საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სომხეთში ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ბოლო წლებში სომხეთმა მკვეთრი გეოპოლიტიკური არჩევანი გააკეთა და ევროპისკენ აიღო გეზი, რაც, მისი თქმით, ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ასახავს.
მაკრონის თქმით, 4 მაისს გამართული ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრა, რომელშიც 40-ზე მეტი ლიდერი მონაწილეობდა, საერთოდ ვერ გაიმართებოდა, „თუ სომეხი ლიდერები რუსეთის გავლენის ქვეშ დარჩებოდნენ ან ორაზროვან პოზიციას დაიკავებდნენ მოსკოვის მიმართ“. მისი შეფასებით, სომხეთმა „გეოპოლიტიკური უმრავლესობის“ მიმართულებით გააკეთა არჩევანი, რათა თავი დაეღწია შეზღუდვებისთვის და ევროპასთან დაახლოებულიყო.
2026 წლის 4 მაისს სომხეთის დედაქალაქში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მე-8 სამიტი გაიმართა თემაზე – „მომავლის მშენებლობა: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში“, რომელშიც მონაწილეობის მისაღებად სომხეთს რამდენიმე ათეული ქვეყნის ლიდერი ეწვია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა 2020 წლის ომზე აზერბაიჯანთან და მთიანი ყარაბაღის საკითხზე და აღნიშნა, რომ ეს მძიმე პერიოდი იყო სომხური საზოგადოებისთვის. ამასთან, მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი სომხეთის გვერდით იდგა მაშინ, როცა რუსეთი ასეთ კრიტიკულ მომენტში აქტიურად არ ჩანდა.
მისი თქმით, არსებული გეოპოლიტიკური კონტექსტი აჩვენებს, რომ ქვეყნებისთვის სჯობს, არ იყვნენ ზედმეტად დამოკიდებული რუსეთზე.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, სომხეთში მიმდინარე ცვლილებები საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკვე აშკარა გახდა და “რვა წლის წინ მსგავსი მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრა ქვეყანაში ვერ გაიმართებოდა, რადგან მაშინ სომხეთი აღიქმებოდა, როგორც რუსეთის დე ფაქტო სატელიტი”.
მაკრონმა განსაკუთრებულად გამოყო სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის როლი და აღნიშნა, რომ „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ ქვეყნის კურსი მნიშვნელოვნად შეიცვალა. მისი შეფასებით, ფაშინიანმა ქვეყნის პრიორიტეტებად მშვიდობა და ევროპული ინტეგრაცია აქცია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა სომხეთში მიმდინარე ტრანსფორმაცია უფრო ფართო ევროპულ პროცესებს დაუკავშირა. მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, სომხეთის სტრატეგია, ასევე მოლდოვასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე რეფორმები მიუთითებს იმაზე, რომ ევროპამ ბოლო წლებში აირჩია „გამოფხიზლებისა და ერთიანობის“ გზა.
მაკრონის განცხადებით, ევროპისთვის სტრატეგიული ავტონომიისკენ სწრაფვა სწორედ ამ საერთო კურსის ნაწილია და ევროპული ერთიანობის გაძლიერებას ასახავს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
