„ევოლუშენ ჯორჯია“ მენეჯერებს შორის არსებული მიმოწერის ამსახველ ფოტოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული მასალა რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა და იქ ჩანს, რომ კომპანიის მენეჯერები მათზე დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან.
როგორც „ევოლუშენ ჯორჯია“ აცხადებს, მათთვის გავრცელებული ინფორმაცია მიუღებელია. მათი თქმით, მოკვლევა ჩაატარეს და ინციდენტში მონაწილე პირები კომპანიას ტოვებენ.
„გაცნობებთ, რომ დასრულდა შიდა მოკვლევა რომლის შედეგების გაზიარებამდეც, გვსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე თანამშრომლის მიმოწერას ეხება, კატეგორიულად მიუღებელია და ეწინააღმდეგება „ევოლუშენის“ ქცევის კოდექსსა და ჩვენს საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ, ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ„ ევოლუშენის“ გუნდს.
თანამშრომელთა ნებისმიერ რგოლში დაფიქსირებულ მიუღებელ ქმედებას ვუდგებით მკაცრად, სამართლიანად და ვმოქმედებთ საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად. ამდენად, მზად ვართ, მივიღოთ ყველა დამატებითი ზომა, რათა აღმოვფხვრათ მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკი და სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ საკითხის შემდგომ შესწავლას. კომპანიისთვის მიუღებელი ქმედებების დაფიქსირების შემთხვევაში ვიმოქმედებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და „ევოლუშენის“ ღირებულებების მოთხოვნათა დაცვით.
ამ კონკრეტული გადაწყვეტილების გარდა, ასევე ვიღებთ პროაქტიულ ზომებს კომპანიის თითოეულ თანამშრომელში ჩვენი ღირებულებებისა და სტანდარტების გასაძლიერებლად. მათ შორის, სხვადასხვა სასწავლო პროგრამების გაძლიერებას, რომელიც შექმნილია პოზიტიური და პატივისცემაზე დამყარებული სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია „ევოლუშენ ჯორჯიას“ განცხადებაში.
„ევოლუშენ ჯორჯია“ არის აზარტული თამაშების დისტანციური სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საქართველოში 2017 წელს შემოვიდა. მხოლოდ საქართველოში კომპანიას 8000-მდე თანამშრომელი ჰყავს. თანამშრომელთა ნაწილმა დააფუძნა პროფესიული კავშირი „ევო-კავშირი“. აღნიშნული პროფკავშირის ინფრომაციით, გაფიცვას აპირებდა დასაქმებულთა ნახევარზე მეტი — 5000-მდე ადამიანი. გაფიცულთა მთავარი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია.
12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა. გაფიცულებს, პირველ რიგში, ანაზღაურების ზრდა სურთ. გარდა ამისა, გაფიცვის მონაწილეები ითხოვენ მეტ დროს შესვენებისთვის, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო გარემოს, სამუშაო სივრცეში ჯანსაღი კვების უზრუნველყოფასა და საკვებ ვაუჩერებს, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას, დისკრიმინაციისა და ღირსების შემლახველი დამოკიდებულებებისგან თავისუფალ გარემოს.
ამ უკანასკნელზე საუბარი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელდა სქრინები, სავარაუდოდ, “ევოლუშენ ჯორჯიას” მენეჯმენტის საერთო ჩატიდან, სადაც ისინი თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „მაუწყებელმა“ გაავრცელა.