ახალი ამბები

მთავარეპისკოპოსი ზენონი სახელმწიფო რელიგიაზე იდეას შეცდომას უწოდებს

28 აგვისტო, 2024 •
მთავარეპისკოპოსი ზენონი სახელმწიფო რელიგიაზე იდეას შეცდომას უწოდებს

მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული შეცდომას უწოდებს მართლმადიდებლობის ახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივას.

უფრო მეტიც, მისი თქმით ეს განაცხადი ეკლესიის ინსტიტუციური განადგურების, დემოკრატიისგან გადახვევის და საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეც-სამსახურების პროექტი შეიძლება იყოს.

“საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება არსებითად გულისხმობს ეკლესიის ინსტიტუციურ დაქვემდებარებას სახელმწიფო ხელისუფლებისადმი.

ის, რომ საქართველოში ეკლესია არ წარმოადგენს სახელმწიფო-სახელისუფლებო დაქვემდებარების ადმინისტრაციულ ორგანოს თუ სტრუქტურას, ინსტიტუციას, ეს განპირობებულია პირველ რიგში ეკლესიის ბუნებიდან. ამასთანავე, ეკლესიის დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან ესაჭიროება თავად სახელმწიფოს, ქვეყნის პოლიტიკური და სხვა გარემოებით შექმნილი კრიზისის დროს იქ, სადაც სახელმწიფოსთვის ან ხელისუფლებისთვის შესაძლოა კარი დაიხუროს. ამიტომ, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების განაცხადი არის შეცდომა.

თუ გამიზნული განაცხადია, სხვა არაფერს მიეახლება გონება, თუ არა ეკლესიის ინსტიტუციური განადგურებისა და სახელმწიფოს დემოკრატიული მმართველობიდან გადახვევის ვერაგულ და ამავდროულად მდარე ჩანაფიქრს, რაც მხოლოდ საქართველოსა და მისი ეკლესიისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეც-სამსახურების პროექტს შეიძლება წარმოადგენდეს. ან კიდევ სამომავლო დიქტატურისა თუ ავტორიტარიზმის მომასწავებელ უბედურებას”, – წერს მთავარეპისკოპოსი.

გუშინ, 27 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ქართული ოცნება” საპატრიარქოსთან კონსულტაციებს გადის მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შესახებ. ინფორმაცია დაადასტურეს პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ და მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. ორივე მათგანი ინიციატივას ეწინააღმდეგება. 

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ 20 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, სადაც ჩამოთვლის იმ მიზეზებს რატომაც უნდათ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შემდეგ, კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვება. ამ მიზეზთაგან სამი მმართველმა პარტიამ თავიდანვე გაავრცელა, ერთზე კი თქვეს მხოლოდ ის, რომ საკითხის “კონსტიტუციით მოწესრიგებას საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს”. განცხადებაში ეწერა, რომ მმართველი პარტია საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს გადიოდა და ინფორმაციას აგვისტოს ბოლოს გაავრცელებდა.

“ქართული ოცნებისთვის” საკონსტიტუციო უმრავლესობის საჭიროების სხვა მიზეზებია პოლიტიკური რევანში და ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, ოჯახური ღირებულებების დაცვის მოტივით შემუშავებული, ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და ცენზურის დამაკანონებელი კანონების მიღება და “ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის აუცილებელ საკონსტიტუციო ცვლილებები”. თუმცა, მმართველ პარტიაში არც იმას აკონკრეტებენ, რას გულისხმობენ ამ უკანასკნელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი