საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Telegram-ის დამფუძნებლის დაკავებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს სამართლებრივი პროცესის ნაწილია და პოლიტიკური საკითხი არ არის.
მაკრონის თქმით, დუროვის დაკავებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება და აღნიშნავს, რომ საფრანგეთი სიტყვის და გამოხატვის ღირებულებების ერთგულია:
„სახელმწიფოში, რომელიც კანონის უზენაესობით იმართება, უფლებები და თავისუფლებები ექცევა საკანონმდებლო ჩარჩოში როგორც სოციალურ მედიებში, ისე რეალურ ცხოვრებებში, რათა დაცული იყოს მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები. კანონის აღსრულება მართლმსაჯულების სისტემის საქმეა, რომელსაც სრული დამოუკიდებლობა აქვს.
Telegram-ის პრეზიდენტის დაკავება ფრანგულ მიწაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოხდა. ეს არ არის პოლიტიკური დისკუსია. გადაწყვეტილება ამ საკითხზე მოსამართლეებმა უნდა მიიღონ“, — წერს ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ზე.
25 აგვისტოს პარიზის აეროპორტში საფრანგეთის პოლიციამ აპლიკაცია Telegram-ის დამფუძნებელი პაველ დუროვი დასაფრენ ბილიკზე იმ დროს დააკავა, როცა მისი კერძო თვითმფრინავი საფრანგეთში დაეშვა.
როგორც BBC წერს, 39 წლის რუსი მილიარდერი Telegram-ის კრიმინალური მიზნებისთვის გამოყენების საქმეზე სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს. კერძოდ, დუროვს ედავებიან, რომ მან არ გადადგა ეფექტიანი ნაბიჯები, რათა პოპულარული მესენჯერი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის აღარ ყოფილიყო გამოყენებული.
როგორც BBC წერს, დუროვი რუსეთში დაიბადა, თუმცა ბოლო წლებში დუბაიში ცხოვრობს. ის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის ორმაგი მოქალაქეა.
Telegram რუსეთში 2018 წელს აიკრძალა მას შემდეგ, რაც დუროვმა რუსეთის ხელისუფლებას უარი უთხრა, მიმოწერის პოპულარული აპლიკაციის მონაცემები მათთვის გადაეცა, თუმცა აკრძალვა 2021 წელს მოიხსნა.
პაველ დუროვმა Telegram 2013 წელს დააფუძნა, რუსეთის კი 2014 წელს დატოვა, როდესაც მის მიერ შექმნილი კიდევ ერთი სოციალური ქსელის VKontakte-ს მონაცემების მიწოდებაზე უთხრა უარი რუსეთის ხელისუფლებას და კომპანიის გაყიდვა მოუხდა.
საფრანგეთში ვიზიტამდე დუროვი აზერბაიჯანის დედაქალაქში იმყოფებოდა ზუსტად იმ დროს, როდესაც იქ ვლადიმერ პუტინიც ჩავიდა. კრემლი ირწმუნება, რომ დუროვსა და პუტინს შორის ბაქოში შეხვედრა არ შემდგარა.
