რუსეთის კურსკის ოლქის სუჯანის რაიონის– სადაც მესამე დღეა, საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს– მცხოვრებლები პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიმართავენ.
„მედუზას“ ცნობით, გამოქვეყნებულ მიმართვაში ერთ-ერთი ქალი ამბობს, რომ 6 აგვისტოს მათი რაიონის ტერიტორიაზე „უცხოური ჯარი შევიდა ნატოს ტექნიკით“ და „ქალაქი რამდენიმე საათში ნანგრევებად იქცა“.
„ჩვენი ახლობლები, ქმრები და მეზობლები დონბასს იცავენ. დავკარგეთ მიწა, სახლები, გავურბოდით დაბომბვას, ბევრნი საბუთების გარეშე დავრჩით. დახმარება გვინდა გთხოვოთ, მარტონი დავრჩით. შევეჩვიეთ დაბომბვას. მხარს ვუჭერთ “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას”, ვეხმარებოდით და ვეხმარებით ჩვენს ჯარს. [..] ჩვენი ახლობლები იქ დარჩნენ, ვერ ვუკავშირდებით. გთხოვთ, დაგვეხმარეთ ჩვენი მიწის დაბრუნებაში“, – ამბობს ერთ-ერთი ქალი მიმართვაში.
„გთხოვთ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, უთხარით ხელმძღვანელებს, ვინც ნამდვილ ინფორმაციაზეა პასუხისმგებელი, რომ რეალური ქმედებები აჩვენონ. იმიტომ, რომ ტყუილი [ამა თუ იმ სოფელში უსაფრთხოებაზე] მშვიდობიან მოსახლეობას დაღუპვის წინაშე აყენებს“, – ამბობს ერთ-ერთი კაცი მიმართვაში და გენერალური შტაბის უფროსს, ვალერი გერასიმოვს ტყუილში სდებს ბრალს: „ცოტა ხნის წინ გენერალური შტაბის უფროსმა მოგახსენათ, რომ ვითარება კონტროლის ქვეშაა, მაგრამ დღეისთვის სუჯანის რაიონში დიდი ბრძოლები მიდის“.
მიმართვაში ერთ-ერთი ქალი ჩივის, რომ არავინ გააფრთხილა მოსახლეობა „ნატოს ტექნიკისა“ და უცხოური ჯარის მიახლოებაზე.
დღესვე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქიდან ევაკუირებული პირები 10 000 რუბლს – 300 ლარზე ოდნავ მეტს მიიღებდნენ.
გუშინ, 7 აგვისტოს, კურსკის ოლქში საგანგებო ვითარების რეჟიმი ამოქმედდა.
უკვე მესამე დღეა, რუსეთის ტერიტორიაზე, უკრაინის მოსაზღვრე კურსკის ოლქში, ბრძოლები მიმდინარეობს. გუშინ, 6 აგვისტოს დილით, იქ უკრაინული სამხედრო შენაერთები შევიდნენ.
მოსკოვმა თავდაპირველად შეტევის წარმატებით მოგიერებაზე განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან წაიშალა.
ამ ეტაპზე გადამოწმებული და ოფიციალური ინფორმაცია ნაკლებადაა ხელმისაწვდომი, თუმცა „ნეტგაზეთმა“, სანდო წყაროებზე დაყრდნობით, თავი მოუყარა ამ მომენტისთვის არსებულ ინფორმაციას. ცნობილია, რომ უკრაინელებმა ათეულობით რუსი სამხედრო აიყვანეს ტყვედ და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ობიექტიც დაიკავეს.