პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება მანდატების გაუქმება იქნება.
როგორც ცნობილია, 2024 წლის არჩევნებზე “ქართული ოცნების” კამპანიის მთავარი გზავნილია ოპოზიციის არაკონსტიტუციურად გამოცხადება და აკრძალვა. დღეს გამართულ ბრიფინგზე კობახიძეს ჰკითხეს, აკრძალვის შემდეგ გაუუქმდებათ თუ არა მანდატები აკრძალული პარტიების სიებით გასულ დეპუტატებს.
„მანდატების გაუქმება შეუძლია მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენი მოქმედი კონსტიტუციის თანახმად. მე ვფიქრობ, პარტიის აკრძალვის ლოგიკური გაგრძელება იქნება მანდატების გაუქმებაც. არ შეიძლება დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის დამნაშავე წევრები სარგებლობდნენ ისეთი სტატუსით, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის წევრი. აქედან გამომდინარე, ეს იქნებოდა ლოგიკური“ — აცხადებს კობახიძე.
მან ასევე დააკონკრეტა, რომ იმ პარტიების ჩამონათვალში, რომელთა აკრძალვასაც აპირებენ “კოლექტიური ნაცმოძრაობის” საბაბით, შედიან:
- ენმ და მის ირგვლივ შექმნილი კოალიცია (“სტრატეგია აღმაშენებელი”, “ევროპული საქართველო”)
- ახალი, გირჩი, დროა – კოალიცია ცვლილებებისთვის
- ლელოს ირგვლივ გაერთიანებული კოალიცია
- გიორგი გახარიას პარტია
მმართველობის 12 წლისთავზე, 26 ოქტომბრის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება მუქარაა ოპოზიციის გაუქმების თაობაზე.
იმ ფონზე, როდესაც თითქმის ყველა კრიტიკოსს ნაციონალობას აბრალებს, თავად “ქართულ ოცნებაში” არაერთი ადამიანი ფიგურირებს, რომელიც ან ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ნაწილი იყო, ან აქტიურად თანამშრომლობდა მასთან. ასეთები არიან სპეცრაზმის უფროსი „ხარება“, ანუ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მუშაობს ძალოვან უწყებებში. ის მონაწილეობდა 2009 წელს მუხროვანის ამბოხთან დაკავშირებულ სპეცოპერაციაში, სადაც იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს მიმართავდა, რომ „ორი გვამი სჭირდება“.
„ნაციონალური მოძრაობის“ სიით შევიდნენ პარლამენტში 2008 და 2012 წლებში გოჩა ენუქიძე და ანზორ ბოლქვაძე, ქართული ოცნების პროპორციული სიიდან ორი პირი, რომლებიც ირაკლი კობახიძემ აჭარისა და რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის დელეგატებად დაასახელა.
„ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ მსხვილი შემომწირველი იყო 2012 წლის ჩათვლით და თანამდებობებსაც იკავებდა წინა ხელისუფლების დროს ნათია თურნავა — „ქართული ოცნების“ მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, ამჟამად კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
ჯერ კიდევ 2012 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო „ოცნების“ დეპუტატი ბექა ოდიშარია, რომელმაც გუშინ განაცხადა, რომ ოპოზიცია დღეს „უხილავი ხელით“ არის მართული. ხოლო „ეს უხილავი ხელი, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ცნობილია, თუ ვის წარმოადგენს, ცდილობს […] ქართულ საზოგადოებას შეფუთული „ნაციონალური მოძრაობა“ შეაჩეჩოს“.
ამ თემაზე წაიკითხეთ: “ოცნება” მანიპულირებს, რომ ოპოზიციის ასაკრძალად საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება