აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში უპასუხეს მოსკოვის ბრალდებას, თითქოს ვაშინგტონი საქართველოში „ფერადი რევოლუციის“ მოწყობასა და ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორებას გეგმავს.
სახდეპის პრესსპიკერის კომენტარს ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.
„ეს ბრალდებები სიცრუეა. ვამაყობთ ქართველ ხალხთან ერთად მუშაობის ისტორიით, უფრო მშვიდობიანი და დემოკრატიული საქართველოს ასაშენებლად. კრემლი 2008 წელს საქართველოში შეიჭრა და დღეს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, და ამავე დროს აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ სასტიკ ომს. ვდგავართ საქართველოსთან ერთად, რუსული აგრესიის წინააღმდეგ“, – ამბობენ სახდეპში.
საქართველოში მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ წლებია საუბრობენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს „დესტრუქციულ ძალების“ მხრიდან მოსალოდნელ რევოლუციურ სცენარებსა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის შესახებ აქამდეც არაერთხელ განუცხადებია და გამოძიებაც დაუწყია, თუმცა ამ საქმეებს ბოლოს ივიწყებენ ხოლმე და არც არავის აკავებენ.
უფრო კონკრეტულად, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო გადატრიალების შეთქმულებებზე 2014 წლიდან საუბრობს აქტიურად, როდესაც შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იყო. ჭიკაიძემ 2014 წელს განაცხადა, რომ ენმ “ევრომაიდნის სცენარზე” მუშაობს და დაწყებული ჰქონდათ საბურავების მომარაგება.
სუსი „დესტრუქციულ ძალებზე“ საუბრობს თავის ბოლო – 2022 წლის ანგარიშშიც. ანგარიშში საუბარია, რომ „საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამოწვევების მცდელობები“. თუმცა სუსი არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების სპეცსამსახურებზეა საუბარი. უწყების ანგარიშში ასევე არაა დაკონკრეტებული, ვინ იგულისხმება დესტრუქციულ ძალებში.
გარდა ამისა, 2023 წლის ოქტომბერში სუს-მა განაცხადა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) პროგრამის ფარგლებში საქართველოში „რევოლუციური სცენარისთვის“ მოსამზადებლად ტრენინგები ტარდებოდა.