„ევოლუშენ ჯორჯიას“ ერთ-ერთი გაფიცული თანამშრომელი გეგმავს, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკეროს. ამის შესახებ დღეს, 19 აგვისტოს, ჟურნალისტებთან საუბარში პროფკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს დაგეგმილი აქცია – გზის გადაკეტვა – აღარ ჩატარდება. „ვთქვით, რომ 20 საათისთვის გზას გადავკეტავდით, თუმცა კომპანიამ გააკეთა განცხადება და კვლავ ცდილობს ამ ჯგუფის გაშავებას. ხელი რომ არ შევუწყოთ [გზას აღარ გადავკეტავთ]“.

„შევეცდებით დაველაპარაკოთ და გადავაფიქრებინოთ გადაწყვეტილება“, – განაცხადა მანვე გაფიცულზე, რომელიც პირის ამოკერვას გეგმავს.

„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს. თანამშრომელთა ნაწილმა დააფუძნა პროფესიული კავშირი „ევო-კავშირი“.

12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. პროფკავშირის ინფორმაციით, გაფიცულია ათასობით თანამშრომელი. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია. მათ პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.

ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან.

გაფიცვის მიზეზების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, წაიკითხეთ სტატია: