რუსეთის ინტერნეტის მარეგულირებელმა ორგანომ, „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ მესენჯერი „Signal“ დაბლოკა.
უწყების ცნობით, მიზეზი ისაა, რომ მესენჯერმა „კანონმდებლობის მოთხოვნები დაარღვია“, რომელთა შესრულებაც აუცილებელია იმისთვის, რომ სერვისი არ გამოიყენონ „ტერორისტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის“.
„როსკომნადზორის“ განცხადებას წინ უძღოდა მომხმარებლების პოსტები შეფერხებების შესახებ მესენჯერის მუშაობაში.
„Signal“ კომუნიკაციისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო მესენჯერად მიიჩნევა და მისი საშუალებით გადაცემული ინფორმაციის მიღება სპეცსამსახურებს და მობილურ ოპერატორებს უჭირთ. ამასთან ერთად, მესენჯერი, სხვებთან შედარებით, მომხმარებელთა ყველაზე ცოტა ინფორმაციას ინახავს.
