ახალი ამბები

რ2-ის მართვაში ცვლილების მოთხოვნით რეესტრს რეზო საყევარიშვილმა მიმართა

12 ნოემბერი, 2015 •
რ2-ის მართვაში ცვლილების მოთხოვნით რეესტრს რეზო საყევარიშვილმა მიმართა

საჯარო რეესტრში მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების ასახვისათვის განცხადება თვითონ რევაზ საყევარიშვილმა შეიტანა და არა იმ მხარემ, რომლის საჩივარიც ამ საკითხზე მოსამართლე ურთმელიძემ დააკმაყოფილა – ტელეკომპანია “საქართველომ” და ძმებმა ყარამანიშვილებმა.


მანამდე დღეს, 15:30 საათზე, მას შემდეგ, რაც ურთმელიძის ახალი განჩინების შესახებ გახდა ცნობილი, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დროებითი მმართველები ჯერაც დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი არიან. როგორც გვარამიამ რუსთავი 2-ის ეთერით განაცხადა, შესაბამისად, ტელეკომპანიის ფინანსური მართვა მათ უწევთ. აქ პრობლემურია ის, რომ 16 ნოემბერს კომპანიებმა თვიური საგადასახადო დეკლარაციები უნდა წარადგინონ. გვარამიას თქმით, ეს სწორედ დროებითმა მმართველბმა უნდა გააკეთონ, თუნდაც დისტანციურად:

 

 

“კომპანიის ფინანსური მართვა უწევს იმას, ვისაც ამ ვითარებაში აქვს დაკისრებული საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით. ეს ადამიანები არიან დვალი და საყევარიშვილი. მათ ამის გაკეთება შეუძლიათ დისტანციურად. მათ აქვთ სრული წვდომა ჩვენს საბანკო ანგარიშებთან, მათ აქვთ სრული წვდომა ჩვენს საგადასახდო ბაზებთან. ჩვენ ეს წვდომა არ გაგვაჩნია, ამიტომ ვერც დავეხმარებით, რომც გვინდოდეს. კეთილი ინებონ და თავისი ვალდებულებები შეასრულონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დანაშაულის შემადგენლობას შეიცავს. მე ეს სულაც არ მიხარია, განსაკუთრებით ბატონი დვალის ნაწილში, რადგან ბატონი საყევარიშვილი ზუსტად ვიცი რასაც ფიქრობს და გეგმავს. ბატონი დვალი, მიუხედავად ჩემი მისდამი არაკეთილგანწყობისა, დარწმუნებული ვარ, ღრმა შეცდომაშია შეყვანილი. ეს იძლევა დანაშაულის შემადგენლობას, რადგან არ მოხდება გადასახადის დეკლარირება და მისი გადახდა დროულად. ეს 50 ათას ლარს აღემატება და როგორც კი ამ თანხას სცდება, ეს საგადასახადო დარღვევიდან სისხლის სამართლის დარღვევაში გადადის”, – განაცხადა რუსთავი 2-ის ეთერით გვარამიამ.


პაატა სალიამ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა გვარამიას საპასუხოდ ნეტგაზეთთან საუბარში თქვა, რომ მისი აზრით, რეგისტრირებული მონაცემების შეცვლისათვის საჯარო რეესტრისათვის სწორედ ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს უნდა მიემართა, რადგან მოსამართლემ სწორედ მათი საჩივარი დააკმაყოფილა. სალია ამბობდა, რომ თუ მათი მოპასუხეები რეესტრს არ მიმართავდნენ და გადასახადის დეკლარირებას კომპანია ვერ მოხერხდებოდა, ამით სწორედ მათი პასუიხმსიგებლობის საკითხი დადგებოდა, რადგან სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება არსებობს, რომელშიც წერია – დაუყოვნებლივ აღსრულდეს.


სალიასთან ეს ინტერვიუ ნეტგაზეთმა მანამდე ჩაწერა, ვიდრე ცნობილი გახდებოდა, რომ რეესტრს მონაცემების შეცვლისათვის საყევარიშვილმა მიმართა.


ნეტგაზეთის ინფორმაციით, კომპანიებმა საგადასახადო ორგანოდან მიიღეს დეკლარირების კალენდარი, რომლის მიხედვითაც თვიური გადასახადის დეკლარირების ბოლო ვადა 16 ნოემბერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი