კასპის ყოფილი მერი, მანუჩარ მერებაშვილი შეუერთდა ოპოზიციურ კოალიციას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”. ის კასპში კოალიციის ლიდერებთან ერთად შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი აქვს.
“ჩვენ ყველანი ვალდებულები ვართ, ჯერ ვიყოთ საქართველოს სამსახურში, სამშობლოს ვემსახუროთ, ის ინტერესები გავატაროთ და შემდგომ ვიყოთ თითოეული პარტიის ინტერესების გამტარებლები. როცა ადამიანები საუბრობენ იმაზე, რომ ნაბიჯს რომ გადადგამ, რაღაც უხერხულობას ქმნის, ჩემთვის არის მარტივად გადასაწყვეტი – თუ ადამიანს არ გიცხოვრია ისე, რომ რაიმეს შეგრცხვეს შენს განვლილ ცხოვრებაში და დისკომფორტს ეს არ შეგიქმნის, შეგიძლია მიხვიდე ყველგან და გამოხატო შენი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა სჭირდება შენს სამშობლოს […]
დაგარწმუნებთ თითოეულ თქვენგანს, რომ ერთიანობით შეგვიძლია მოვიპოვოთ ის გამარჯვება, რასაც ყველა ელოდება. ჩემი სათქმელიც ის არის, რომ არავითარი კოალიციური მეორე-მესამე ადგილი. ჩვენ გავალთ პირველ ადგილზე”, – განაცხადა მანუჩარ მერებაშვილმა.
მმართველი პარტიის ყოფილი მერის ოპოზიციურ კოალიციაში გადასვლას გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავაც. მისი თქმით, მერებაშვილმა “ისტორიის სწორი მხარე აირჩია”.
“მე დღეს ვესაუბრე მანუჩარს და ძალიან მიხარია, როდესაც ადამიანები ირჩევენ ისტორიის სწორ მხარეს. იმიტომ, რომ ყველას გვესმის – 26 ოქტომბერს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს, რომ ერთიანობით, საერთო ძალებით გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მანუჩარ მერებაშვილი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, სადაც “ქართული ოცნების” სახელით იყრიდა კენჭს, კასპის მერად აირჩიეს. მან ეს თანამდებობა 2020 წელს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მერის პოზიციის დატოვებისას არ განუმარტავს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.