს.

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლებმა შიმშილობა 13 აგვისტოს, დღის 12 საათიდან დაიწყეს. შიმშილობის დაწყების შესახებ ანონსი 8 აგვისტოს გაავრცელეს.

„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. „ევოლუშენის“ სათავო ოფისი შვედეთში, სტოკჰოლმში მდებარეობს. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს.

12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცულია ათასობით თანამშრომელი. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია. მათ პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.

ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან.

გაფიცვის მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, წაიკითხეთ სტატია:

მასალების გადაბეჭდვის წესი